მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,რეზონანსი'': “მიდიან თუ რჩებიან?- რა მინიშნება გააკეთა ივანიშვილმა ე.წ. ამბოხებული დეპუტატების...

,,რეზონანსი”: “მიდიან თუ რჩებიან?- რა მინიშნება გააკეთა ივანიშვილმა ე.წ. ამბოხებული დეპუტატების მისამართით და ვის მიუთითეს ირიბად ღია კარისკენ”

Published on

“მიდიან თუ რჩებიან, რა მინიშნება გააკეთა ივანიშვილმა ე.წ. ამბოხებული დეპუტატების მისამართით და ვის მიუთითეს ირიბად ღია კარისკენ – ესაა კითხვები, რომელიც “ოცნების” სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის წევრების განცხადებების შემდეგ დარჩა. როგორც ჩანს, ეკა ბესელიამ და მისმა მეგობრებმა ივანიშვილისგან მიიღეს მინიშნება, რომ, თუ გუნდის წესებით არ ითამაშებენ და პარტიისთვის გარედან დარტყმას განაგრძობენ, მაშინ მათი ადგილი გუნდში აღარ რჩება. ბესელიამ და მისმა მეგობრებმა დატოვონ თუ არა პარტია, ამის მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე აიღეს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბესელია და მისი თანამოაზრეები ისედაც განწირულები არიან და ისინი იძულებულები არიან პარტიიდან წასვლაზე გადაწყვეტილება თავადვე მიიღონ, რადგანაც მათ ადრე თუ გვიან გუნდის დატოვება მაინც მოუწევთ. მათი აზრით, პარტიაში მხოლოდ ერთი მასპინძელი – ივანიშვილია, რომელიც თავადვე გადაწყვეტს, ვინ სტუმარია, ვინ მასპინძელი და ვინ კიდევ მდგმური”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ივანიშვილის მინიშნება თანაპარტიელებს და “ამბოხებული” დეპუტატების გადაწყვეტილება.
 
“ბიძინა ივანიშვილმა დღეს თქვა, რომ დავასრულოთ საჯარო დისკუსია და შიგნით ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, კარგია, რომ შიგნით ვისაუბროთ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც გარეთ უნდა ესაუბრო ხალხს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ “ქართული ოცნების” ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის წევრებს შორის ღირებულებათა და ფასეულობათა კონფლიქტია. ბესელია ამბობს, რომ დადგა გადაწყვეტილების ეტაპი. ამიტომ მან პირადად, რამდენიმე დღე აიღო იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. “ალბათ, დადგა და მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ღირებულებებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით, ჩვენ ერთ პოზიციაზე ვახერხებთ, რომ დავინახოთ ერთიანი სვლა, თუ ვერა. ეს ეტაპი უკვე დღეს დავინახე, რომ ძალიან ახლოს მოვიდა. ამიტომ, სწორედ იქიდან გამომდინარე, არ მინდა რაიმე ჩვენი ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილის და მისი ძალადობრივი რეჟიმის რეანიმირებას და მის მობრუნებას”, – განაცხადა ბესელიამ, რომლის თქმით, მას არ სურს იმ ძალადობრივ სისტემას მიეცეთ რაიმე შანსი, რომ მოტრიალდეს და ისევ აიღოს ხელში ძალაუფლება”, – აღნიშნავს გამოცემა.
 
 ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი აცხადებს, რომ ივანიშვილმა თავისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ის სისტემის გადარჩენას ცდილობს. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ ყველაფრის ფასად ძალაუფლება შეინარჩუნოს. მისი აზრით ივანიშვილს ორი გამოსავალი ჰქონდა – ან ბაბილონის გოდოლს ბოლომდე ჩასჭიდებოდა ან ვალების გადახდა ბოლომდე დაეწყო. თუმცა მან მევალეების გადაგდება გადაწყვიტა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება სისტემის სასარგებლოდ მიიღო”, – დასძენს გამოცემა.
 
“პოლიტსაბჭოს მიერ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ უკვე ცნობილი იყო ბესელია რასაც იტყოდა. “ოცნების” ელიტამ წითელი ხაზი გადაკვეთა. მათ გვითხრეს, რომ მურუსიძესთან კონტრაქტი გვაქვს დადებული და ქართველი ხალხი არ გვაინტერესებს. გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ, ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” სისტემა გადაიბარა. კოლექტიური მურუსიძის სახით “ნაციონალებთან”, როგორც სისტემასთან, კონტრაქტი გაფორმდა. რა იყო სააკაშვილის რეჟიმი? მარტო სააკაშვილი? სწორედ ეს კოლექტიური მურუსიძე-ჩინჩალაძე და სისტემა იყო, რომელთანაც “ოცნებამ” ამ გადაწყვეტილებებით ხელშეკრულება საბოლოოდ გააფორმა. გამოგვიცხადეს, რომ სავლე იქცა პავლედ და ახლა მურუსიძე-ჩინჩალაძე ჭეშმარიტ რელიგიას ქადაგებენ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
 
“ანალიტიკოსი ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ თავი თვითიზოლაციაში მოიქცია, ქვეყანაში ერთ კაცს ვერ იპოვნიან, რომელიც იტყვის, რომ მურუსიძე პატიოსანი მოსამართლეა. მისი აზრით, ივანიშვილი დილემის წაინაშე იყო და მას სისტემის დაშლა არ შეუძლია – “ის დავალებას იძლევა და ასრულებენ. ცვლილებები რომ დაეწყო, შესაძლოა მოვლენები ხელიდან გაქცეოდა. ეს გზა უპერსპექტივოა. თვითიზოლაციაში იქცევს თავს. მას პარტიაშიც აღარ აქვს ავტორიტეტი. ვიღაცა ფულს და თანამდებობას ელოდება, მას სხვა ბერკეტიც აღარ აქვს. შიგნით ვიღაცას რაღაცა გადაუგდეს, ზოგს კომპრომატებით დაემუქრება და ასე შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას. ასევე უსაფრთხოების სამსახურებს გააძლიერებს, ესაა ახლა მისი მთავარი მიზანი”, – განმარტავს ხუხაშვილი. უფლებადამცველი და პოლიტოლოგი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ ეკა ბესელიას და მის მომხრეებს ივანიშვილმა ჯერჯერობით კორექტულად და ირიბად მიუთითა, რომ თუ მის მიერ დაწესებული წესებით არ ითამაშებენ, მაშინ, მათი ადგილი გუნდში აღარ არის. მუხაშავრია ფიქრობს, რომ ბესელიამ კარგად იცის, თავად თუ არ დატოვებს პარტიას, მაინც გაუშვებენ. ამიტომ, ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს და ის იძულებეულია პარტია საკუთარი სურვილით დატოვოს”, – წერს სტატიის ავტორი.
 
“ქართულ ოცნებას” ახლა უზენაეს სასამართლოში ეს მოსამართლეები უსიკვდილოდ სჭირდება. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ 2020 წლისთვის ესენი აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ და მისი გაყალბება მოუწევთ. ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში ამ სარჩელებს მურუსიძე-ჩინჩალაძე და ის მოსამართლეები უნდა დახვდნენ, რომელთა იმედიც ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში “ოცნება” ხელისუფლებას დაკარგავს. ახლა ივანიშვილს სასწორზე ეს საკითხი უდევს და ამისთვის ყველაფერზე წავა. გასაკვირი აქ არაფერი იქნება, თუ წარმოვიდგენთ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის რაზე შეიძლება “ოცნება” წამსვლელი იყოს. ბესელიას უმრავლესობის უმრავლესობაც რომ გაყვეს, ივანიშვილი მათ ჩამნაცვლებლებს უცბად იპოვის და სრულიად ახალი სახეებით პარტიას შეავსებს. არ მგონია, რომ ივანიშვილისთვის ახლა მისი პარტიიდან წასვლა დაბრკოლება იყოს. ბესელიას ისეთი წონა და ავტორიტეტი არა აქვს, რომ ივანიშვილს ასე ღიად დაუპირისპირდეს. ის ამ ბრძოლას ივანიშვილთან ვერ მოიგებს. მე მეჩვენება, რომ ბესელია თავის კრიტიკას არბილებს”, – დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ლია მუხაშავრია.
 
“მისივე თქმით, სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ ბესელიას პარტიას დაატოვებინებენ. მუხაშავრია ამბობს, რომ ის შეეცადა მოსამართლეების თემა სათავისოდ გამოეყენებინა, თუმცა ახლა მას კარგად ესმის, რომ ან კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს, ან კიდევ ჩათრევას ჩაყოლა სჯობია. უფლებადამცველი ამბობს, რომ ივანიშვილს ამ შემთხვევაში საზოგადოების რეაქცია აღარ აღელვებს, რადგანაც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა სახელმწიფო ბერკეტს გამოიყენებს. მათ შორის ძალოვან სტრუქტურებს და მათი დახმარებით ყველაფრის გაკონტროლებას შეეცდება”, – დასძენს სტატიის ავტორი.

სიახლეები

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებას აუქმებს

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებას აუქმებს, მიზეზი კი კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ელენე მეგრელიშვილის...

ედისონის ცენტრი საქართველოს 5 სხვადასხვა ქალაქში საინფორმაციო შეხვედრების სერიას გამართავს(VIDEO)

ედისონის ცენტრი საქართველოს 5 სხვადასხვა ქალაქში საინფორმაციო შეხვედრების სერიას გამართავს,16 ოქტომბერს საინფორმაციო შეხვედრა გამართება...

პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 9 მსჯავრდებული პირი...

სენაკსა და ზუგდიდში მოქმედებს “ძალოვანთა შტაბი”, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობებს ართმევს-წითლიძემ გვარები დაასახელა

მოქმედებს ე.წ. ძალოვანთა შტაბი, რომელსაც სამხარეო პოლიციის უფროსი ხელმძღვანელობს და რომელიც ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს...