მთავარისიახლეებისაზოგადოებალევან გვათუამ ღირსეულად იბრძოლა თავისი და ბევრი თანამოქალაქის სიცოცხლისათვის

ლევან გვათუამ ღირსეულად იბრძოლა თავისი და ბევრი თანამოქალაქის სიცოცხლისათვის

Published on

ზუგდიდი ლევან გვათუას ეთხოვება, პროფესიულად მზარდ და მოქალაქეობრივი ღირსებით სავსე ახალგაზრდას , რომელმაც  სიცოცხლის სამი წელი გამოგლიჯა დაუნდობელ სიკვდილს და შექმნა პრეცედენტი ქართული დონაციის პრაქტიკაში, რომელიც წაადგება ყველას, ვისი სიცოცხლეც დონაციის პირობების გამარტივებაზეა დამოკიდებული.   
 
სარჩელი – სახელწოდებით ლევან გვათუა პარლამენტის წინააღმდეგ, დონაციის ქართულ პრაქტიკაში დიდი ცვლილებების მომასწავებელია  – ასე შეფასდა  2015  წლის  26 ნოემბერს  ლევან გვათუას გამოსვლა საკონსტიტუციო სასამართლოში,  რომელიც დარჩება როგორც  ბრწყინვალე ნიმუში თვითფლობისა, პირადი პასუხისმგელობისა მის ბედქვეშ მყოფი ადამიანების წინაშე და ბოლოს როგორც გაწონასწორებული, არგუმენტირებული, საერთაშორისო ნორმების ღრმა ცოდნით გამორჩეული სიტყვა, რომელმაც განაიარაღა   სტერეოტიპულად მოაზროვნე ჩინოვნიკებიც კი, რომელთათვისაც ყველა სიახლე   მხოლოდ მათთვის გასაგებ შიშებს უკავშირდება. 
 
 
 
ლევან გვათუამ იმ დღეს ეს უიმედო ბრძოლა მოიგო,  მოიგო არამხოლოდ თავისთვის, არამედ  სხვა ახალგაზრდებისთვისაც, რომელთა სიცოცხლე ამაზე იყო დამოკიდებული. დღეს იგი აღარ არის. ,, ემოციურ კავშირებს'' რომ თავი ვანებოთ, უცნობებისთვისაც დასანანია, რომ ლევან გვათუა თავის ნიჭს ვეღარ მოახმარს ქვეყანას, რომელსაც ასე ძალიან სჭირდება ასეთი ახალგაზრდები .
 
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ვაჟკაცურად  იბრძოლა მან ადამიანის სიცოცხლის უფლების შემზღუდველი ნორმის წინაააღმდეგ.  
 
 მოქალაქე ლევან გვათუამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. – ნათქვამია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე 2015 წლის 26 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.: 
 
,,ლევან გვათუამ, . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. გუშინ,  25 ნოემბერს გავრცელებული ცნობით,  კონსტიტუციურმა სასამართლომ  მიიღო  სარჩელი არსებითად განსახილველად. 
 
სადავო ნორმაა  „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის   თანახმად, ცოცხალი დონაცია დაიშვება მხოლოდ გენეტიკურ ნათესავებს შორის, მეუღლის ან მეუღლის ნათესავებისგან. კანონი კრძალავს ნებისმიერი სხვა პირისგან ორგანოს გადანერგვას იმ შემთხვევაშიც, თუ სამედიცინო ან სხვა მიზეზით კანონით გათვალისწინებული პირთა წრიდან დონორი არ მოიძიება. საქართველოს პარლამენტის განმარტებით, ამგვარი შეზღუდვის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის საფრთხის თავიდან აცილება. 
 
მოსარჩელეს   ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა, რაც მისი სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა, თუმცა კანონით განსაზღვრული პირთა წრიდან დონორი არ მოიძებნა, ხოლო არსებული  კანონი, უკრძალავს მასთან დაკავშრებულ სხვა პირს (მეგობარს, ახლობელს, იმ ნათესავს, რომელიც არ ხვდება სადავო ნორმით განსაზღვრულ პირთა წრეში, მასთან ემოციურად დაკავშირებული პირს) გახდეს დონორი. ამით კანონი  ართმევს მოსარჩელეს  ღვიძლის გადანერგვის შესაძლებლობას ანუ   უზღუდავს სიცოცხლის უფლებას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ შეესაბამება კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტს (სიცოცხლის უფლება) და ასევე ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვის მოქმედება.
 
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე შეაჩერა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც ცოცხალ დონორთა წრიდან, რომელთაგან დაშვებულია ღვიძლის აღება, გამორიცხავს რეციპიენტთან ემოციურ კავშირში მყოფ პირს.
 
სასამართლომ, წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა და საქმის განხილვაში მონაწილე ექსპერტის განმარტების საფუძველზე მიიჩნია, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში მოსარჩელის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ექმნება. შესაბამისად, დაადგინა, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ მოსარჩელის მიმართ შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს.
 
ამავე დროს, სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოპასუხე მხარის არგუმენტი ცოცხალ დონორობაზე უფლების მქონე პირთა წრის გაფართოვების შემთხვევაში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის საფრთხეების წარმოშობის შესახებ და მიუთითა, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება არ იწვევს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ლეგალიზებას. ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და, ამავე დროს, კანონმდებლობა ითვალისწინებს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის პრევენციის სხვა მექანიზმებსაც. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, არ არსებობს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის სტიმულირების იმ ხარისხის საფრთხე, რომელიც გაამართლებდა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმას და ამით მოსარჩელის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებას.
 
გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე საქართველოში ასობით მოქალაქე დგას და შესაძლოა დადგეს, მოსარჩელე ლევან გვათუას მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ერთობ რეზონანსული ხდება და ცდება ერთი კონკრეტული პირის ინტერესებს. შესაბამისად, ლევან გვათუას მიერ  სარჩელში  დასმული პრობლემა ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის  საგანი შეიძლება გახდეს.'' – ნათქვამია ინფორმაციაში. 
 
რაც შეეხება ემოციურ კავშირებს, ზუგდიდი არ არის მეგაპოლისი, აქ ერთმანეთის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის , აქ ყველას გული მზად არის ალალი ცრემლისთვის, ლევან გვათუას ნიჭიერებითა და სინდისიერებით გამორჩეულ ოჯახთან თანალმობისთვის.   
 
სურათზე:  ლევან გვათუა ქალიშვილთან, მზარდ ქართველ მოჭადრაკესთან მარიამთან ერთად 
 

სიახლეები

დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთს, კატარსა...

ზელენსკი: მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს

"მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს. ძალიან უცნაური დუმილია" - ამის შესახებ...

ბაზარზე მკვლელი “კრისტალი” გამოჩნდა, რომელიც იპყრობს შენს გონებას და გიმონებს – ნარკოლოგი

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს დასაბუთებულ გაფრთხილებებს ახალი, სხვებისგან განსხვავებული ნარკოტიკის გამოჩენის შემთხვევაში,...

საია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:  "ტელეკომპანია „პირველის“...