მთავარისიახლეებიკულტურაჯგერაგუნას ფუტკარი ტუჩზე აზის ჭეშმარიტების ღმერთს - რატომ წაუსვეს თაფლი ცოტნე დადიანს...

ჯგერაგუნას ფუტკარი ტუჩზე აზის ჭეშმარიტების ღმერთს – რატომ წაუსვეს თაფლი ცოტნე დადიანს ?

Published on


ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა”

ღმოსავლური მითების თანახმად, ფუტკარი ტუჩზე აზის ჭეშმარიტების ღმერთს და მაშინვე ცნობს ცრუსა და მართალს. ამ  აღმოსავლური რწმენის ანარეკლი გვაქვს ცოტნე დადიანისა და კოხტასთავის შეთქმულების სხვა მონაწილეთა თავგადასავალში მონღოლთა ნოინის კარზე – მათი თაფლით გამოცდა ჭეშმარიტების დადგენის აღმოსავლური წესია ისევე, როგორც წყლით, ზღვის მოქცევით გამოცდაა  კოლხური სიმართლის ნაწილი.

ჯგერაგუნა (წმინდა აგუნა)  ფუტკრის მფარველი ღვთაებაა წარმართული სამეგრელოს ღმერთების პანთეონში.  იგი,   ერთი ვერსიით, არის დამოუკიდებელი, ვიწრო ფუნქციის მატარებელი ღვთაება, მეორე ვერსიით, –  ნაყოფიერების ღმერთის – აგუნას ერთ-ერთი ჰიპოსტასი.

ჯგერაგუნას, ერთი შეხედვით, ვიწრო „სპეციალიზაცია” სინამდვილეში სულაც არ არის ვიწრო – იგი  ღრმა შინაგანი კავშირებით არის გაერთიანებული მეგრელთა ცხოვრების საზრისთან და რწმენა-წარმოდგენებთან სამყაროს მოწყობის, მისი შინაგანი წარმმართველი ძალების შესახებ.

დასაწყისისთვის აღვნიშნავთ, რომ ჯგერაგუნას სახელის ნაწილი  „ჯგერი”, ერთი ვერსიით, კარგს, კეთილს, წმინდას ნიშნავს, იგივე „ჯეგეს”,  მეორე ვერსიით, წარმოადგენს ჯღერის, ნესტრიანის ფონეტიკურ სახესხვაობას. რაც შეეხება აგუნას, ფართო მნიშვნელობით, ეს არის ნაყოფიერების, სიუხვის ღვთაება, იგივე დიონისე, რომელიც თავის მხრივ, მზესთან, ცოცხალთა და არაცოცხალთა ბუნებასთან არის დაკავშირებული.

სხვათაშორის, დიონისე, ბახუსი არის პირველი მეფუტკრე, რომელმაც დაიმორჩილა ველური ბუნების ეს შვილი, ყველაზე თავისუფლებისმოყვარე და თავდაცვის უნარის მქონე მწერი.

დიონისეს ციკლის მითების თანახმად, როდოსის ყვავილოვან ველზე მთვრალი სატირების თანხლებით მავალ დიონისეს წინწილების ხმაზე შემოეხვია უცნობ არსებათა  გუნდი, რომელმაც ღვინოს შერეული თაფლის სურნელით აავსო იქაურობა და წყალში მობანავე შიშველ ნიმფებს შემოეხვია ღრუბლად ისე, რომ სატირებს მათი მალული ჭვრეტის შესაძლებლობა მოუსპო.

გაჯავრებულმა დიონისემ წინწილის ხმიანობით შეიტყუა ისინი მუხის ფუღუროში და ეს ბუნებრივი სკა მიუჩინა სამყოფლოდ. ბუნებრივია, დიონისეს კულტის ქვეყანაში, კოლხეთში მყისვე მიიღეს ფუტკარი და თაფლი, როგორც ღმერთების, ჯგერაგუნა – დიონისეს საჩუქარი.

აქ უნდა ვახსენოთ, რომ მუხა სამეგრელოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ჭექა-ქუხილის ღმერთის კუთვნილი, საკრალური  ხეა, იქნება ის ზევსი, დადი თუ ელია, შესაბამისად, არსებობს პირდაპირი კავშირი მუხას, ელიასა და იელის თაფლს შორის, რომელიც ანტიკურ სამყაროში ცნობილია კოლხური მათრობელა თაფლის (მეგრულად – იბლიშ თოფური – იელის თაფლი)  სახელით და რომელმაც დაბანგა, კისერი მოუგრიხა – „ყვინგ გამკუკვარჩხ” პომპეუსის ლეგიონს კოლხეთში ლაშქრობისას. ამ ისტორიულ ამბავში იკითხება მითოსური პლასტი, რომლის თანახმად, ელიამ იხსნა მისთვის მავედრებელი კოლხები. 

სხვათა შორის, ფუტკრის, ჯგერაგუნას  საკრალურ ძალასთან  არის ადაკავშირებული იელის შტოს, მოგვიანებით, იელის ჯვრის (იბლიშ წკირი, იბლიშ ჯვარი)  დასობაც მეგრელის ყანის თავში  ავი თვალისგან დასაცავად. 

მაგრამ დავუბრუნდეთ ფუტკარსა და მის სიმბოლიკას.

ცნობილია, რომ ყველა ეგვიპტელი ფარაონი ფუტკრის მბრძანებლის ტიტულს ატარებდა. ფუტკარი ქვემო ეგვიპტის ემბლემადაც იყო დაწესებული

ფუტკარი იყო გამოსახული მათ სამეფო რეგალიებზე, სარკოფაგებსა და აკლდამებზე. ცოცხალთა სამყაროში იგი უშიშრობის, სამეფო წესრიგის, შრომისმოყვარეობის სიმბოლო იყო, გარდაცვლილთა სამყაროში – უკვდავებისა, სიმშვიდისა, დაცულობისა, რომელიც ასე სჭირდებათ სულებს. ამიტომ იყო, რომ თაფლი იყო ერთ-ერთი მთავარი საგზალი, რომელსაც გაღმა ნაპირზე, მიღმიერ სამყაროში – გალენ ორთაშა ატანდნენ მიცვალებულებს.

ძველი კოლხური სამარხები სავსეა თაფლიანი ამფორებით, თაფლი მონაწილეობს გარდაცვლილის სხეულის მუმიფიცირებაში, თაფლი ინახავს და იფარავს მიცვალებულს უკეთურთაგან, მპარავებისგან, რადგან სადაც თაფლია, იქ ფუტკარია, ხოლო ფუტკარი თავგანწირვით იცავს მას მინდობილ მიცვალებულებს.

ფარაონებზე რომ არაფერი ვთქვათ, აქედან მოდის ლეგენდა თამარის ცხედრის ჩასვენებაზე თაფლით სავსე კუბოში და სამეგრელოში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ბოლომდე შემორჩენილი ტრადიცია მიცვალებულის თაფლში შენახვისა. სხვათა შორის, ამას უკავშირდება კვიპაროსების სიმრავლე საფლავებზე-  კვიპაროსი, საკმევლის ხე (საკმელიშ ჯა) ფუტკრის ჰიპოსტასია და ისიც საფლავის მცველის, სულის სიმშვიდის მცველის ფუნქციას ატარებს

ფუტკრისა და თაფლის შესახებ არსებული მითებიდან და ლეგენდებიდან, რომელთაც, ალბათ, სხვა დროს დავუბრუნდებით, დღეს უნდა გამოვყოთ აღმოსავლური მითები, რომელთა თანახმად ფუტკარი ტუჩზე აზის ჭეშმარიტების ღმერთს და მაშინვე სცნობს ცრუსა და მართალს. ამ  აღმოსავლური რწმენის ანარეკლი გვაქვს ცოტნე დადიანისა და კოხტასთავის შეთქმულების სხვა მონაწილეთა თავგადასავალში  (უფრო ზუსტად, მონღოლური სასჯელის არსში) მონღოლთა ნოინის კარზე.

მათი თაფლით გამოცდა ჭეშმარიტების დადგენის აღმოსავლური წესია ისევე, როგორც წყლით გამოცდა, ზღვის მიქცევა-მოქცევით გამოცდაა  კულხური სიმართლის ნაწილი (ბრალდებულს ზღვაში ჩასობილ ბოძზე მიაბამდნენ და მოქცევას (მორიას) დაელოდებოდნენ, თუ მოქცევისას ზღვის წყალი თავზე მოადგებოდა და დაახრჩობდა მას, ეს მისი დამნაშავეობის დასტური იყო, ზღვის მბრძანებლის მიერ დამოწმებული.)

სამეგრელოში ახლაც ხშირად გაიგომებთ ფრაზას – „მუჭო სქაშ ნაჩამინაცალო გეუბირბანს ლეჩქვი” (რა ფუტკრის ნაკბენივით აქვს გადმოსიებული ტუჩი), რომელიც მკვეთრად ნეგატიურ ხასიათს ატარებს. ეს ნეგატივი სხვა არაფერია, თუ არა  პროფანირებული ანარეკლი ჭეშმარიტებასთან ფუტკრის კავშირის მითისა –  ფუტკარი არ ნესტრავდა ჭეშმარიტების მღაღადებელ ბაგეს.  

ჯგერაგუნას ნაწყალობევ თაფლთან ერთად ოჯახში (ფანიაში) შემოდიოდა ხვავი და სიწმინდე, მით უფრო, თუ  მუხის – ღმერთების ხის  –  ფუღუროდან იყო გამოღებული, ამიტომ იყო  ჯგერაგუნას ხვამა  (ჯგერაგუნას და მისი სახელობის ლოცვა)  მეგრული წარმართული რიტუალების უცილობელი ნაწილი. 

ამ ლოცვას ასრულებდნენ ამაღლებას, დიასახლისი უთენია დააცხობდა ყვარაბინას –  თაფლიან კვერებს, რომლებსაც ზელდნენ წმინდა ხორბლის ფქვილისგან და არამც და არამც სამჭადე ფქვილისგან (ფეტვი, ჭვავი, ღომი, სიმინდი), რადგან სწამდათ, რომ ფუტკარი მაშინ მჭადივით მსხვრევად ფიჭას გააკეთებდა და თაფლიც ცუდი და უგემური იქნებოდა.

გამომცხვარ კვერებს სკებსა და ბუკებს შემოავლებდნენ ანთებულ სანთლებთან ერთად, შემდეგ კერიასთან დაიჩოქებდნენ და ჯგერაგუნას ფუტკრის გამრავლებასა და თაფლის სიუხვეს შესთხოვდნენ: ,,ჯგერაგუნა, სკან სახელ ხვამელი, ჩქიმ სქალეფი გამიშხუნი, ბრელ ქომიი, ჯგირ თოფურ გაკეთებაფე, ალიან ჩალიანი შორშა ქუგურაი, თენა ჩქიმ სარგებელ ქოი”. ლოცვის შემდეგ კვერებს იქვე შეჭამდნენ.

 მნიშვნელოვანია, რომ ჯგერაგუნას იმ დღეს ციკანსაც დაუკლავდნენ, ციკანს და არა სხვა რამ საკლავს – ესეც ძველი წარმოდგენების ანარეკლი იყო.

ზევსი, რომელიც, პელაზგური  წარმოშობისაა,  პროტობერძნული მითების თანახმად, კრეტის გამოქვაბულში  ღვთაებრივი თხის ამალთეას რძითა და თაფლით გაზარდეს, ძეუსსა და დადი- ელიას  შორის კავშირზე კი უკვე ვილაპარაკეთ. იყო სხვა მიზეზიც – მაისის თაფლი და მაისის ციკანი (ე.წ. ომესური) გამორჩეული,  ბუნების განახლების   ნიშნად მისართმევი ძღვენი იყო ამქვეყნიურ და ზენა დიდებულთათვის. სამეგრელოში გლეხებს ასეთი გადასახადიც ემართათ დადია ბატონებისთვის.

ცალკე საკითხია მეფუტკრეობის კულტურა სამეგრელოში, ეთნოლოგიურ-მითოლოგიური რაკურსით ორმაგად საინტერესოა კლდეზე დაკიდული სკები თავისი ყოფითი და სიმბოლური მნიშვნელობით. მაგრამ ამაზე შემდეგ.

სიახლეები

ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ შანსი არ არის, დაკმაყოფილდეს – მდინარაძე არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე

"ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი. საფუძველი არ არსებობს...

არჩევნების გაყალბების საქმე – ეკა ბესელია პროკურატურას მტკიცებულებებს გადასცემს

არჩევნების გაყალბების საქმე - იურისტი ეკა ბესელია პროკურატურაში გამოკითხვაზე მტკიცებულებებით შეიარაღებული მივიდა. ბესელია მზად არის,...

გაყალბებული და საერთაშორისოდ არაღიარებული არჩევნების მიუხედავად, ოლიგარქმა პრემიერად ისევ კობახიძე წარადგინა

გაყალბებული და საერთაშორისოდ არაღიარებული არჩევნების მიუხედავად, ოლიგარქმა პრემიერად ისევ კობახიძე წარადგინა. "ქართულ ოცნებაში" დღეს პოლიტსაბჭო...

მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებულია ხუთი პირი -საგამოძიებო სამსახური

ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ხუთი პირი დააკავეს....