დღეს თბილისისა და ბათუმის საკრებულოებში ,,ბიძინობაა”

0
416
დღეს ბათუმისა და თბილისის საკრებულოებში ბიძინა ივანიშვილის დღეა – ბათუმის საკრებულოში განიხილება ბიძინა ივანიშვილის ,,პანორამა ბათუმისათვის'' მწვანე კონცხის ნაწილისა და მიმდებარე სანაპიროს გადაცემა 49 წლიანი იჯარით, ხოლო თბილისის საკრებულოში ამ წუთებში   მსჯელობენ   თბილისში ორი ტერიტორიის გადაცემაზე იჯარით სარგებლობაში.  ბოტანიკური ბაღის ერთ ჰექტრამდე ფართობი გადაეცემა ,,კერძო პირს', რომლის მიღმა, ოპოზიციის განცხადებით,  დგას ბიძინა ივანიშვილის კომპანია ,,პანორამა თბილისი'', ხოლო  პუშკინის სკვერის ქვეშ არსებული ფართი ღიად გადაეცემა  ამავე  კომპანიას  მიწისქვეშა ავტოსადგომის  მოსაწყობად.
სხდომას უმრავლესობის და საკრებულოს ოპოზიციური წევრების გარდა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, მათ შორის, პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი ესწრებიან. 
 
რაც შეეხება ბათუმის  საკრებულოს სხდომას, როგორც ვიუწყებოდით, იგეგმება   ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მიმდებარე მწვანე კონცხის ნაწილი და სანაპირო 49 წლიანი იჯარით გადასცეს „პანორამა ბათუმს“ ანუ ბიძინა ივანიშვილს. 
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ინფორმაციით, ამ ტერიტორიის პირდაპირი წესით გადაცემაზე თანხმობა აჭარის მთავრობამ უკვე განაცხადა.
 
"თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულოს უმრავლესობა ვერ გაუძლებს ამხელა წნეხს და ისინი მხარს დაუჭერენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის პრინციპში საკუთრებაში გადასცენ ბოტანიკური ბაღი. თბილისი პანორამის მსგავსად, ალბათ ჩვენ გვექნება ბათუმი პანორამა და ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ბოტანიკური ბაღი შეიერთა, რეალურად, უნიკალური ბათუმის ბოტანიკური ბაღი იქნება მისი სასტუმროს ეზო. ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, რომ ბათუმელებისთვის, ბათუმის სტუმრებისთვის ბოტანიკური ბაღი გახდება მიუწვდომელი, ის რეალურად იქცევა ბიძინა ივანიშვილის ეზოდ." -განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ.
 
მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. 
 
დავით უსუფაშვილის „შენების მოძრობა'' აცხადებს, რომ პანორამა თბილისი“ ლანდშაფტური ზონის მითვისებას გეგმავს , შესაბამისად, დღეს თბილისის  საკრებულო გეგმავს სეცვალოს სოლოლაკის ქედზე ლანდშაფტური ზონის სტატუსი და „პანორამა თბილისს'' გოლფის მოედნის დამხმარე სათავსოების ასაშენებლად გადასცეს. 
 
შპს „თაბორი რიზორთსი“, რომელიც პანორამა თბილისს აშენებს, 4677 კვ.მ. ტერიტორიაზე ითხოვს ფუნქციური ზონის ცვლილებას. კომპანია ითხოვს ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონას შეეცვალოს სტატუსი და სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭოს. დედაქალაქს ისედაც მცირე რაოდენობის ლანდშაფტური ზონები გააჩნია, რომელსაც შენარჩუნება და მოვლა სჭირდება. ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონა გულისხმობს ტერიტორიის ხელშეუხებლად დატოვებას, რომლის გასხვისება დაუშვებელია. შესაბამისად, ცვლილების შემთხვევაში კომპანიის შემდეგი ნაბიჯი იქნება აღნიშნული ტერიტორიის შესყიდვა და იქ მშენებლობის განხორციელება“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
როგორც „შენების მოძრაობაში“ განმარტავენ, „პანორამა თბილისს“ დღეისათვის აქვს 397 576 კვ.მ. ტერიტორია საკუთრებაში, რომელიც განაშენებიანების რეგულირების გეგმის (გრგ) მიხედვით ითვალისწინებდა გოლფის მოედნის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობასაც, თუმცა როგორც დოკუმენტებით ირკვევა, აღნიშნული 397 576 კვ.მ. ამისთვის საკმარისი არ არის და დამატებით შპს „თაბორი რიზორთსი“ კიდევ 4677კვ.მ. ტერიტორიას ითხოვს. 
 
„კომპანიის არგუმენტები, რომ აღნიშნული ტერიტორია ინარჩუნებს სარეკრეაციო ზონას, არ არის საკმარისი, რადგან ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონის ცვლილება იძლევა ტერიტორიის გაყიდვის საშუალებას. აღნიშნული პრეცედენტის დაშვება იქნება პირდაპირი გამოხატულება იმისა, რომ თბილისს ახლო მომავალში ლანდშაფტური ზონები არ ექნება, რაც დუშვებელია. გარდა ამისა, ამავე კომპანიას მოთხოვნილი აქვს პუშკინის სკვერის და ხელოვნების მუზეუმს შორის მდებარე 1900 კვ.მ ფართობის 1 ლარად გადაცემა. მიზანი მიწისქვეშა პარკირების მოწყობაა. დამატებითი საპარკინგე ადგილები თბილისისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ქალაქის ისტორიულ ნაწილში თბილისის საკრებულო ვალდებულია გადაწყვეტილებები განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღოს მისი გადაწყვეტილებები დაეფუძნოს ობიექტურ და კვალიფიურ კვლევებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
„შენების მოძრაობა“ მოუწოდებს გარემოს დაცვის და ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიებს, ასევე თბილისის საკრებულოს თითოეულ დეპუტატს, აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირონ.

წინა სტატიაშემზარავი ავარია კუკიის სასაფლაოსთან – დაღუპულია ოთხი ახალგაზრდა
შემდეგი სტატიანიკა ბაძაღუა, სოხუმელი აფხაზი პოეტი ზუგდიდში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური