ია კერზაიას მოსაგონარი საღამო ზუგდიდში [Video]

0
2482

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა შემოქმედებითი საღამო მიუძღვნეს ია კერზაიას ხსოვნას. ასე მიაგეს მათ პატივი ადამიანს, რომელიც 12 წლის წინ მათთან ერთად მივიდა სკოლაში, ოღონდ მასწავლებლის რანგში და მთელი ამხნის განმავლობაში (მართალია, ბოლომდე არ დასცალდა ) ასწავლიდა მათ განათლების ფასს, ადამიანური ღირსებისა და მოვალეობის არსს, თუმცა არასოდეს მიუცია ამ სწავლებისთვის მომაბეზრებელი ნოტაციებისა და მშრალი სენტენციების ფორმა. და მაინც, ყველაზე დაუვიწყარი ის გაკვეთილი იყო, რომელიც იამ თავისი გარდაცვალებით დაუტოვა მოსწავლეებს და ეს მის მოსაგონარ საღამოსაც გასდევდა ჩუმ ლაიტმოტივად.

იას არაერთხელ უთქვამს მედიასთან საუბარში, რომ ის თავის მოსწავლეებთან ერთად იზრდებოდა როგორც მასწავლებელი და ადამიანი, მის მასწავლებლებს ამ მოგონების საღამოზეც ეტყობოდათ, რა შეიძლება ისწავლოს მათგან უაღრესად განათლებულმა, მაღალი პროფესიონალიზმის მქონე უფროსმა თაობამ – გულწრფელობა, სიყალბესთან შეუგუებლობა, სიახლის გრძნობა და ღიაობა თვითგამოხატვის განსხვავებული ფორმების მიმართ

იას მოსწავლეებმა საღამო ლექსებსა და სიმღერებზე ააგეს, გამოფენილი იყო ზუგდიდში უკვე საკმაოდ ცნობილი ყმაწვილი ხელოვანის გიგი სიჭინავას ნამუშევრები, პროგრამის საკვანძო ნაწილი იყო ინტელექტუალურ თამაშები. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა ,,ბიბლუსის” ვაუჩერი და სხვა პრიზები.

საღამოს ესწრებოდა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, პოლიტიკოსი სანდრა რულოვსი, რომელმაც ბავშვებს სხვადასხვა პრიზი გადასცა.აქვე დაფუძნდა ია კერზაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდი. ფონდის მიზანია ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა.

დედის მოსწავლეებს მასპინძლობდა ბაჩანა შენგელია, საღამო ჩატარდა შესანიშნავ ატმოფეროში, რომელიც ახალგაზრდებს სასტუმრო ..კრუიზის” ადმინისტრაციამ შეუქმნა

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ფართო საზოგადოება და ოპოზიცია მისი გარდაცვალების მიზეზად მიიჩნევს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას. ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია გეგმავს სტრასბურგს მიმართოს განცხადებით შეისწავლოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ია კერზაიას პოლიტიკური მოტივით დევნის, დამამცირებელ მოპყრობის და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების საქმე.

წინა სტატია27 წლის სალომე მაქაცარია პოლიტიკურ წნეხზე საუბრობს და საზღვარგარეთ თავშესაფარს ითხოვს [Video]
შემდეგი სტატიააქტივისტებმა ბიუსტებს ზუგდიდში თვალები წითელი ლენტით აუხვიეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური