ომი, როგორც ასეთი

0
352
სოციალურ ქსელში  აფხაზეთის ომის დაწყების თარიღს ეხმაურებიან. პოლიტიკოსები თავისას ამბობენ –  ზოგი თავისი სამრეკლოდან, ზოგი – ქვეყნისა, თავისი სიმართლე, ტავისი განცდები და მოგონებები აქვთ ადამიანებს, რომელთა მხრებს დააწვა ეს ომი,  ცხოვრება დაუნგრია, მაგრამ ვერ გასრისა, საფლავებიდან თუ დევნილის უბადრუკი სადგომებიდან   ისმის გაუტეხელი ხალხის ხმა. 
 
,,1992 წელი,14 აგვისტო, თვენახევრის დამთავრებული მაქვს სკოლა,16 წლის ვარ, ჩემი ძმა მოცეკვავეა, სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავდა და გასტროლებისთვის ემზადებოდნენ, მანამდე კი შარათინში ცეკვავდა.
 შუადღის სამი საათია, ოჯახში სტუმრები გვყავს და ეზოში ლეღვის ძირას ჩდილში ქეიფობენ, მოვიდა ჩემი ძმა,  გაგვიკვირდა, ასე ადრე როგორ მოხვედი-თქო და ჩემმა ძმამ ომი დაიწყოო.
გამახსენდა მამიდაშვილი  თემური ჩიხლაძე (სამი წლით უფროსია ჩემზე), დარწმუნებული ვიყავი საომრად წავიდოდა, და არ შევმცდარვარ, მამაჩემს მოვატყუე,  თემურისთან ავირბენ-მეტქი და და პირდაპირ სოსო ახალაიას ბატალიონს მივაშურე  ჭოჭუას ქუჩაზე . მაღალი რო ვიყავი მოვატყუე 18 წლის ვარ-მეთქი და ასე უცოდინარმა (სანადირო თოფიდანაც კი არ მქონდა გასროლილი) შევუერთდი საქართველოს დამცველებს.
ჩემი მამიდაშვილიც უკვე იქ ბატალიონში დამხვდა, დღემდე მახსოვს ის შიშები,  რაც პირველდღეებში ბრძოლებში განვიცადე, მტერს არ ვუსურვებ.
გამიმართლა, ამ ბატალიონში მაგარი ბიჭები იყვნენ, ისეთები, როგორიც გენო ცანავაა, გიორგი ცერცვაძე და სხვები.
ამ დღიდან 2012 წლის 13 ნოემბრამდე არ გამიხდია ფორმა და ამ მოღალატე მთავრობამ უმიზეზოდ გამახდევინა.ეს წლები უკან რომ დააბრუნო და ისევ 1992 წლის 14 აგვისტოში დამსვა, დაუფიქრებლად ისევ იმ გზას ავირჩევდი, რაც მაშინ..''
 
”ეს იყო გაუგონარი ღალატი, რაც სახელმწიფო დონეზე გადაწყდა.  ამ ბიჭებს ომი არ წაუგიათ და სოხუმი არ დაცემულა მათ გამო. ეს იყო ჩვენი თანამდებობის პირების უცხო სახელმწიფოს მითითებებზე დაკრული ცეკვა – ასე შევაფასებდი და ერთად რომ ვიცხოვროთ ჩვენ და აფხაზებმა მომავალში, აუცილებლად გავასამართლებთ მათ თუნდაც სიკვდილის შემდეგ.''
 
”დღეს ან ხვალ იქნებ მოვკვდე და ჩემი შვილის საფლავი არ ვიცი სად არის, არც მის შვილებს ეცოდინებათ… ერთადერთი ოცნება მაქვს, სანამ ცოცხალი ვარ, აფხაზეთში დავბრუნდე..“
 
”ჩემთვის ეს სიკვდილის დღეა. საფლავები გვენატრება, ჩვენი მიწა გვენატრება, ჩვენი სახლები..”
 

”ამ მთავრობის იმედი არ მაქვს. ძალიან გულგატეხილი ვარ… ახალმა თაობამ სულ არ იცის, ვინ ვართ, რა მეგობრობა-მეზობლობა გვქონდა. ამას წინათ საზღვართან ვიყავი, გავხედე აფხაზეთს. ისეთი უცნაური შეგრძნება მქონდა… აქ კი არ ვცხოვრობთ, შეკედლებული ვართ ექვსი სული სხვის ოთახში, უკვე გაყიდულ სენობაში და ველოდებით იქიდანაც როდის გაგვყრიან.”
 
„ჩემი შვილი პირველ კურსზე ჩაირიცხა თუ არა, ომიც დაიწყო. აიღო იარაღი და წავიდა. ახალდაბაში დაიღუპა. უგზო-უკვლოდაა დაკარგული. ისიც არ ვიცი, სადაა მისი საფლავი.ეს ჩვენი ომის არ იყო. სწორედ ამიტომ მე გავუწვდიდი შერიგების ხელს აფხაზებს. დისშვილი აფხაზი მყავს, ძმისშვილი დედით აფხაზი მყავს. რომ არ გაგრძელდეს ეს უბედურება დანარჩენებისთვისაც, შერიგება საჭიროა. ცხრა ახლობელი ნათესავი მყავს დაღუპული და მაინც ვთმობ, მაინც ვგმობ ამ უბედურებას, ოღონდ როგორმე ეს გატეხილი ხიდი აღდგეს აღდგება კიდევაც, როცა ჩვენი ხელისუფლება შეწყვეტს მცდელობას რუსებს ჩამორეცხოს დანაშაული და ჩვენი და აფხაზების ომად გადააქციოს ის რაც მოხდა. რაც შეეხება აფხაზებს, ისნიც დაინახავენ მალე , უფრო სწორად აღიარებენ – ვინ არის დამნაშავე. ამის ყველა ნიშანი არსებობს და პუტინის ვოიაჟები ამ საქმეს ვეღარ შეაფერხებს ''
 
 

 

 
 
წინა სტატიაზაალ უდუმაშვილი: ,,ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს მშვიდობიანი თანაცხოვრების ალტერნატივა არ გააჩნიათ”
შემდეგი სტატიაGEM Fest-ის ბილეთების კონტროლის თანამშრომლები აქციის დაშლას არ აპირებენ [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური