პროკურატურამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი საფინანსო დაწესებულებიდან, „თიბისი ბანკიდან“ დოკუმენტაცია ამოიღო.
პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი ოფიციალურად ადასტურებს, რომ , „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა დეტალებს ჯერჯერობით არ ახმაურებენ.
თიბისი ბანკის“ ირგვლივ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
.ამდენი ხნის განმავლობაში „თიბისი ბანკი“ ითვლებოდა ასე ვთქვათ, წმინდა ორგანიზაციად, მაგრამ თურმე არც ისეთი სისუფთავე ყოფილა შიგნით,“ – აცხადებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. მისი თქმით, პროკურატურა აღნიშნულ ბანკში უსაფუძვლოდ არ შევიდოდა და როგორც აუცილებელია უფრო მეტი ინფორმაცია ა მიაწოდოს საზოგადოებას, იმისათვის, რომ ხალხში პანიკა არ გაჩნდეს.
„ პანიკა ბანკისთვის საკმაოდ მძიმე შედეგით შეიძლება დამთავრდეს. ყოველთვის ჯობია მოსახლეობამ კონკრეტულად იცოდეს, რასთან მიმართებაშია გამოძიება დაწყებული – ემუქრება ეს ბანკის სტაბილურობას თუ რაღაც კონკრეტული დანაშაულია. თუ კონკრეტული დანაშაულის გამოძიება ხდება, ეს ერთია და თუ სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე და ფულის გათეთრება ან გადამალვაა, ეს მეორე პრობლემაა. ამას შეიძლება დიდი ამბავი მოჰყვეს და ბანკის სტაბილურობას ხიფათი შეექმნას. ვფიქრობ ამიტომ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს პროკურატურამ, რომ არ ვიმარჩიელოთ,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ქვეყნის პროკურატურა და სასამართლო ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებენ და შესაბამისად, ისინი მისი ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედებენ. ბიძინა ივანიშვილს სურს, ხელში ჩაიგდოს ქვეყნის მსხვილი ბიზნესი და ფინანსურ სისტემაზე სრული კონტროლი განახორციელოს
„ფინანსური სისტემის სრული კონტროლისთვის ბრძოლა დიდი ხანია, მიდის. მრავალი ცვლილება განხორციელდა, მათ შორის საბანკო-საფინანსო სფეროში, მონიტორინგის სამსახურის გარეთ გაყვანა და ა.შ. აგრეთვე, მოსახლეობის სავსებით სამართლიანი გულისწყრომა ბანკებისადმი კიდევ უფრო მეტად იქნა გაღვივებული ბახტაძის ჭარბვალიანობის ფილოსოფიით და საბანკო რეგულირების ამ თემის წამოწევით, ახლა მიაჩნიათ, რომ საზოგადოება მზად არის იმისთვის, რომ დაამყაროს ივანიშვილმა კონტროლი მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებზე და, ფაქტობრივად, გახდეს ერთმმართველი ქვეყნისა.
"ეს ჰგავს, დაახლოებით, იმს სქემას, რაც გააკეთა პუტინმა. ვინმეს მოსწონს თუ არა მამუკა ხაზარაძე, ან ალერგია აქვს თუ არა ბანკებზე, დღეს ეს არის მეორე ხარისხოვანი. დღეს საკითხი დგას სხვანაირად, იქნება თუ არა ქვეყანაში დემოკრატია და იქნება თუ არა ქვეყანაში დიქტატურა, ჩაიგდებს ფინანსურ სისტემას მთლიანად ხელში, მაშინ მთლიანად დამყარებს კონტროლის საქართველოს ცხოვრების ყველა სფეროზე,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.