ია კერზაიას და ბაჩანა შენგელიას დედაშვილობა: ,, შეხების და მოფერების საშუალება მომცეს, ბედნიერი ვარ”

0
486

,,სამსაათიანი ოპერაცია კარგად დასრულდა, ანევრიზმა დახურულია! მთავარი წინ გვაქვს – ორგანიზმმა უნდა გაუძლოს და არ განვითარდეს გვერდითი მოვლენები .მართვით სუნთქვაზე ვრჩებით და ვიბრძვით სიცოცხლისთვის მე და იაკო''

,,ოპერაციის მერე დღეს მესამე სტაბილური დღე გვქონდა. რამდენიმე ასეთი გვჭირდება. შეხების და მოფერების საშუალება მომცეს, ბედნიერი ვარ''  –  ეს გულისშემძვრელი ჩანაწერები განსაცდელში ჩავარდნილი ია კერზაიას შვილის ბაჩანა შენგელიას პირადი  ფეისბუქგვერდიდან არის, თუმცა საკითხავია, რამდენად შეეხება  დედაშვილობის ეს  ტკივილი ხალხისგან განსხვავებით უსამართლო სახელმწიფო მანქანას, რომელმაც ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი პოლიტიკური დევნის ობიექტად აქცია.
 
ბაჩანა შენგელია, იმ კონკრეტულ პირების დასჯას მოითხოვს, ვინც ია კერზაიაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენდა. 
 
„ვინაიდან სახეზე გვაქვს უკვე დასრულებული დანაშაული მათი მხრიდან, განათლების სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირველი პირიდან დაწყებული რამდენიმე პირის მიერ ჩადენილი დანაშაული, დასრულებული დანაშაული, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება და ადამიანის დისკრიმინაციული ნიშნით დევნა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რამაც ეს შედეგი მოგვიტანა და აუცილებლად დავაყენებთ მათი პასუხისმგებლობის და მათ მიმართ, ასე ვთქვათ, ბრალის წარდგენის ყველა საფუძველს. წარვადგენთ ყველანაირ დოკუმენტაციას და მოვითხოვთ, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ უმკაცრესად, ვინაიდან მიიღეს ამ ერთ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა,“ – აცხადებს ბაჩანა შენგელია.
 
თუმცა მას შემდეგ, რაც ბაჩანა შენგელიამ პირველი ასეთი განცხადება გააკეთა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ია კერზაია თავს ჯანმრთელად გრძნობდა, სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია   დღემდე, როცა  იგი თავისი საყვარელი სკოლის ნაცვლად კლინიკაში აღმოჩნდა. 
 
 
ის, თუ რა ხდებოდა ია კერზაიას გარშემო, სანამ მოვლენები კიდევ უფრო მძაფერად განვითარდებოდა და ყველასათვის პატივსაცემი ამ ქალბატონის ჯანმრთელობას შეიწირავდა, ბაჩანა შენგელიამ საზოგადოებას ამცნო ფეისბუქჩანაწერში , რომელსაც ,,გამოცხადებული პოლიტიკური ანგარიშსწორების ქრონიკა'' უწოდა.
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო Ministry of Education (სრულად ვერ გიპოვეთ) 8 ნოემბრის ბრძანებით, რომელიც გაგიკვირდებათ და იმავე დღეს შეტანილი ანონიმური წერილის (რომელიც სინამდვილეში არ არის ანონიმური და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ) საფუძველზეა გამოცემული, 9 ნოემბერს, თბილისიდან ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში გამოიგზავნა განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის ორი თანამშრომელი, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში, დილის 9 საათიდან ღამის 9 საათამდე ახორციელებდნენ შემოწმებას. სინამდვილეში ეს არ იყო შემოწმება, არამედ იყო ჩვეულებრივი რეპრესია, ვინაიდან პარალიზებული იყო სასწავლო პროცესი, მიმდინარეობდა პედაგოგების და სკოლაში დასაქმებული თანამშრომლების დაკითხვა(!). დიახ დაკითხვა, ,,დასაკითხ პირებს’’ აფრთხილებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მუხლით ( ამ დროს ნებისმიერმა დამწყებდა იურისტმა იცის, რომ ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტის მიერ სამსახურებრივი შემოწმება არ ნიშნავს მართლმსაჯულების განხორციელებას). ერთი სრული დღე მხოლოდ სკოლის დამლაგებლების დაკითხვას დაეთმო. დაკითხვის მეთოდები იყო მაქსიმალურად ხისტი და მათ მოახერხეს ეს ე.წ. ინსპექტირების პერიოდი წარმოუდგენელი წნეხის და სტრესის ქვეშ ჰყოლოდათ მთელი სკოლა და რაც მთავარია სკოლის დირექტორი.
 
რატომ ხდება ეს ყველაფერი?
 
ქალაქ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი – Ia Kerzaia არის დედაჩემი, რომელიც მიუხედავად არაერთი ,,შეთავაზებისა’’ არ გახდა ქართული ოცნების აქტივისტი, არჩევნების წინ არ გადასცემს მათ ე.წ. მომხრეების სიას და მათივე ცნობიერებით არ არის ,,მათიანი’’. ამ დროს ის არ არ არის არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების აქტივისტი. არასოდეს, არც ერთი ფორმით არ გამოუხატავს თავისი პოლიტიკური სიმპათია ან ანტიპათია (ჩემგან განსხვავებით). შეგიძლიათ ნახოთ მისი ფესბუქ-გვერდი, ჰკითხოთ მასწავლებლებს, მოსწავლეებს ან მათ მშობლებს. ის კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას და ზეწოლის მიუხედავად, არ არღვევს პედაგოგიურ ეთიკას, არ ეწევა აგიტაციას არავის სასარგებლოდ. მისი დირექტორობის პერიოდში მოსწავლეთა რაოდენობა სკოლაში მობილობის გზით გაიზარდა ორჯერ, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, სკოლის მოსწავლეებს აქვთ მნიშვნელოვანი მიღწევები სპორტის და ხელოვნების სფეროში.
გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია და მოვლენების განვითარების დინამიკა (8-ში ანონიმური წერილი, იმავე დღეს მინისტრის ბრძანება და მეორე დღეს უკვე ზემოთ აღწერილი მოვლენების დაწყება) გვაძლევს მაღალი ალბათობით ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ეს ,,რეიდი’’ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების აქტი, რომელიც მიმართულია რეგიონის სკოლების და მათი დირექტორების დასაშინებლად, მათთვის ,,ჭკუის სასაწავლებლად’’ და მესიჯად, რომ ასე მოუვა ყველას ვინც ოცნებასთან არ არის. ვისი დაგეგმილია ეს აქტი, ამის მიხვედრა არ გაუჭირდება არავის, ვინც ადევნებს თვალს სამეგრელოში მიმდინარე მოვლენებს. საბოლოო მიზნად კი ეს ყველაფერი ითვალისწინებს მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას. დაზუსტებული ინფორმაციით ერთ-ერთ თათბირზე გადაწყდა, რომ სიტუაციის დასალაგებლად ზუგდიდის რაიონში ერთი დირექტორი უნდა ,,გაწირონ“.
 
 
რა გეგმები გვაქვს?
 
რა თქმა უნდა ყველა სამართლებრივ გზას მივმართავთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ, ამ ძალიან უთანასწორო ბრძოლაში. პირადად მე დავიცავ იას ინტერესებს როგორც იურისტი. ჩვენ მხარეს მთავარია იარაღი – სიმართლე, კეთილსინდისიერება და გაკეთებული საქმეებია. მთელმა ზუგდიდმა ძალიან კარგად იცის ია კერზაიას ავტორიტეტი, კარგად იცის, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენდა არასდროს. არის პრინციპული, საქმიანი და განათლებაზე ორიენტირებული ადამიანი. მთელი შეგნებული ცხოვრება ემსახურა პედაგოგიურ საქმიანობას და აუცილებლად გააგრძელებს ამას მომავალში. მე-6 საჯარო სკოლაში არის უმაგრესი გუნდი, რომელმაც ღირსეულად გაუძლო ამ ერთკვირიან, უპრეცედენტო (ბოლოს, რამდენიმე წლის ამასთან მიახლოებულ ,,ინსპექტირებას’’ სამეგრელოს რეგიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლება მოჰყვა) წნეხს, ღირსეულად და პროფესიონალურად გასცა პასუხი ყველა შეკითხვას. 
მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს ქალბატონ Nino Lomjaria-ს, გთხოვთ, აიყვანოთ საქმე პირად კონტროლზე, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება აღნიშნულ საქმეს. ეს არ არის ერთი კონკრეტული სკოლის ან დირექტორის ისტორია, ეს არის ძალიან თვალსაჩინო მაგალითი თუ რა ხდება განათლების სისტემაში, არჩევნების წინა დღეებში, დღისით, მზისით. ამ საქმეში თქვენი მხარდაჭერა რეალურად ნიშნავს სხვა მსგავსი ქეისებისგან პრევენციას, რადგან მთელი რეგიონის საჯარო სკოლები სუნთქვაშეკრული აკვირდებიან ამ კონკრეტულ პროცესს.
 
Ia Kerzaia ჩვენ ვბრძოლებთ ბოლომდე და აუცილებლად გავიმარჯებთ'' – წერს ბაჩანა შენგელია.
 
წინა სტატიაარჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე – ცენტრ ,,ემპათიას” მიერ მომზადებული სარჩელის განხილვას სტრასბურგის სასამართლო დაჩქარებული წესით დაიწყებს.
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონია შესაძლოა, სამ ლოკაციაზე გაიმართოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური