მარიკა კორკელიას სააღდგომო პასკებზე გაზაფხული და განახლების იმედი ყვავილობს

0
908

დახვეწილი და გამორჩეული ვიზუალი, შესანიშნავი გემო – ეს ზუგდიდელი მარიკა კორკელიას საკონდიტრო ნახელავის საფირმო ნიშანია. მის ხელწერას ზუგდიდელები უკვე თვალის ერთი შევლებით ცნობენ, მით უფრო, რომ  განსაკუთრებულ დღესასწაულებზე იგი  უცილობლად სთავაზობს მომხმარებელს  ორიგინალურად, მხატვრულად გაფორმებულ საკონდიტრო ნაწარმს, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად საუკეთესო საჩუქარია მეგობრებისთვის და საკუთარი თავისთვის. 
 
წელს სააღდგომოდ მარიკა კორკელიამ ისეთი სიახლე შემოგვთავაზა, რომ სასურსათო სუპერმარკეტები ლამის სამხატვრო გამოფენებს დაამსგავსა. ყოველი პასქა პატარა ხელოვნების ნიმუშია და სერიული წარმოებისთვის უჩვეულო  ხიბლი ახლავს – ,,მოქარგულ'' პასქებზე  გაზაფხული ყვავილობს იასამნების, ვარდების, ალპური ჩითას, პატარა ფიგურების   სახით და განახლების შეგრძნება მოაქვს.
მარიკა კორკელიას საკონდიტრო ხელოვნებამ ყურადღება არა მხოლდ ზუგდიდში მიიპყრო, მასზე  კარგა ხანია იწერება  თბილისურ მედიაში და   სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტმედიაში, წინამდებარე პუბლიკაცია www.shin.ge – ზეა გამოქვეყნებული. კოლეგების ნებართვით, ,,ოდიში ნიუსი'' უცვლელად გთავაზობთ  მას. 
 
 
მარიკა  კორკელია პროფესიით მხატვარ-დიზაინერია, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა და 10 წელი ზუგდიდის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარ მხატვრად მუშაობდა. თუმცა ბოლო წლებია, სხვა სფეროებში მოსინჯა ძალები და საკმაო წარმატებითაც – მარიკა ქორწილების დიზაინერია, ახალშეუღლებულ წყვილებს ულამაზებს ამ უბედნიერეს დღეს. და კიდევ – საკონდიტრო საქმიანობაში ჩაერთო, ულამაზეს და რაც მთავარია, ნატურალურ და გემრიელ პროდუქტს ქმნის, რითაც რა ხანია, სახელი მოიხვეჭა ზუგდიდსა და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი ყურადღება სწორედ მისი პასკების ორიგინალურმა გაფორმებამ მიიპყრო, შემდეგ კი – ხელოვანი ადამიანის მრავალმხრივმა გატაცებებმა – წერს გამოცემა 
. 
ყველაზე მეტად რა გიტაცებთ – ხატვა, დიზაინერობა თუ კულინარია?
– ხატვა არის ის, რამაც დიზაინამდე მიმიყვანა, კონდიტერიით გატაცებული არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა აქ გენეტიკურმა ფაქტორმა ნამდვილად იმუშავა. დედა ქალაქში ცნობილი კულინარია, განსაკუთრებულ რეცეპტებს ოჯახში ნამდვილად ვფლობდით. როცა საოჯახო ბიზნესის იდეა გაჩნდა, ვიფიქრე, რომ რაღაც ისეთი უნდა მეკეთებინა, რაც შემოქმედებით ამბიციებსაც დააკმაყოფილებდა და მუდმივად განახლებადი და ცოცხალი უნდა ყოფილიყო… კონდიტერიამდე ასე მივედი.
 
– ახლა საკონდიტრო საქმიანობით ხართ ძირითადად დაკავებული თუ დიზაინითაც?
– როცა ზუგდიდში ჩვენებებს ვაკეთებდი 2000 წლიდან, ეს საკმაოდ დიდი სიახლე იყო არა მხოლოდ ჩვენს ქალაქში, ზედმეტად ავანგარდულიც მეჩვენება დღევანდელი გადმოსახედიდან იმ პერიოდისთვის… თბილისიდან ცნობილი ადამიანები ჩამომყავდა, ირმა შარიქაძეს უმუშავია როგორც ფოტოგრაფს, ჩემს მოდელებზე… ამჟამად კი განსაკუთრებული ქორწილების დიზაინით და საოჯახო ბიზნესით ვარ დაკავებული – საკონდიტრო სფეროში
მთავარი ამ სფეროში და ზოგადად ყველაფერში, მე ვფიქრობ, ხარისხია. როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს დიზაინი, როცა გრძელვადიან ინვესტიციაზე გაქვს გათვლა, აუცილებლად პროდუქტი უნდა იყოს მაღალი ხარისხის. რეცეპტები, რომელიც ჩემს საკონდიტროში გამოიყენება, მხოლოდ ნატურალურ პროდუქტების ითვალისწინებს. ისეთი დეტალიც კი, როგორიცაა პასკაში მაგალითად მუსკატის კაკალი, აუცილებლად სახეხზე იხეხება ჩემს საკონდიტროში, აუცილებლად ცოცხალი ლიმონის კანი და არა ხელოვნური ცედრა ემატება და ა.შ.
 
– გეხმარებათ ვინმე?
– მე და ჩემი მეუღლე – ზაზა როგავა ვმუშაობთ ძირიდათადად. ის მაქსიმალურად არის ჩართული ამ პროცესში, მის გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდი ამ ყველაფერს. 
გაფორმებაზე თავად ვზრუნავ – ეს ის ნაწილია, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მომწონს. 
გვყავს ერთი ვაჟიშვილი გიორგი, რომელიც ცხოვრობს თბილისში, მეუღლე და ერთი ვაჟი ჰყავს მას. ჩემი შვილიშვილი გეგა ჩემი საიტის სარეკლამო სახეა, გიორგიც ჩართულია საოოჯახო ბიზნესში და გვეხმარება პროდუქციის რეალიზებაში – უკვე თბილისში.
 
– რაიმე პატარა რჩევებს ხომ არ მისცემთ ჩვენს მკითხველებს, ვინც სახლში ამზადებენ პასკებს?
– პასკის მომზადება მართლა რიტუალური პროცესია, განწყობას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, როცა ასეთი დიდი დღესასწაულის ერთ-ერთ სიმბოლოს ამზადებ. 
პროდუქტები აუცილებლად ნატურალური უნდა იყოს, რძე – თბილი, კარაქი – ნატურალური, სანელებლები სახეხზე უნდა გაიხეხოს, ოთახში, სადაც ცომს ვამზადებთ, მშვიდი გარემო სუფევდეს.
ძალიან მნიშვნელოვანია ღუმელის ხარისხიც, რადგან პასკის ცომი მრავალინგრედიანტიანია, მძიმეცაა და ამიტომ გამოცხობა დროს და სტაბილურად ერთ ტემპერატურას მოითხოვს.
 
– რაც შეეხება ქორწილების გაფორმებას – რა ტენდენციებია ახლა, რა არის ახლა მოდური ქორწილის დიზაინში, რას ითვალისწინებთ და როგორ აფორმებთ ძირითადად?
– ქორწილების გაფორმებისას აუცილებლად ვითვალისწინებ წყვილის სურვილს, მონახაზს ვაკეთებ, თუ რა სურთ, რადგან ეს მათი დღეა, თუმცა ყოველთვის ვთავაზობ ჩემს აზრს და ერთად მივდივართ საბოოლოო ვარიანტამდე. ძალიან მომწონს ღია ცისქვეშ მოწყობილი ქორწილების დიზაინის გაკეთება. რა თქმა უნდა, ეს ბევრად შრომატევადი პროცესია, თუმცა მიღებულ შედეგზე იმდენად ვარ ორიენტირებული, რომ მაქსიმალურად ვიხარჯები შემოქმედებითად.
 
წყარო : www.shin.ge
წინა სტატიანიქოზიდან რუსმა ოკუპანტებმა 2 ადგილობრივი გაიტაცეს
შემდეგი სტატიაჩხოროწყუში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური