ოკუპანტებმა ხურვალეთიდან უკან დაიხიეს. ხელისუფლება მეორე დღეა ცდილობს გაამართლოს თავისი დაგვიანებული რეაქცია რუსი სამხედრო პირების მობილოზაციაზე სოფლის საზღვართან ბორდერიზაციისთვის ნიადაგის მოსამზადებლად და საზოგადოების დაშოშმინება იმით სცადოს,რომ ყველაფერი ლუდა სალიას, ანტისაოკუპაციო მოძრაობის საპატრუო ჯგუფისა და რუსთავის 2 – ის ფანტაზიას მიაწეროს.
მიუხედავად ამისა, ფაქტი ფაქტად რჩება – რუსებმა ნამდვილად მიმართეს ზონდირებას ხურვალეთში, მაგრამ საზოგადოების მწვავე რეაქციისა და კარგად შეჯანჯღარებული ხელისუფლების შემხვედრი ნაბიჯების შემდეგ იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ ჯერ ხურვალეთის მკვიდრის ეზოდან, შემდეგ სოფლის უშუალო მისადგომებიდან.
რაც შეეხება გუშინდელი დღის ერთერთ მთავარ მოქმედ პირს, რომელმაც სამოქალაქო სიფხიზლის მაგალითი უჩვენა ქვეყანას, იგი სოფელ ხურვალეთში, მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელია, ლუდა სალია.
,, მე ვარ თვითმხილველი, რომელმაც დავინახე, როგორ იდგა კბილებამდე შეიარაღებული რამდენიმე რუსი ოკუპანტი ხურვალეთის ერთ-ერთი მცხოვრებლის ეზოში, სახეზე ნიღბები ეკეთათ,- აცხადებს ლუდა სალია მედიასთან საუბარში.
„ახალგაზრდები ჩემთან სოფელში აპირებდნენ მოსვლას და დაბადების დღის გადახდას. მიკავშირდებიან ხოლმე ახალგაზრდები იმისთვის, რომ მოხუცები გაამხიარულონ. დარეკილი ჰქონდათ, მოვდივართო. ჩემ სახლთან რამდენიმე მანქანამ როცა გაიარა, ვიფიქრე, მოვიდნენ და ახალაგებულ კოშკურას ათვალიერებენ-მეთქი. ამ კოშკურასთან 200 მეტრში ვცხოვრობ. დავინახე რამდენიმე ოკუპანტი და შევწუხდი, აფხაზეთის ომი გადავიტანე და საშინელებაა ჩემთვის რუსი ოკუპანტის ნახვა. მას შემდეგ, რაც ისინი ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსული ვნახე, სოციალურ ქსელში დავწერე, მიშველეთ, რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ ხურვალეთის ტერიტორიაზე-მეთქი“, – აცხადებს სალია.
ხელისუფლება კი დაუფარავად ცდილობს ამ ქალბატონს დააკისროს პასუხისმგებლობა ,,ცრუ შეტყობინებისათვის'' , ყოველ შემთხვევაში ეს არაერთხელ გაჟღერდა გუშინ, სანამ ხელისუფლების წარმომადგენლები ,,არკვევდნენ'' რა ხდებოდა ხურვალეთში. რა თქმა უნდა პროვოცირებისგან თავის შეკავებას მოითხოვდნენ ისინი არა რუსი ოკუპანტებისგან, არამედ … ანტისაოკუპაციო მოძრაობისა და რუსთავი2 – ისაგან, რაც უნდა პარადოქსული იყოს ეს.
რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა ამასთან დკაავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და ხურვალეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებს:
„რუსთავი 2ის სახელით, პირდაპირ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაგვაგებინეთ, ბოლობოლო, რა ხდება და მედია როგორ მოიქცეს შექმნილ ვითარებაში.
გვესმის და ვაცნობიერებთ, რომ მოვლენების თვითდინებით გაშუქებით შესაძლოა მაღალი სახელმწიფო ინტერესი დავაზიანოთ. ამიტომ, დავემორჩილებით კომპეტენტური ორგანოების მიერ განსაზღვრულ ჩარჩოებს და დანაწესებს. ასე ხდება ნორმალურ სახელმწიფოებში, ასე იყო 2008 წელს და ასეა სწორი. ან გვითხარით რამე და დაგვიწესეთ მოქმედების ფარგლები, ან მერე ნუ დაგვბრალდება, რომ რაიმე ნეგატიური პროცესების განვითარებას შევუწყვეთ ხელი.
გთხოვთ, გააცნობიეროთ, რომ მედიის მენეჯმენტი კრიზის მენეჯმენტის ნაწილია და არ შეიძლება ამ ფაქტორის ასე უყურადღებოდ და თვითდინებაზე მიშვება. ჟურნალისტი საკუთარ ჟურნალისტურ ინსტიქტს ემორჩილება და შესაძლოა ვერ გააკონტროლოს ან საერთოდაც ვერ გააცნობიეროს სახელმწიფო ინტერესის დაზიანება.
ps მინდა მივმართო ყველას, იქნება ეს მედიის წარმომადგენელი, თუ საზოგადოებრივი აქტივისტი: გთხოვთ, მაქსიმალურად შევეცადოთ და თავი შევიკავოთ, რომ უნებლიედ, პატრიოტული თუ მაღალპროფესიული განზრახვებით, პროცესების იმგვარად განვითარებას არ შევუწყოთ ხელი, რაც ჩვენს ქვეყანას დააზიანებს. მთავრობის უგუნურობა და უსუსურობა ვერ იქნება მერე ინდულგენცია, სამწუხაროდ. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ამ ხელისუფლების საყვარელი სვლაა სხვისთვის ("პროვოკატორები") პრობლემების გადაბრალება. ისიც გვახსოვდეს, რომ ამ ხელისუფლების ღია ნარატივია, რომ ომი ქართველებმა დავიწყეთ. მოკლედ, მოვერიდოთ იმას, რასაც მერე გამართლება ვერ ექნება.“- წერს ნიკა გვარამია ფეისბუკზე
.ანტისაოკუპაციო მოძრაობის ,,ძალა ერთობაშია"' ლიდერი დავით ქაცარავა თანამებრძოლებთან ერთად ხურვალეთის მისადგომებთან გათეული ღამის შემდეგ ისევ ადგილზეა და საუბრობს იმაზე, როგორ შემოვიდნენ სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები და ნახევარი დღის განმავლობაში დაკავებული ქონდათ საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობენ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.
,,რამდენიმე საათის განმავლობაში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არავის უშვებდნენ სოფელ ხურვალეთში, ადგილობრივი მაცხოვრებლების გარდა.
დროის ამ მონაკვეთში ტროლების მეშვეობით განხორციელდა მასირებული მცდელობა დაერწმუნებინათ საზოგადოება იმაში, რომ ქალბატონ ლუდა სალიას მიერ მოწოდებული, ხოლო შემდგომში ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახლდათ დეზინფორმაცია და ტყუილი. ეს ინფორმაცია დაადასტურა პირველ რიგში ბაღის მფლობელმა ქალბატონმა, მოგვიანებით კი მინისტრმა ციხელაშვილმა, ასევე გორის მერმა, რომელმაც გაამართლა რუსების შემოსვლა იმით, რომ ოკუპანტებს თურმე აერიათ გზა.
ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია რუსების გასვლის შესახებ, ხურვალეთის შესასვლელთან მობილიზებულმა საზოგადოებამ მოითხოვა ამ ფაქტის დასადასტურებლად დელეგაციის შესვლა და ბაღების დათვალიერება.
შეთანხმების მიხედვით, ამ ბაღებში შესვლა უნდა მომხდარიყო დილით, 7 დან 9 საათამდე შუალედში.
ცოტა ხნის წინ მოხდა ჩვენი შეხვედრა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან და მოგვთხოვეს შესვლის დრო გადაგვეწია შუადღის 12 საათზე.
ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან და ველოდებით 12 საათს.
ჩვენ წავალთ აქედან მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარი თვალით დავრწმუნდებით იმაში, რომ ოკუპანტებმა დატოვეს ბაღები.
ძალა ერთობაშია!'' – წერს დავით ქაცარავა მოძრაობის ფეისბუქგვერდზე.
დათქმულ დრომდე რამდენიმე წუთი რჩება.