ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ თვითგანრიდება ითხოვა. 9 ოქტომბრის შუამდგომლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ სარჩელის და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი თუ პროცედურული საკითხების განხილვაში მისმა ჩართულობამ, შესაძლოა, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებსა და საზოგადოებაში გააჩინოს გონივრული ეჭვი ამ საქმის მიუკერძოებელ და ობიექტურ გადაწყვეტასთან მიმართებით”.
მანანა კობახიძის განცხადებით, საზოგადოებისათვის ცნობილია ის ფაქტი, რომ წარსულში ის იყო ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს დამფუძნებელი წევრი და თავმჯდომარე. ასევე, მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი.საკონსტიტუციო სასამართლომ საჭიროდ არ მიაჩნია საქმისგან მანანა კობახიძის განრიდების საფუძვლების გარკვევა, “სუბიექტური მიუკერძოებლობის ტესტის საფუძველზე”.ქართული ოცნების სარჩელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 6 ოქტომბერს გადაეცა. სარჩელი შეეხება შემდეგ პოლიტიკურ პარტიებს: “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა”, “ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!”, “ფედერალისტური პარტია”, “გახარია საქართველოსთვის.”
დოკუმენტის თანახმად, ქართული ოცნება აცხადებს, რომ სარჩელში მოხსენიებული პოლიტიკური პარტიები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში “უარყოფენ” საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას.
“კონსტიტუციური სარჩელის ავტორები პოლიტიკური პარტიების საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის თაობაზე არგუმენტაციას ავითარებენ რამდენიმე მიმართულებით: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, რაც გამოიხატა სადავო პოლიტიკური პარტიების ან მათი წევრების მიერ ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფაში, ასევე საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმითა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობებით; საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რაც გამოიხატა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული და 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენებით.” – ნათქვამია განჩინებაში.
2025 წლის 28 ოქტომბერს, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელით, რომელსაც ივანიშვილის სატელიტი პოლიტიკური მოძრაობები ხალხის ძალა და ევროპული სოციალისტები უერთდებიან, 3 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას მოითხოვენ.
რომელ პარტიებს და რატომ (არ) კრძალავს რეჟიმი
მაშინ პაპუაშვილმა მხოლოდ სამი პარტია დაასახელა – ნაციონალური მოძრაობა, ახალი, ლელო და განმარტა, რომ მათთან დაკავშირებული “ერთკაციანი და მცირე პარტიების” არაკონსტიტუციურად გამოცხადება, ამ ეტაპზე, დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, შესაძლოა დადგეს თუ ისინი “პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ”.
2026 წლის 20 აპრილს ასევე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელში ფედერალისტებსაც ამატებენ, 14 სექტემბერს კი, სიას გახარია-საქართველოსთვისაც მიემატა.