ბოლნისში სიტუაცია იძაბება. ქართული ოცნების მხარდამჭერები ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადადიან

0
403
 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის #43-ე საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრსა და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. როგორც დამკვირვებელი აცხადებდა, სამაგიდო სიასთან მჯდომმა რეგისტრატორმა საარჩევნო ბიულეტენი შეკვრიდან მოხსნისას დააზიანა.
 
ადგილზე ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რუსუდან ქურდიანი იმყოფებოდა. მისი განცხადებით, დაზიანებული ბიულეტენი ჩამოიჭრა და გვერდზე გადაიდო.
 
,,დიახ იყო შემთხვევა, როდესაც რეგისტრატორს შემთხვევით დაუზიანდა ბიულეტენი. კომისიამ შენიშნა ეს ფაქტი, დაზიანებული ბიულეტენი გვერდზე გადაიდო, რაზეც ერთ-ერთმა დამკვირვებელმა არ ვიცი რატომ ხმაური ატეხა და ამას მოყვა საარჩევნო პროცესის მცირე ხნით შეფერხება, ამ დროისთვის, ხმის მიცემის პროცესი სრულად აღდგენილია და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს“, – განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსუდან ქურდიანმა..
 
ორგანიზაცია „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ ინფორმაციით, მარნეულში, სოფელ იმირში 59-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
 
ორგანიზაციის დამკვირვებლის ჯეიხუნ კარაევის თქმით, იმირში გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელს, ფიქრათ კარაევს ფიზიკურად გაუსწორდა ხალადი ჰუსეინოვი, რომელიც "ქართული ოცნების" წევრია. მისივე ინფორმაციით, სიტუაცია პოლიციის მისვლის შემდეგ განიმუხტა.
 
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა ნავერიანის თქმით, მომხდარი პროვოცირებულია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან.
 
„ეს ჩხუბი გამოწვეულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ. რამდენიმე ჯგუფი დადის და რომელ უბანზეც მიდიან, ყველგან ინციდენტი ხდება“, – განაცხადა მამუკა ნავერიანმა. 
 
ბოლნისის 54-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ამის ინიციატორი ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" იმრან გასუმოვი იყო,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
 
ნადირაშვილის ინფორმაციით,  ბოლნისდში  "ქართული ოცნების" დეპუტატი თავს "ევროპული საქართველოს" კოორდინატორს დაესხა.
 
"ბოლნისში 54-ე უბანზე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. ამ დაპირისპირების ინიციატორი იყო ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" იმრან გასუმოვი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა ჩვენს კოორდინატორს სენან ხალილოვს. ადგილზე გამოძახებულია პოლიცია, მოვითხოვთ პოლიციისგან, რომ ამ ფაქტზე სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება, რათა არ იყოს უმართავი პროცესები და არჩევნები მიმდინარეობდეს დემოკრატიული ჩარჩოს ფარგლებში“,- აღნიშნა ნადირაშვილმა.

 

"ეევროპულ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ პოლიციამ აღნიშნულ საკითხზე სასწრაფოდ უნდა მოახდინოს რეაგირება.

რეაგირება მოხდა, მაგრამ არაადექვატური.ნკერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლნისში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე მძიმე პროვოკაციით არჩევნების ჩაშლა აქვს დაგეგმილი.

 
„მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, აქვთ დაგეგმილი ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქში #27-ე, #54-ე, მე-40 და #43-ე საარჩევნო უბნების ჩაშლა. ეს არის უმძიმესი სამართალდარღვევა და ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ ისინი კანონის ფარგლებში მიიღებენ უმკაცრეს რეაგირებას ასეთ კანონდარღვევაზე. დაგეგმილი აქვთ მძიმე პროვოკაცია. ისინი პასუხს აგებენ კანონის თანახმად, უმკაცრესი ფორმით“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ. 
წინა სტატია,,ქართული ოცნების” აგიტატორების შემოსევა საარჩევნო უბნებზე, შალვა ნათელაშვილის პროტესტი და მდინარაძის მოწოდება კოორდინატორებისადმი ასეთ სტილში გააგრძელონ მუშაობა
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძის ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურამ არ ჩათვალა საჭიროდ მისთვის პატიმრობის შეფარდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური