ხელისუფლების მიერ მეორე ტურის წინ დაანონსებული პროგრამები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს,- ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის მიხედვით, „2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მასშტაბური სახე მიიღო საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დაპირებებმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა დააანონსეს ახალი პროექტები, რომლებიც მიზნად კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს“.
„სამართლიანი არჩევნების“ კვლევის მიხედვით, ახალი პროექტების დაპირებები, რომელთა შესახებ არჩევნების პირველ ტურამდე ცნობილი არ ყოფილა, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს ინიციატივები არჩევნების პირველი ტურის შედეგებს უკავშირდება და მათი მიზანი არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებაა.
„ჩნდება განცდა, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტია – „ქართული ოცნება“, რომელსაც ხელი მიუწვდება ყველა სახის ადმინისტრაციულ რესურსზე, ცდილობს მისი მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვების შანსი ფინანსური და აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით გაზარდოს. ამ ფონზე, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და ზღვარი მმართველ პარტიასა და ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას შორის ფაქტობრივად აღარ არსებობს“,- ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოქვეყნების შემდგომ, რამდენიმე პროგრამა დაფინანსდა, რომლის ჩამონათვალსაც „სამართლიანი არჩევნები“ მავრცელებს.
„სამხედრო მოსამსახურეებს, სასაზღვრო პოლიციისა და სანაპირო დაცვის შემადგენლობას ხელფასები გაეზრდებათ: 8 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019-2020 წლებში 7526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება. 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ ასევე შსს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, რაც დაახლოებით 2900 ადამიანია. 1-ელი იანვრიდან იგეგმება ხელფასის ზრდა სხვა დანაყოფებისთვისაც, მათ შორის სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვისაც სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ: ნოემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით, 2019-2021 წლებში, ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1800 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარს და მეტს. მასწავლებლებს, რომლებიც სტატუსს იუმჯობესებენ დანამატი გაეზრდებათ:
ამჟამად უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირები 320-ლარიან დანამატს იღებენ, ხოლო მომავალი წლის ბიუჯეტით თანხა 150 ლარით გაიზრდება. დანამატის ზრდა 2020-2021 სასწავლო წელსაც იგეგმება. სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, რომლებშიც ბავშვები იზრდებიან, ხუთჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ:
2 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, რომლებშიც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყოფა.
სოციალურად დაუცველ პირებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარება შეუნარჩუნდებათ:
2 ნოემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ უმოკლეს ვადებში იგეგმება დადგენილების შემუშავება, რომლის თანახმადაც, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ფულადი სოციალური დახმარება, მეორე წლის განმავლობაში კი არაფულადი პრივილეგიები, რომლითაც სოციალურად დაუცველები სარგებლობენ.
2020 წლისთვის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდება:
მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2013 წლიდან დღემდე 1634 სამხედრო პირის ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოხდა, დარჩენილი 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დაწყებისთვის მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდება ცენტრალური და თავდაცვის უწყებების ბიუჯეტებიდან თანხების მობილიზება.
ტყიბულელი მეშახტეები ხელფასებს ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ:16 ივლისს ტყიბულში აფეთქებისა და 5 მუშის გარდაცვალების შემდეგ მინდელის სახელობის შახტი გამოძიების დასრულებამდე და ექსპერტიზის ჩატარებამდე დაიხურა. მაშინ მეშახტეებს პრემიერ-მინისტრმა განუცხადა, რომ დასაქმებულები ანაზღაურებას ჩვეულ რეჟიმში მიიღებდნენ. 2 ნოემბერს, როგორც თავად ამბობენ, მეშახტეებს შახტის მმართველი კომპანიის „საქნახშირის“ ხელმძღვანელებმა აცნობეს, რომ საწარმოო პროცესის შეწყვეტის გამო ხელფასს ვეღარ გადაუხდიან, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
იმავე დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ მეშახტეები ექსპერტიზის დასრულებამდე ხელფასს ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ.
წყალტუბოსა და ზუგდიდში დევნილთათვის 9 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება:
1 ნოემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ წყალტუბოსა და ზუგდიდში იგეგმება 9 კორპუსის მშენებლობა 780 დევნილი ოჯახისთვის. პროექტის ფარგლებში, ყველა ბინაში დამონტაჟდება წყლისა და გაზის გამათბობლები, მოეწყობა გარე ინფრასტრუქტურა, სკვერები, მოსასვენებელი ადგილები და ბავშვთა გასართობი მოედნები. ასევე, დაგეგმილია საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზების და ავტოსადგომების მოწყობა
თელავში, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინები მოსახლეობას დაუკანონდება: 3 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თელავში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ე.წ. „ლეგონის” ბინები იქ მცხოვრებ ადამიანებს უახლოეს პერიოდში საკუთრებაში გადაეცემათ. ტელეკომპანია იმედის ცნობით, დაგეგმილია საკითხის მთავრობის სხდომაზე გატანაც, რის შემდეგაც ბინებს მოსახლეობას ეტაპობრივად გადასცემენ.
რუსთავში 350-მდე მაცხოვრებელს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცემათ:
რუსთავში მე-6 და მე-11 მიკრო რაიონების საერთო საცხოვრებლის მობინადრეებს ბინები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემათ. 5 ნოემბერს, რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და ქონების გადაცემის დეტალებზე ესაუბრნენ.
სამეგრელოს გაზიფიცირება სრულად 2 წელიწადში დასრულდება:
8 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ სამეგრელოს რეგიონში სტუმრობისას განაცხადა, რომ სამეგრელო ორ წელიწადში სრულად იქნება გაზიფიცირებული
ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამების არსებობა, თუმცა მსგავსი პროგრამები ერთიანი გააზრებული სოციალური პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს. არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის პეროდში ახალი ინიციატივების ინტენსივობა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს მთავრობის და ცალკეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ზემოჩამოთვლილი პროექტები საჯარო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების ნაცვლად საარჩევნო ხმების მიღებაზეა ორიენტირებული და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს კონკურენტთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების მიზანს ემსახურება.
ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით მკაცრად არის დაგმობილი. არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო თუ რეგიონული ინსტრუმენტი მიუთითებს, რომ ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ არ უნდა გამოიყენოს სახელმწიფო ბიუჯეტი ან სხვა რესურსი არჩევნებზე უპირატესობის მოპოვების მიზნით.
ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის 5.4. პარაგრაფი ავალდებულებს სახელმწიფოებს შეინარჩუნონ მკაფიო ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის, კერძოდ, პოლიტიკური პარტია არ უნდა იყოს გაიგივებული სახელმწიფოსთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ადგილობრივ თვითმმართველობებს, თავი შეიკავონ საბიუჯეტო სახსრების იმგვარად განკარგვისგან, რომლებიც შესაძლოა საარჩევნო მიზნებისთვის რესურსების გამოყენებად იყოს აღქმული და ყველა ძალისხმევა სახელმწიფოს გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების პრიორიტეტებისკენ მიმართონ“,- ნათქვამია განცხადებაში.
3