ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს, რომელიც მოიცავს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ დაახლოებით 1 600 ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
ეს სანქციების სიის ყველაზე მასშტაბური გაფართოებაა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ.
„ეს არის სანქციების სიის ყველაზე მასშტაბური ერთჯერადი გაფართოება მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო. ევროპა კვლავ ერთიანობას ავლენს“, — აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
მისივე ცნობით, სანქცირებულთა სიაში დამატებული ახალი ფიზიკური და იურიდიული პირების ნახევარზე მეტი რუსული ბალისტიკური რაკეტების საწარმოო ჯაჭვთან არის დაკავშირებული; მისივე თქმით, ეს შეზღუდვები ხელს შეუწყობს მოსკოვის სამხედრო პოტენციალის შემცირებას და შეაფერხებს უკრაინის ომისთვის განკუთვნილი შეიარაღების წარმოებას.