პარლამენტში შევიდა 2019 წლის საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი, რომელსაც ოპოზიცია სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს.
ამ ცვლილებებით, მთავრობა დამატებით 500 მლნ ლარიან შიდა ვალს იღებს. 2019 წელს 400 მლნ ლარიანი მაღალპროცენტიანი შიდა ვალის აღება ისედაც გათვალისწინებული იყო, ცვლილებებით კი, 400 მლნ ლარს კიდევ 500 მლნ ლარი დაემატება და მხოლოდ წელს აღებული შიდა ვალი 900 მლნ ლარი იქნება.
2012 წელს, ვალი 7,8 მლრდ ლარი იყო. დღეს ვალი 19 მლრდ ლარზე მეტია, რაც გაორმაგებულია და ისე საგანგაშოდ მაღალი, როგორიც არ ყოფილა არც შევარდნაძის დროს, და მით უფრო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში. ცვლილებები კარგად აჩვენებს მენეჯმენტის უუნარობას, რაც ხელისუფლებაშია.
,,განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ეს ვალი ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე დაიხარჯება და არა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე”- აცხადებენ ოპოზიციაში – ეს ცვლილებები აჩვენებს, რომ პრემიერობის კანდიდატმა გახარიამ მაშინ მოატყუა მოსახლეობა, როცა თქვა, რომ ეს მთავრობა არ იღებს ვალებს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აქცენტებს სვამს პრეზიდენტისა და პრემიერის რეზიდენციებს შენახვისათვის გაწეულ და გასაწევ ხარჯებზე, რომელიც ამ ვალიდან უნდა დაიფაროს.
“ხარჯების უდიდესი ნაწილი, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, უკვე გაწეულია და ეს არის უკანონობა. მაგალითად, თბილისის მერიას უკვე აუღია კრედიტი და მის დასაფარად ახლა ბიუჯეტმა უნდა მიცეს ფული. რომ არ დაამტკიცოს პარლამენტმა ბიუჯეტი, მაშინ რას ვაკეთებთ? ასევე დიდი ალბათობით პრეზიდენტის ადმინისტრაციას არავინ მიაშავებდა ახლა ფულს, გამომდინარე იმ საშინელებებიდან, რაც მან გააკეთა, უბრალოდ, ეს ხარჯები იყო უკვე გაწეული და იძულებულია ბიუჯეტით გადაფაროს, ვინაიდან სხვა წყარო მათ არ აქვთ.ზოგადად, ბიუჯეტის შეფასებისას მინდა ვთქვა, რომ ხარჯების უდიდესი ნაწილი უკვე გაწეულია და ბოლოში მისი გადაფარვა მოხდება შიდა ვალის ზრდით. მთავრობა ზრდის შიდა ვალს, რაც კიდევ ერთხელ უარყოფითად აისახება ლარის კურსზე,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, პრემიერი დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს ავლაბრის რეზიდენციის სასახლეში ეს შენობა ქვეყნის პირველი პირისთვის არის განკუთვნილი, ხოლო პრემიერ-მინისტრის იქ გადასვლით, ხარჯებიც დაიზოგება.

„პრეზიდენტის ადმინიატრაცია დღეს არის რისკის შემცველი ორგანო. პრეზიდენტის ორი სასახლე არსებობს ქვეყანაში. ეს არის აბსოლუტური უგუნურება. წელიწადში ერთხელ რომელიღაც სტუმარი შემოვა და გააღებენ ავლაბრის რეზიდენციის კარს. ჯობია, გააქირავონ საქორწინო ან ბანკეტის დარბაზებად და ღამის განათების ფულს მაინც ამოიღებენ. ვის გაუგია ამდენი ფულის ფლანგვა 2 შენობის შესანახად? დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს პრემიერ-მინისტრი ავლაბრის სასახლეში.

ნუ ეშინია ივანიშვილის, კი დაწყევლა ივანიშვილმა ვინც იქ გადავა გათავისუფლდებაო, მაგრამ კეთილი ინებონ და გაუფრთხილდნენ ხალხის სიმდიდრეს და გამოთავისუფლებული ფართი გამოიყენონ როგორც უნდათ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ