გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს შეასრულოს აქციის მონაწილეთა მოთხოვნები.მისი თქმით, ხელისუფლება ეთამაშება ცეცხლს, რადგან საზოგადოებაში ძალიან დიდი პროტესტია.
„მძიმე სიტუაციაა ქვეყანაში. ხელისუფლება ეთამაშება ცეცხლს, რადგან ძალიან დიდი პროტესტია საზოგადოებაში, არა მარტო იმ ხალხში ვინც აქციაზე დადის, არამედ მათში, ვინც ტელევიზიით უყურებს და გულშემატკივრობს ამ პროცესს, ასევე ადამიანებში, რომლებსაც ტელევიზორის ყურების საშუალებაც არ აქვთ, ისეთ გაჭირვებასა და უბედურებაში არიან. ყველა ამბობს ერთ რამეს – ასე ცხოვრება აღარ გვინდა, გვინდა, უბრალოდ, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, გვინდა, ვიყოთ ქვეყანაში, სადაც ხვალინდელი დღის იმედი იქნება და სადაც ერთმანეთს ქუჩაში არ ვესვრით, თვალებს არ დავთხრით და ნორმალურად ავაშენებთ სახელმწიფოს, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა.
ამ რეალობას თუ თვალს არ გაუსწორებს ხელისუფლება, აგრესიის დიდი ტალღა წალეკავს. ჩემი რჩევაა, რომ გადატრიალებაზე შეთითხნილი რაღაცა ბინძური საქმეების ნაცვლად, შეასრულეთ მოთხოვნები და დავიწყოთ ყველამ ერთად ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი. დადგა დრო, დავაყენოთ ეს ქვეყანა ფეხზე. ბურთი მათ მხარეს არის, მოედანიც მათ ხელშია, გააკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა მოედანი გამოჩნდება, სხვა მოთამაშეები, სხვა მაყურებლები და აღარავინ შეხედავს არც ივანიშვილს, არც გახარიას და არც მათ გარემოცვას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.