მამუკა ხაზარაძე: ქართული კერა არ უნდა ჩაქრეს. გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება”

0
781

რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს – იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას. 

დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა. ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები. ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ. 

ამიტომ გეგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება.

აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს – დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს.
ქართული კერა არ მოიშლება, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ, საქართველო გაერთიანდება!TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე წერს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების და ძელების მონტაჟი განაახლეს. მათ საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც, ორი ოჯახის – რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს.

გუგუტიანთკარის მკვიდრი, გივი რაზმაძე მზადაა, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისდახმარება მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. თუმცა, როგორც რაზმაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გუგუტიანთკარში სახლს აღარ აიშენებს, რადგან ოკუპანტების მიერ მცოცავი ანექსიის გაგრძელების საფრთხე მუდმივად არსებობს.

„გუგუტიანთკარში მხოლოდ ომის დროს დაზიანებული ეს სახლი გვქონდა დარჩენილი, რომელიც იქით ჰყვება. მიწაც მეტი აღარ გვაქვს და ამიტომ, თუ ვინმე დამხმარე გამოჩნდება, ხაზარაძე იქნება თუ სხვა ვინმე, იქ სახლის აშენებაზე აღარ ვიფიქრებთ და იმ სახლს მივამატებთ, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. 2009 წელს, როცა ამ ტერიტორიაზე ვეღარ შევდიოდით, გუგუთიანთკარში არსებული სახლის სანაცვლოდ კომპენსაცია მოგვცეს – 15 000 დოლარი და გორში, წმინდა წყლის ტერიტორიაზე, ბარაკების დასახლებაში ავიშენეთ სახლი, ამიტომ, თუ დახმარება იქნება, მივიღებთ იმ დახმარებას და მირჩევნია, ამ სახლს მივამატო“, – განაცხადა გივი რაზმაძემ.

შეგახსენებთ, გუგუტიანთკარის მკვიდრს, გივი რაზმაძეს, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა,ოკუპანტებმა რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სახლებიდან ნივთების გასატანად სამდღიანი ვადა მისცეს.

წინა სტატიაბრიტანეთის ელჩი გუგუტიანთკარზე: ,,ეს უნდა შეჩერდეს”
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრა გამართა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური