გია ხუხაშვილი – კახა კალაძის განცხადება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური მკვლელობის ტოლფასია

0
437
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებთ, სალომე ზურაბიშვილის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ მან არჩევნების მეორე ტურზე კანდიდატურა მოხსნას. ხუხაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ კანდიდატურის მოხსნით ემუქრება.„ჭორაობას ვერ დავიწყებ, თუმცა, რამდენადაც მე მას ვიცნობ, კანდიდატურის მოხსნა სრულიად შესაძლებელია, მისი ხასიათიდან გამომდინარე. პრინციპში პოლიტიკური პრაგმატიკიდან გამომდინარეც, რადგან ყოველდღიურად შანსები მცირდება. იგივე ნარატივშია „ქართული ოცნება“ – მგლის მოსვლის შიშზე უნდათ საარჩევნო კამპანია ააგონ, არაფერს ცვლიან. თითქოს ერთი მხრივ, ამბობენ, რომ მოსახლეობისგან გზავნილი მიიღეს, მაგრამ მეორე მხრივ, არაადეკვატურად იგივე ნარატივშია. „ქართულ ოცნებას“ დღეს ხომ სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობა“ არ ამარცხებს, „ქართულ ოცნებას“ „ქართული ოცნება“ ამარცხებს. შიგნით ჩაბუდებული ამპარტავნება და სიბრიყვე ამარცხებს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.პოლიტოლოგის თქმით, მას თანაგრძნობის განცდა გაუჩნდა სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ხუხაშვილი ასევე, გამოეხმაურა პარტიის გენერალური მდივნის განცხადებას, და განმარტა, რომ კახა კალაძის განცხადება კანდიდატის პოლიტიკური მკვლელობის ტოლფასია.„სიმართლე გითხრათ, ადამიანურად სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამიჩნდა თანაგრძნობის განცდა, რადგან ის მართლა ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დაუმსახურებლად, მე ვიტყოდი. რაც შეეხება ამ განცხადებებს, ჩემთვის ეს ძალიან უცნაური იყო. როდესაც პარტიის გენერალური მდივანი ასეთ განცხადებას აკეთებს, თუ მას არ ესმის, ამით რას შვება, ეს ერთი უბედურებაა, თუ ესმის და მაინც ამას ამბობს, ფაქტობრივად, თავისივე კანდიდატის საბოლოო ჩაძირვას უწყობს ხელს. როდესაც მეორე ტურის წინ, პარტიის გენერალური მდივანი, ფაქტობრივად, რომლის ექსკლუზიური მხარდაჭერითაც უნდა მიიღოს მონაწილეობა კანდიდატმა, ამბობს, რომ შეცდომა იყო მისი წარდგენა. ეს არის ფაქტობრივად, კანდიდატის პოლიტიკური მკვლელობის ტოლფასი. ჩემთვის სიმართლე გითხრათ, ძალიან უცნაური იყო ამის მოსმენა“, – განაცხადა ხუხაშვილმა.ამასთან, მეორე ტურზე საუბრისას გია ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძეს არა მხოლოდ არითმეტიკული, არამედ ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვს.მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მეორე ტურში, მაღალი ალბათობით უარესი შედეგი ექნება.
„გრიგოლ ვაშაძეს აქვს უპირატესობა არა მხოლოდ არითმეტიკულად, მარტო „ევროპული საქართველოს“ ელექტორატი რომ ავიღოთ, მას აქვს სერიოზული ფსიქოლოგიური უპირატესობა. შესაბამისად, მისი ამომრჩეველი მაქსიმალურად მობილიზებული იქნება მეორე ტურის დროს გამარჯვების მოლოდინში. მაშინ, როდესაც მეორე მხარეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შანსები იკლებს. ეს ადმინისტრაციული რესურსი ვინ არის? მათი საკმაოდ დიდი ნაწილი არიან მედროვეები, რომლებიც ცვლილებების საფრთხის წინაშე დაიწყებენ სარეზერვო აეროპორტების ძებნას. ასე რომ, მიუხედავად შესაძლო ძალისხმევისა, მეორე ტურში „ქართული ოცნების“ შედეგი მაღალი ალბათობით უფრო უარესი იქნება, ვიდრე პირველ ტურში იყო. ეს არის მოცემულობა, ძალიან მძიმე მოცემულობა, მათ შორის, ჩემთვისაც ძალიან არასასიამოვნო. ასეთია რეალობა, მე არ მაქვს უფლება არ ვთქვა თუნდაც მწარე სიმართლე“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
წინა სტატიაგიორგი ვაშაძე: „აგონიაში მყოფი ქართული ოცნება პირდაპირ პროვოკაციებზე და ძალადობაზე მიდის“
შემდეგი სტატია2 დღიანი დუმილის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს შეახვედრეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური