,,ლაზი” ამაყად ცეკვავს აფხაზეთში

0
409

 25 წლის მარიტა ბიბლაია, ტყვარჩელის რაიონის სოფელ პირველი გალიდან არის.

 
მარიტა თბილისში ცხოვრობს, თუმცა პირველ გალში დარჩენილი დედ-მამისა და მშობლიური სახლის მონახულებას ხშირად ახერხებს. 
 
მამა პირველი გალის ნარინჯოვანის სკოლის დირექტორია, დედაც იმავე სკოლაში  ასწავლის მათემატიკას. მარიტა სკოლაში გატარებულ წლებს, აფხაზსა და ქართველ თანატოლებს შორის თბილსა და მჭიდრო ურთიერთობებს იხსენებს, რომელთა შენარჩუნებასაც 25 წლიანი მტრობის მიუხედავად დღემდე ახერხებს.
 
,,სკოლის უდიდესი პლუსი იყო ის, რომ ბავშვებს ერთმანეთი არასდროს დაუმცირებიათ. არ ქონდა მნიშვნელობა ვინ იყავი და საიდან. დაძაბულობა არასდროს ყოფილა ჩვენ შორის. მთავარია ადამიანებს ქონდეს იმის შეგნება, რომ რაც მოხდა ორი ათეული წლის წინ წარსულს ჩავაბაროთ. ორივე მხარეს არსებულმა დიდმა ტკივილმა დღევანდელ საერთო რეალობას არ უნდა შეუქმნას პრობლემა“. 
 
   მარიტა ბავშვობის აფხაზ მეგობრებთან ურთიერთობას დღემდე აგრძელებს. ახერხებს იმდენს რომ ახალი თაობის წარმომადგენლებსაც აახლოვებს ერთმანეთთან. რაშიც წლების წინ  ბავშვობის მეგობრებთან ერთად შექმნილი ხალხური ცეკვების ანსამბლი ,,ლაზი'' ეხმარება.
 
,,გალის რაიონში დღემდე არ არსებობს კულტურის ცენტრი ახალგაზრდებისთვის. გართობისა და განვითარებისთვის პირობები არ გვქონდა, თუმცა ამან არ შეგვაჩერა. სკოლაში გაკვეთილების შემდეგ ვრჩებოდი კლასელებთან ერთად და თვითონ ვატარებდით გაკვეთილებს ცეკვის მასწავლებლის გარეშე“, – იხსენებს მარიტა. 
 
   მალე ხალხური ცეკვების ანსამბლი ,,ლაზი'' მთელმა გალის რაიონმა, მოგვიანებით კი აფხაზეთმაც გაიცნო.  
 
  „რამდენიმე წლის წინ სოხუმში ცეკვების ფესტივალი სახელწოდებით  „აძიხი“ ( მდინარე) ჩატარდა. მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა ჩვენც მოგვცეს მონაწილეობის უფლება. ახლაც მახსოვს, როგორ ავფორიაქდი,  როდესაც ეს ახალი ამბავი გავიგე. უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი ჩემი სოფლის წინაშე. ძალიან გვინდოდა თავის გამოჩენა და ახალი ცეკვის დადგმა გადავწყვიტეთ. ქორეოგრაფებიც და მუსიკოსებიც ჩვენ, ბავშვები ვიყავით. ყველა ცეკვიდან რაც კი ვიცოდით, საუკეთესო ილეთები ამოვკრიბეთ. მიმზიდველი მელოდია შევარჩიეთ და დავიწყეთ დაუღალავი ვარჯიში. ფორმებზე დიდად ვერ ვიზრუნეთ, ჩვენი სახსრებით მხოლოდ ის შევძელით, რომ მინიმალისტურად შავებში ვყოფილიყავით ჩაცმულები“. 
 
 ,,ლაზმა''  ფესტივალში მონაწილეობამდე შესარჩევი ეტაპიც კი გაიარა.
 
„ტყვარჩელის რაიონიდან მარტო ჩვენი ანსამბლი მოეწონათ. შესარჩევ ტურზე მიღებული პოზიტიური ემოცია იმდენად ძლიერი იყო, რომ თავს უკვე გამარჯვებულად ვგრძნობდით. სოხუმში ჩასულები არაფერზე აღარ ვნერვიულობდით. იმაზეც კი რომ უმაგრესი ფორმები ეცვათ, და იქ სახელ განთქმული  ქორეოგრაფები ჰყავდათ მასწავლებლებად. ამაყად მივაბიჯებდით სოხუმის  ქუჩებში და ამაყად მიგვქონდა ჩვენი სოფლის პლაკატი. გათამამებულებმა შესანიშნავად შევასრულეთ ჩვენი ნომერი, შინაგან კმაყოფილებას განვიცდიდით, ვამაყობდით სცენაზე დგომით და მეტის მოლოდინი არც გვქონია. გამარჯვება ფესტივალზე იყო დაუვიწყარი“. 
 
   მოწვევა ფესტივალზე შემდეგ წელსაც მიიღეს და ისევ გამარჯვებულები დარბრუნდნენ სოფელში. ,,ლაზის'' გამარჯვებები ლოკალურ კონკურსებზე  ტრადიციად იქცა.  
 
  დღეს პირველი გალის სკოლაში, მარიტა აღარ ატარებს ცეკვის გაკვეთილებს, თუმცა ანსამბლი ,,ლაზი'' დღემდე ფუნქციონირებს. 
 
,,სკოლის მოკრძალებულ დარბაზში ერთმანეთის გვერდით დღესაც ცეკვევენ ქართველი და აფხაზი ბავშვები, ქართულ და აფხაზურ ცეკვებს. არასდროს მიგვიღია არც გრანტი, არც სახელმწიფო დაფინანსება. ბავშვები საკუთარი სურვილით დგანან გვერდიგვერდ. უბრალოდ ცეკვავენ იმას რაც მოსწონთ, მეგობრობენ ისე როგორც შეუძლიათ, ცეკვა დაეხმარება მათ ისე როგორც მე თავისდროზე მეგობრებად დარჩნენ სიცოცხლის ბოლომდე,“ – მიიჩნევს მარიტა. 
 
 
ავტორი თამუნა შონია 
  
 
 
წინა სტატიახატია დეკანოიძე ამერიკაში პოლიციის ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის ბორდის წევრად აირჩიეს
შემდეგი სტატიაერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამეგრელოს ორგანიზაციის თავმჯდომარე მურთაზ ზოდელავა საზღვრისპირა სოფელ ხურჩაში იმყოფებოდა.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური