პოლიტიკოსები და ექსპერტები აქტიურად ეხმაურებიან აშშ-ს სახელმწიფოს დეპარტამენტის განცხადებას, რომელშიც იგი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობა პოლიტიკური გავლენებისგან.

გიორგი ონიანი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე: ,, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც, წესით, ყურად უნდა იღონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. სასამართლო და პროკურატურა არიან პოლიტიკური გავლენების ქვეშ. სახელმწიფომ ეს განცხადება უნდა აღიქვას, პირველ რიგში, ბოლოდროინდელ განცხადებებთან კონტექსტში. გაფრთხილებად უნდა აღიქვას, რომ ეს არის ის აზრი, რომელიც ჩვენს პარტნიორებს, დასავლური სამყაროს ლიდერებს ექმნებათ ქვეყანაზე და თუ ჩვენ გვინდა, რომ გავაგრძელოთ და ვიყოთ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, უნდა შევცვალოთ ჩვენი საქმიანობა. “

ოთო კახიძე, ევროპული საქართველოს წევრი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ განცხადებაში საქართველოს ხელისუფლებისგან დაბეჯითებით მოითხოვს, რომ პროკურატურა არ გამოიყენოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ამავე დროს ხაზგასმულია საარჩევნო რეფორმის აუცილებლობა. ეს ის თემებია, რაზეც ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას
“რაც შეეხება, მეოთხე ტალღის რეფორმა, დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ერთი რაღაც პოზიტივი ჩაეწერათ და 13 ივნისის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ 13 ივნისის განცხადება, როდესაც მათ მოიწონეს მეოთხე ტალღა, იმის შემდეგ, როგორც ჩანს, ქვეყანაში აღარაფერი მომხდარა კარგი, რომ ჩაეწერათ განცხადებაში. მეოთხე ტალღის რეფორმა მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია საკანონმდებლო დონეზე, თუმცა ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ მოსამართლეთა ის სია, რომელიც ზარ-ზეიმით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა”
საპირისპირო მოსაზრება აქვთ საქართველოს მთავრობაში.

კახი კალაძე: “გამოწვევები, რა თქმა უნდა, არსებობს და ყველაფერი საუკეთესო არცერთ განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაშია არ არის. მთავარია იყორომ დადებითად აფასებენ რეფორმას, რომელიც იყო განხორციელებული სასამართლოს მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დადებითად აფასებენ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დემოკრატიის გამტკიცების თვალსაზრისით, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, რაც, რა თქმა უნდა, დასაფასებელია. ისინი რეალურად ხედავენ და აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე დადებით მოვლენებს, შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ”