სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, სრულიად საბერძნეთისა და ათენის მთავარეპისკოპოსი იერონიმე II და რომის პაპი ფრანცისკე ილიაობას ულოცავენ.

0
562
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, სრულიად საბერძნეთისა და ათენის მთავარეპისკოპოსი იერონიმე II და რომის პაპი ფრანცისკე ილიაობას – პატრიარქის ანგელოზის დღეს ულოცავენ.
 
ილია მეორის სახელზე გამოგზავნილ წერილებს საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს. 
 
“მადლობას შევწირავთ უფალს დიდებისას, რომ გვაქვს სიხარული და პატივი უკვე მრავალი წელია დავუკავშირდეთ თქვენს უნეტარესობას თქვენი სახელობის წმინდანის დღესთან დაკავშირებით. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობისა, წმინდა ერთარსი და განუყოფელი სამების სახელით. მსოფლიო საპატრიარქოს კათედრიდან, რომელიც დასაბამიდან იღწვის უფლის სხეულის – ეკლესიის ერთიანობისათვის, გიგზავნით გულითად მოლოცვას, და შევთხოვთ უფალს, რომ მოგანიჭოთ მრავალჟამიერ სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რათა კიდევ დიდხანს განაგრძოთ თქვენი მაღალმსახურება, მისი ეკლესიის გასაძლიერებლად და პირველ რიგში ჩვენი მხსნელი უფალი იესო ქრისტეს სახელის სადიდებლად“, – ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის მისალოც წერილში. 
 
სრულიად საბერძნეთისა და ათენის მთავარეპისკოპოსი იერონიმე II საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს საბერძნეთის სამთავარეპისკოპოსოს სინოდის სახელით ულოცავს. 
 
“უნეტარესო და უწმიდესო სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქო, ქრისტესმიერო უსაყვარლესო ძმაო და თანამწირველო ბატონო ილია, ძმური სიყვარულით გეხვევით და მოგახსენებთ. ვსარგებლობთ რა თქვენი უნეტარესობის მოსახელე წმინდანის ილია თეზბიტელის ხსენების დღის მოახლოებით, დიდი სიხარულით გიკავშირდებით აღნიშნული სინოდალური წერილით. ამიტომაც, პირადად მე და საბერძნეთის სამთავარეპისკოპოსოს წმინდა სინოდი და მთლიანად მისი შემადგენლობა, გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ ურყევ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ნეტარ ცხოვრებას. ყველანი შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა წინასწარმეტყველი ილიას მეოხებით, მისცეს თქვენს უნეტარესობას და თქვენს წმინდა ეკლესიას ძალა ჭეშმარიტი სწავლების დასაცავად, რათა მომავალშიც წარუძღვეთ საქართველოს მოძმე ეკლესიას სიბრძნით და გონიერებით, მისი სულიერი აღმავლობისთვის, კათოლიკე ეკლესიის სტაბილურობისა და ერთიანობისათვის და წმინდა სამების სადიდებლად. გეხვევით ჩვენო უსაყვარლესო ძმაო აღვსილნი სადღესასწაულო განწყობითა და უფლისმიერი სიყვარულით“, – წერს იერონიმე II. 
 
ილია მეორემ მისალოცი წერილი მიიღო პაპი ფრანცისკესგან. 
 
“თქვენი ზეციერი მფარველი წმინდანის, დიდი წინასწარმეტყველის ელიას ხსენების დღე წელსაც ნანატრ შესაძლებლობას მაძლევს გულითადი სალამი და საუკეთესო სურვილები გადავცე თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას. ღრმა მადლიერების გრძნობით ვიხსენებ საქართველოში ჩემი დაუვიწყარი ვიზიტის დროს ჩვენს მიერ ერთმანეთისთვის მიცემულ პირობას, ვილოცოთ ერთურთისათვის. ვარწმუნებ თქვენს უწმინდესობას, რომ ერთგულად ვიცავ ამ პირობას, ვინარჩუნებ თქვენთან სულიერ სიახლოვეს და ვიმედოვნებ, რომ თქვენც ლოცულობთ ჩემთვის. შევთხოვ ღმერთს, რომ უხვად მოგმადლოთ თავისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და თქვენს მსახურებას, წყალობა და მფარველობა არ მოაკლოს თქვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფ მთელ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. დაე, კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა მიერ თაყვანცემული წმინდა ელიას მეოხებამ შეგვაძლებინოს შემდგომი წინსვლა სრული უფლისეული ერთობისაკენ. კიდევ ერთხელ ვუდასტურებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას ჩემს უღრმეს პატივისცემას და ჩვენი საერთო უფლის, იესო ქრისტეს სახელით, გიძღვნით ძმურ ამბორს“, – წერს პაპი ფრანცისკე.
წინა სტატიასანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა გამოიყო და სამუშაოებიც ჩატარდა თუმცა უშედეგოდ – წუხანდელი ძლიერი წვიმისქალაქის ქუჩები დატბორა
შემდეგი სტატიააშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას – საელჩოს გნცხადება 2008 წლის აგვისტოს ომიდან გასულ 10 წელთან დაკავშირებით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური