თბილისის მერი სკანდალში ეხვევა – ფული, რომელიც მერიას სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებებისთვის ჰქონდა გამოყოფილი, ქართული ოცნების მხარდამჭერებს ჩაურიცხეს.
კურიერმა დეკემბერში ვაკის გამგეობიდან გადარიცხული თანხების დამდასტურებელი დოკუმენტები მოიპოვა.
პარტია ქართული ოცნებიდან საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ფულის მოპარვის ბრალდებით დაკავებული ბერდია კელენჯერიძის ოჯახს კრიმინალურ ისტორიაზე საუბარი არ სურს.
კელენჯერიძე, მის თანამზრახველ ვახტანგ დემეტრაშვილთან ერთად, პოლიციამ 11 დეკემბერს ნუცუბიძის ქუჩაზე დააპატიმრა.
სანდო წყარო ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან კურიერს უყვება, რომ ფულს აქტივისტები პარტიის ვაკის ოფისიდან სისტემატურად იპარავდნენ და ჯამში, ათასობით ლარია გაუჩინარებული.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ კურიერმა დაადგინა, რომ ივანიშვილის პარტიიდან ფულის მოპარვაში ბრალდებული ბერდია კელენჯერიძე ვაკის საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის, უშანგი კელენჯერიძის, შვილია.
პარტიის ოფისიდან ფულის მოპარვის ამბავს ქართული ოცნება საგულდაგულოდ მალავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინფორმაცია მხოლოდ დაკავებიდან ორი თვის თავზე, მას შემდეგ გაახმაურა, რაც ეთერში შაბათის კურიერის ანონსი გავიდა.
თბილისის მერი ამბობს, რომ ეს გამგებლის, ნოდარ ტურძელაძის, პირადი თანხა იყო. გამგებელი მერის ნათქვამს არ ადასტურებს და ამბობს, რომ თანხა მას არ ეკუთვნოდა.
სანდრო წყარო ქართული ოცნებიდან ამბობს, რომ ეს ფული პარტიის კოორდინატორებისთვის იყო განკუთვნილი. მას შემდეგ, რაც ვაკის ოფისში აღმოჩინეს, რომ ხელფასს ვეღარ მისცემდნენ ადამიანებს, ვინც კარდაკარ დადიოდა და სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდამჭერებს აგროვებდა, ალტერნატიული გეგმა შეიმუშავეს.
კურიერის მიერ მოპოვებული დოკუმენტი ვაკის გამგეობიდან 2018 წლის დეკემბერში ერთჯერად დახმარებების სახით გადარიცხულ თანხებს აღრიცხავს. კურიერმა გადაამოწმა, ვინ არიან ადამიანები, ვისაც გამგეობამ დახმარება მისცა და რა კავშირი აქვთ პარტია ქართულ ოცნებასთან. მათმა ნაწილმა აღიარა, რომ მმართველი პარტიის აგიტატორები არიან.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ მტკიცებულებები, რომელიც საბიუჯეტო თანხების პარტიული აქტივისტებისთვის გადარიცხვას ადასტურებს, გამოძიების დაწყების საფუძველია.
რა რეაგირება ექნება თბილისის მერს და შესაბამის უწყებებს ამ მტკიცებულებების შემდეგ, ჯერ უცნობია. ოპოზიცია გეგმავს, რომ ვაკის გამგებლის წინააღმდეგ განცხადებით პროკურატურას მიმართოს.