სალომე ზურაბიშვილის განცხადებას Bloomberg-თან ინტერვიუში, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა, რომელსაც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა წარმოადგენს და წინ წაწიოს თავისი გაწევრიანების საკითხი კრიტიკული შეფასებები მოყვა.
საქართველოს ყოფილმა ელჩმა დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძის ეს განცხადება საერთაშორისო არენაზე არასასიამოვნო კითხვებს გააჩენს, მათ შორის კომპეტენტურობის თვალსაზრისითაც.
„პრეზიდენტის სურვილი, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი წინ წამოწიოს, მისასალმებელია, მაგრამ რასაც ის ამბობს, ბევრ კითხვას ბადებს. პირველ რიგში, როგორ წარმოუდგენია ქალბატონ პრეზიდენტს, რომ ევროკავშირში დარჩება რაღაც ვაკანსია, რომელიც თავისუფლდება? მეორე, რატომ ჰგონია მას, რომ ევროკავშირი ისევე ან უკეთ უნდა ეპყრობოდეს საქართველოს, რომელსაც ევროკავშირში შესვლა უნდა, ვიდრე დიდ ბრიტანეთს, რომელსაც გამოსვლა უნდა? ბრიტანეთი გახლავთ გაერთიანების უმნიშვნელოვანესი წევრი და მსოფლიოს მეხუთე ზომის ეკონომიკა, სამოცზე მეტი მილიონი მოსახლეობით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ძალასა და პოლიტიკურ პარტნიორს წარმოადგენს და რომლის გასვლაც ევროკავშირს კრიზისის წინაშე აყენებს.
რამდენადაც გული უნდა შეგვტკიოდეს ჩვენს მომავალ კავშირზე ევროპასთან, საქართველო ევროპისთვის უმნიშვნელო პარტნიორია, გნებავთ ეკონომიკური, გნებავთ პოლიტიკური თვალსაზრისით. ასე რომ, ამ ორი რამის ერთმანეთთან დაკავშირება სულ მცირე, გააჩენს კითხვებს, თან არასასიამოვნო კითხვებს, მათ შორის კომპეტენტურობის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენია ევროკავშირში წევრობის კრიტერიუმები საქართველოს პრეზიდენტს და ყოფილ დიპლომატს საფრანგეთში. გარდა ამისა, იმის თქმა, რომ ჩვენ გვიხარია ბრიტანეთის გასვლა და ამით ვისარგებლებთ, დიპლომატიურად უბრალოდ, უტაქტოა“, – განაცხადა ბადრიძემ.
ბრექსიტსა და საქართველოს ევროკავშირში შესვლის საკითხები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არის. – მნიშვნელოვანია, პრეზიდენტს უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებული, სწორი და სტრატეგიულად გათვლილი გზავნილები ჰქონდეს,
განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ბათუ ქუთელიამ
“ძნელია ვიმსჯელოთ, რა იფიქრა, რა იგულისხმა ან რისი თქმა უნდოდა პრეზიდენტს. პირდაპირ კავშირს ბრექსიტსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას შორის, მე ვერ ვხედავ. მეორე საკითხია, რომ „ბრექსიტის“ თემამ ძალიან ბევრი პროცესი დაძრა ევროკავშირში რეფორმირებისა და სტრატეგიული ხედვის შეცვლის კუთხით. ბრიტანეთის გამოყოფის პროცესიც არ გარკვეულა და ახლა მიდის, თუმცა ფაქტი, რომ არის გარკვეული ცვლილებები ევროკავშირის შიდა, ასევე, სამეზობლოსთან ურთიერთობის პოლიტიკაში, ამას გარდა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპონენტის გაძლიერების მხრივ და შეიძლება, ამ ყველაფერს ახალი რეფორმები მოჰყვეს, ბუნებრივია, აფართოებს სივრცეს საქართველოსთვის, უფრო ინტენსიური მოლაპარაკებები აწარმოოს და დააჩქაროს თავისი გაწევრიანება. მაგრამ პირდაპირი კავშირი ბრექსიტსა და საქართველოს გაწევრიანებას შორის, ძალიან ძნელი დასანახია“, – განაცხადა ქუთელიამ.
მანვე აღნიშნა, რომ ბრიტანეთის ურთიერთობა ევროკავშირთან სხვაა, საქართველოსი კი – სხვა, რისი გადატანაც ოპორტუნნისტულ ჭრილში არ შეიძლება.
„ბრიტანეთის და ევროკავშირის ურთიერთობა მათი ურთიერთობაა, ხოლო ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა არის ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა და ამის ოპორტუნისტულ ჭრილში გადატანა არ შეიძლება. გარკვეული ემოციური კონოტაცია შეიძლება არსებობდეს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყნებს ორგანიზაციიდან გასვლა სურთ, არიან ქვეყნები, რომელთაც პირიქით, შესვლა სურთ და შეიძლება, ეს ფასეულობით დისკუსიაში გადავიტანოთ, ე.ი. რომ არსებობს საერთო ფასეულობები. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ისეთ განცხადებებს აკეთებს, იმის ფონზე ულამაზო განცხადებებზე წუწუნი მგონი, არ ღირს, მაგალითად, თუ გავიხსენებთ მის განცხადებებს ომის დაწყებასთან დაკავშირებით და ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს. ამასთან შედარებით ეს განცხადება არაფერია და უხერხულ, მოუხეშავ ფრაზებზე უკმაყოფილების გამოხატვა არ ღირს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში და მნიშვნელოვანია, უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებული, სწორი და სტრატეგიულად გათვლილი გზავნილები ჰქონდეს, გარდა უბრალოდ ემოციური კონოტაციის მქონე განცხადებებისა“, – განაცხადა ქუთელიამ.