რკინიგზის დეპარტამენტის პასუხი კითხვაზე, რატომ დაარბიეს მოშიმშილე და გაფიცული რკინიგზელები

0
482
,,სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, როცა უარი უთხრა მოშიმშილე რკინიგზელებს  კარვების გაშლაზე. ალბათ  სწორედ ამას მოჰყვა ის აგრესია და რეაქცია ”რკინიგზა 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს. აქ სხვადახვა სამსახურია განთავსებული, ასევე აპარატურა და უცხო პირების შემოჭრა აქ დაუშვებელია. ეს არის კანონდარღვევა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ კანონდარღვევაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სწორედ ძალადობისა და ამ პროვოკაციის ორგანიზატორებს” – ასე გამოეხმაურა   სს ”საქართველოს რკინიგზის” ინფრასტრუქტურის ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსი ნანა კლარჯეიშვილი  რკინიგზის დეპარტამენტთან გუშინ  განვითარებულ მოვლენებს.
 
როგორც ნანა კლარჯეიშვილმა აღნიშნა, შენობაში შეჭრა ძალადობის მეთოდებით დაუშვებელია. დეპარტამენტი  ფუნქციონირებს 24 საათიან რეჟიმში, შენობაში განთავსებულია სხვადასხვა სამსახური, ასევე აპარატურა და აქ უცხო პირების შემოჭრა  კანონდარღვევაა.
 
” მოშიმშილეებს არ აქვთ პროტესტის გამოხატვის ობიექტური საფუძველი, რადგან   ყველა პრობლემა, იქნებოდა ეს საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუ ტრანსპორტის საკითხი, გადაწყვეტილია, თუმცა კვლავ აგრძელებენ შიმშილობას. ეს თითქმის 10 დღეა გრძელდება. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელებმა სასამართლო პროცესზე დაადასტურეს, რომ მათ შიმშილობის გამოხატვაში ხელს არავინ უშლის, ანუ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება მათთვის უზრუნველყოფილია. სასამართლომ გაითვალისწინა ეს გარემოება და გაიზიარა ჩვენი განმარტება, რომ მოქმედი კანონმდებლობა, კონვენცია არ გულისხმობს გამოხატვისა და შეკრების უფლებაში აუცილებლად კარვების და არა ერთი კარვის გაშლის უფლებას.
 საქართველოს რკინიგზა კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოშიმშილე რკინიგზელებს შეწყვიტონ შიმშილობა, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში ცივილურად გადაწყვეტონ მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემები.'' – განაცხადა ნანა კლარჯეიშვილმა.
 
შეგახსენებთ, გუშინ  საქართველოს რკინიგზასთან რკინიგზელთა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და   სამართალდამცავებს შორის  დაპირისპირება მოხდა.  სიტუაცია რკინიგზის ცენტრალურ ოფისთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა საქართველოს რკინიგზის ოფისის ფოიეში შესვლა და შიმშილობის აქციის იქ გაგრძელება სცადა. მათ ამის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა. დაკავებულია   აქციის ათამდე მონაწილე. დღეს მათ საქმეს სასამართლო განიხილავს.  
გაფიცული რკინიგზელების ნაწილი შიმშილობას აგრძელებს. 
 
წინა სტატიაპოლიციის მანქანას, რომელიც ნატო-ს გენერალური მდივნის კორტეჟს მიაცილებდა, სატვირთო ავტომობილი დაეჯახა
შემდეგი სტატიაბოლო დღეებში მომხდარი ორი საზღვაო კატასტროფა ბრაზილიის წყლებში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური