ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიზების გარეშე დატოვა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელ კონსტანტინ კოსაჩევი და რამდენიმე სხვა კანონმდებელი, რომელნიც თან უნდა ხლებოდნენ სერგეი ლავროვს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. შესაბამისად, ლავროვს ბორბლებში ჩხირი გაუსვეს – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა, ვიზების გაცემაზე უარის გამო რუსი კანონმდებლები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გამგზავრებას ვერ შეძლებენ.
„საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით, ამერიკულმა მხარემ დელეგაციის რამდეენიმე წევრს, მათ შორის მეც, რომლებიც დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებლად ნიუ-იორკში გამგზავრებას ვაპირებდით, ვიზის გაცემაზე უარი გვითხრა,“ – განაცხადა კოსაჩევმა.

მისივე თქმით, ვიზაზე უარი რუსული დელეგაციის ათმა წევრმა მიიღო. მართალია პირდაპირ ვიზის მიცემაზე მათთვის უარი არ განუცხადებიათ, მაგრამ ფაქტია, რომ არათუ დროზე, აქამდეც არ დაუბრუნებიათ პასპორტები, რომლებიც საელჩოში ჰქონდათ წარდგენილი ვიზის მისაღებად.
„ეს არის აღმაშფოთებელი საქციელი, რომლის არც ახსნა და არც გამართლება არ შეიძლება,“- დასძინა კოსაჩევმა.
გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური სხდომა წელს ნიუ-იორკში, 24-30 სექტემბერს იმართება.