ივეტა წითაშვილის ბლოგი
ბავშვობაში სულ გადატყავებული მქონდა მუხლები. იმდენს დავრბოდი, წამოვკრავდი რამეს ფეხს და… როცა ეტლი მომიტანეს, არანაირი ემოცია არ მქონდა – არც შიშის, არც სიძულვილის, არც ტკივილის. ჩავჯექი. ის ჩემთვის მხოლოდ ნივთი იყო, გადაადგილების მარტივი საშუალება. 2008 წელს ასე იყო. ახლა სხვაგვარადაა. ის უკვე ადგილია, საიდანაც ყველა და ყველაფერი სხვაგვარად ჩანს და მჟღავნდება, ისეთი, როგორც სინამდვილეშია… და ეტლიდან როგორც ფოტოგრაფი ფირს, ისე აკვირდები ცხოვრებას, რომელშიც შენ მონაწილეც ხარ და არც ხარ.
ეტლმა ჩაკეტვა იცის. მისი საკეტი მძიმეა და თუ ერთხელ ჩაიკეტე, უნდა გყავდეს ადამიანი (ან ადამიანები), ვინც მისი საკეტიდან (ან მისგან) თავის დაღწევაში დაგეხმარება, მარტო ამას ვერ შეძლებ. ეტლში ჩაკეტილი ბევრი მინახავს. ზოგი მარტო იყო. ზოგი გვერდით მყოფმა ადამიანებმა ჩაკეტეს, რადგან შერცხვათ ეტლში ოჯახის წევრის და გადამალეს სხვა ადამიანებისგან, მეზობლებისგან, ახლობლებისგან, თითქოს, არც დაბადებულა და ნივთია, რომელიც შეგიძლია აიღო და დამალო, რომ არავინ ნახოს. ზოგმა აზრი დაკარგა ცხოვრების, ზოგი კი ეტლში დაიკარგა, როგორც ტყეში და გზა ვერ იპოვა, რომ გამოეგნო ცხოვრებამდე…
მე ვფიქრობდი, რომ ეტლში ცხოვრება არ არსებობს და, რაც არსებობს, ცხოვრება არ არის. რაღაც სხვაგვარია. მერე შემეშინდა. შემძულდა. მეტკინა. ჩავიკეტე. მერე სუნთქვა გამიჭირდა. ეტლში სუნთქვას ვერ ისწავლი, როგორც წყალქვეშ. ეტლი უფრო ღრმაა. მერე გამოჩნდნენ ადამიანები და მე გავაგრძელე. სწავლა. მუშაობა. ოღონდ მე მარტო არა. მათ ჩემთან ბიბლიოთეკიდან წიგნები მოჰქონდათ. მათ დავყავდით უნივერსიტეტში… ინსტიტუტში… სამსახურში… სახლში… ისინი გახდნენ მე _ განუყოფელი. სადაც მე ვიყავი, ჩემთან ისინი იყვნენ. ეტლში მარტო ვერ აგრძელებს ადამიანი ცხოვრებას. ეტლში შენთან ერთად სხვა ადამიანებიც ცხოვრობენ. ეტლი გხდის დამოკიდებულს სხვა ადამიან(ებ)ზე შენი ნების გარეშე. მე მძულდა ყველა, ვინც ჩემ სხეულს ეხებოდა. მე არ მინდოდა, რომ ისინი შემხებოდნენ. მერე შემძულდა საკუთარი თავი ამ სიძულვილისთვის, რადგან ისინი მეხებოდნენ იმისთვის, რომ შეემსუბუქებინათ ჩემთვის ეტლის სიმძიმე, ისინი სიყვარულით მეხებოდნენ. ისინი ეზიდებოდნენ ეტლს და ეტლში ჩემ სხეულს. ისინი იყვნენ ადამიანები _ დიდები ანგელოზებამდე.
მერე დავიწყე საკუთარი ცხოვრების შორიდან და ჩუმად ყურება. ვუყურებდი ცხოვრებას, ადამიანებს, მოვლენებს და გავხდი მე – განყენებული სიჩუმეში. ეტლი ზოგჯერ აჩუმებს ადამიანს. მაშინაც კი, როცა სათქმელი აქვს და მაშინაც, როცა უნდა, რომ ტკივილისგან იყვიროს. მერე მივხვდი, რომ ცხოვრება არ არის ფირი, დაჯდე და შორიდან ათვალიერო, შენ უნდა გახვიდე მაყურებლის სივრციდან და გახდე მონაწილე, რადგან ეს შენი ცხოვრებაა და შენ გარდა შენ ცხოვრებას სხვა მონაწილე არ(ც) ჰყავს, სხვა დანარჩენი_ ყველა და ყველაფერი მოდის ან მიდის შენგან, როგორც ფირიდან ფრაგმენტები და რჩები შენ შენს ცხოვრებასთან და (ან) იმასთან ერთად, ვისთვისაც შენ ცხოვრება გახდი (ასეთი ადამიანებიც არსებობენ). და შენ უნდა აირჩიო – სად გინდა იყო… როგორი გინდა იყო… ვინ გინდა იყო… არჩევანი შენზე უნდა იყოს, შენ უნდა აირჩიო და არავის უნდა მისცე ნება შენ ნაცვლად აირჩიოს, რადგან ცხოვრებაც და ცხოვრებაში ყველაფერი არჩევანია.
მერე ვნახე ადამიანები, რომლებიც ეტლზე უშურველად კიდებენ უძლურების, უსარგებლობის, არარაობის (და სხვა) ნიშანს (იარლიყს), როგორც შენი იდენტობის გამომხატველს, მახასიათებელს ისე, რომ შენ არც შემოგხედავენ… მერე ისინი უყურებენ ნიშანს _ მათივე წარმოდგენებს შენზე და ვერ ხვდებიან, რომ შენ ნიშანი არ ხარ და ნიშანი არ გამოხატავს შენს თვისებებს, ემოციებს, განცდებს, ცხოვრებას… ისინი ეტლში მყოფ ადამიანებს უწოდებენ ,,ეტლს მიჯაჭვულებს“ და ვერ გრძნობენ, რომ თვითონ არიან მათივე წარმოდგენებს მიჯაჭვულები. ეტლზე მძიმე ხშირად წარმოდგენებია. ისინი ქმნიან უჰაერო სივრცეს ეტლში და არ ტოვებენ ადგილს სუნთქვისთვის.
ეტლში ცხოვრება ზოგჯერ მოჩვენებათა სამყაროში ცხოვრებას ჰგავს _ მოჩვენებითია საზოგადოება, რომელიც თვლის, რომ შენზე აღმატებულია (გამონაკლისები არსებობს) და ისე გამოხატავს სიბრალულს შენდამი, თითქოს მიცვალებული იყო ან გამოხატავს აღფრთოვანებას შენი თვისებების ან შესაძლებლობების გამო და გაკვირვებაშია, რომ, თურმე, შენც ეტლში შეგიძლია აზროვნებზე, მეტყველებზე, გამოხატავდე, მოქმედებდე როგორც ისინი ან სხვაგვარად და გექცევიან როგორც გმირს, რომელმაც ეტლში სიმახინჯე, უსუსურობა, უნიჭობა დაამარცხა, როგორც ურჩხული. მოჩვენებითია სამღვდელოება (გამონაკლისები აქაც არიან), რომელიც თვლის, რომ შენ ცოდვილი ხარ და ეტლი ცოდვების გამო მოგეცა. თითქოს ღმერთი მოსამართლეა და გსჯის. მოჩვენებითი არიან მამაკაცები, რომლებიც არ აღგიქვამენ შენ, როგორც ქალს ან შეიძლება აღგიქვან, მაგრამ ქალთან ერთად ეტლის მიღებისთვის მათ სიყვარული არ ჰყოფნით. ისინი ხედავენ ეტლს და არ ხედავენ ქალს ან სხვაგვარადაც _ ხედავენ ქალს, მაგრამ არ ხედავენ ეტლს, რომელიც ქალის ნაწილია. როცა კაცი უარყოფს ეტლს, ის უარყოფს ქალს ეტლში. და ეტლი ზოგჯერ აშინებს მამაკაც(ებ)ს და მას მხოლოდ სიყვარულის უნარის მქონე კაცები უახლოვდებიან, რადგან სიყვარულს არასდროს ეშინია. ეტლში ყოფნას აქვს ერთი სასარგებლო თვისება, ის ამჟღავნებს მამაკაცს (ასევე, ყველა გარშემომყოფს) და ავლენს მისი სიყვარულის სიდიდეს და შენთან და შენს ეტლთან ერთად რჩება ის, ვისი სიყვარულიც უსასრულობამდე დიდია, ვისაც ძალუძს შენთან ერთად გაიაროს ეტლიანი გზა (ასეთი კაცებიც არსებობენ) და გზა ხშირად იმაზე შორს და სიღრმეში მიდის, ვიდრე ჩვენ გვგონია.
მოჩვენებითია ხელისუფლება (ნებიესმიერ დონეზე) თავისი კანონებით, კონვენციებით, დადგენილებებით, პროგრამებით (და სხვა), მოჩვენებითი არიან ხელისუფლებაში მოქცეული ადამიანები თავისი უფლებამოსილებებით, ფუნქციებით. შეხედავ ზოგიერთ მათგანს და შეგეშინდება მათი უვიცობის, ცინიზმის, უპასუხისმგებლობის, გულფუღურობის. მათ მიერ რეალობის (ან რეალურად არსებული პრობლემების, მდგომარეობის) ილუზორული აღქმ(ებ)ის. ისინი არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კიდევ უფრო მყარად ამწყვდევს ათასობით ადამიანს ეტლში. საბოლოოდ, ისინი რჩებიან მხოლოდ პირები, რომლებიც ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ და არაფერს ცვლიან, მეტიც, ისინი აგებენ მრუდე კონსტრუქციებს თავში, გარემოში და როგორი მრუდეც აქვთ ხედვა, ისეთივე მრუდე დამოკიდებულებას ამჟღავნებენ და ისეთივე მრუდე გარემოს ქმნიან. ისინი ამბობენ, რომ ესმით ეტლში ადამიან(ებ)ის გულისტკივილი, მაგრამ არ ესმით, რომ გულისტკივილი და უფლება სხვადასხვა ცნებებია. ისინი ვერ ხედავენ ეტლში ადამიანს უფლებებით, ისინი თვლიან, რომ ადამიანი ეტლში მხოლოდ დახმარების (სამედიცინო ან საქველმოქმედო) სუბიექტია და ის აუცილებლად უნდა შეიბრალონ, თავზე ხელი გადაუსვან ან გაიღონ მოწყალება, შექმნან მისთვის სპეციალური საწარმო(ებ)ი (ან ადგილები) და გარიყონ შორს საზოგადოებისგან, როგორც ზღვა რიყავს უსულო და ზედმეტ საგნებს ნაპირზე. უკეთეს შემთხვევაში, უბოძონ დაბალი რანგის ან დაბალანაზღაურებადი სამსახურ(ებ)ი და მწუხარებაასახული სახეებით აუწყონ, რომ მიუხედავად მისი ნიჭისა, განათლებისა, უნარებისა, თვისებებისა ის არ განიხილება მაღალ პოზიციაზე, რადგან ის ეტლშია, რადგან შენობები შეუღწევადია, რადგან მას სირბილი არ შეუძლია და ის უნდა დაეტიოს ეტლში, მისთვის განკუთვნილ ადგილზე, რადგან სხვა ადგილები ეტლიანი ადამიანისთვის დახურულია.
მერე ვნახე, რომ შეუღწევად შენობებზე დიდი პრობლემა, სინამდვილეში, შეუღწევადი ტვინებია და ფინანსების სიმწირეზე დიდი პრობლემა _ აზროვნებისა და თანაგანცდის უუნარობა და თავფუღორობა. ეტლიდან კარგად ჩანან ადამიანები. მოჩვენებები და მოჩვენებითობები ეტლში უფრო ხილვადი არიან. ადრე მათ დანახვაზე თვალებზე ხელებს ვიფარებდი, რომ არ დამენახა ისინი _ მოჩვენებებსა და მოჩვენებითობებში ჩაკარგული ადამიანები. ხან კიდევ, მყოფნიდა გულუბრყვილობა, დამეჯერებინა, რომ ხელისუფლებაში მოქცეულები ხელისუფლებაში თავშექცევისთვის კი არ არიან, არამედ მართლაც შრომობენ მოწოდებისამებრ, მონდომებულები არიან, რომ გააზრებული და სწორი გზა და გამოსავალი გამონახონ ცვლილებებისთვის ადამიანთა საკეთილდღეოდ. მერე მივხვდი, რომ ვერავითარი კანონი ვერ აიძულებს ვერცერთ ხელისუფლებას და ხელისუფლებაში ვერცერთ ადამიანს შეცვალონ გარემო, თუ არ მოხდა შინაგანი ცვლილება, თანაგანცდა და გააზრება ნებისმიერი მდგომარეობის ან საკითხის. ახლა ჩემ გულუბრყვილობაზე მეღიმება.
ეტლში ღიმილს ადვილად სწავლობს ადამიანი. ეტლში შეგიძლია გაიღიმო საზოგადოებაზე, მამაკაცებზე, სამღვდელოებაზე, სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე, მიერთებულ და მიღებულ კანონებზე და კანონებში თითოეულ ნატკენ მუხლზე _ სიცოცხლის უფლების მუხლზე, ჯანმრთელობის დაცვის მუხლზე, განათლების უფლების მუხლზე, დასაქმების უფლების მუხლზე, პირადი ცხოვრების პატივისცემისა და სიყვარულის უფლების მუხლზე, თანაბარი შესაძლებლობებისა და თანაბარი გარემოს უზრუნველყოფის მუხლზე, კანონის წინაშე თანასწორობის მუხლზე, საზოგადოებაში სრულყოფილი ჩართვისა და მონაწილეობის მუხლზე, გადაწყვეტილების მიღების, თავისუფლების დაცვის მუხლზე, ადამიანის თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემის მუხლზე (და სხვა)… აქ ყველა მუხლი ნატკენია, როგორც ბავშვობაში ნატკენი და გადატყავებული მუხლები.
ეტლი ზოგჯერ აძლიერებს ადამიანს და ძალა მაშინ ჩნდება, როცა ხედავ გზას ცხოვრებისკენ, ბედნიერებისკენ და ბედნიერება სულაც არ არის (ან ყველაზე ნაკლებად არის) დამოკიდებული კანონებზე, კონვენციებზე, დადგენილებებზე. ბედნიერება ეტლში შენთან რომ არიან იმ ადამიანებშია და სანამ არიან ადამიანები, რომლებიც შენთან ერთან ცხოვრობენ შენ ეტლში სიყვარულით, სანამ შენ შეგიძლია ეტლში(ც) გიყვარდეს, ისწავლო, იმუშაო, დაისვენო, იმოგზაურო (ან უბრალოდ, გახვიდე სახლიდან), გაიხარო და მადლიერი იყო ყველაფრით, რაც გაქვს, ვინც გყავს, – შენ ცოცხალი ხარ, შენ ბედნიერი ხარ და გზა(ც) ბედნიერებაა.
და შენ ყოველთვის გრძნობ, რომ გზაში შენთან და შენ ანგელოზ-ადამიანებთან ერთად ყოველთვის არის ის, ვინც შეიძლება შენ არც იცოდე, მაგრამ გრძნობ, რომ ის არის და შენ მარტოობაშიც კი მარტო არ ხარ. ის გაძლევს ძალას ეტლიდან დაღწევის, სიარულის, ფრენის, სიხარულის. სიყვარულის, ცხოვრების… და შენ უნდა შეძლო და ეტლიდან უნდა გახვიდე, როგორც უჰაერო სივრციდან, როგორც წყვდიადიდან, რომელიც, ცოტაც და სიბნელეს ფარდად ჩამოგაფარებს, რომ აღარ გამოჩნდე. უნდა ადგე და გაიქცე – სადაც დარბოდი… სადაც გჯეროდა… სადაც გრძნობდი… სადაც უყვარდით და გიყვარდა… სადაც ცოცხალი იყავი.
სხვა შემთხვევაში? – სხვა შემთხვევაში, ეტლში ცხოვრება ანგრევს ადამიანს, სხვა შემთხვევაში, ეტლი უჩინარს ხდის ადამიანს. სხვა შემთხვევაში, ადამიანი ეტლში გადის სატანჯველს და თუ ჯოჯოხეთი არსებობს. ჯოჯოხეთია ეტლში ცხოვრება(ც), სხვა შემთხვევაში, ეტლში სამყარო ემსხვრევა ადამიანს და ნამსხვრევებია ყველაფერი, რაც რჩება მთელი სამყაროსგან. სხვა შემთხვევაში, ადამიანი საოცრად ჰგავს პეპელას, რომელსაც ერთი დღე მიეცა სიცოცხლედ და იმ დღესაც ფრთები მოატეხა ვიღაცამ. სხვა შემთხევევაში, ადამიანს მხოლოდ ერთი მუხლი სტკივა – ძლიერი ტკივილ(ებ)ისგან გათავისუფლებისა და უმტკივნეულოდ მოკვდინების უფლების მუხლი და მას აქვს უფლება აირჩიოს – აღარ სტკიოდეს… მას აქვს უფლება აირჩიოს…