BBC თურქეთის მიერ ქართული ძეგლების ნგრევაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

0
1245
ბრიტანული გამოცემა BBC თურქეთის მიერ ქართული ძეგლების ნგრევაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. „უსწორმასწორო  უკიდეგანო სივრცე,  სადაც ფრიალა ციცაბო კლდოვან გზებს მივყავართ მწვანე ოაზისისკენ  – ეს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთია დღეს“, – ასე აღწერს BBC-ის ჟურნალისტი  საქართველოს ყოფილ ტერიტორიებს.
ამავე მასალაში აღნიშნულია, რომ  შუა საუკუნეების ბწრყინვალე ქართული მონასტრების  ნამდვილი სავანე, საქართველოს ისტრიულ მხარეს, ტაო-კლარჯეთის სამთავროს ეკუთვნის.      
„ისტორიულად, მხარე   საქართველოს სამეფოს და მის მესვეურთა, ბაგრატონთა დაქვემდებარებაში შედიოდა. განსაკუთრებით  კი აქაურობა მე-12 – მე-13 საუკუნეებში  აყვავდა.  სამწუხაროდ, არაერთი შემოსევის შედეგად  ქვეყანა და სამეფო ფაქტობრივად წელში გატყდა და უზომოდ დაასუსტდა. მე-16 საუკუნის შუა პერიოდიდან კი ტაო-კლარჯეთი ოტომანთა მმართველობის ქვეშ მოექცა, რომელმაც შეძლო, რომ ეს ტერიტორია თურქეთის ნაწილად ექცია და ის საქართველოს ფაქტობრივად  ხელიდან გამოსტაცა. დღეს ეს ტერიტორია თანამედროვე თურქეთის შემადგენლობაში შედის და ოფიციალურად საქართველოს აღარ ეკუთვნის“,- წერს BBC.
 
 
ამავე სტატიის თანახმად, საქართველოს სამეფოს ოქროს ხანის პერიოდში ტაო-კლარჯეთი სამონასტრო ცხოვრებისა და მოღვაწეობის ნამდვილი ეპიცენტრი იყო, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლური  ეკლესიის შემადგენლობაში შედიოდა.  
„დღესაც,  პატარა თურქული სოფლების მიმდებარედ,  ტაძრების  განსაცვიფრებელი ნანგრევები, განუმეორებელი ფრაგმენტები, კაჭკარის მთებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზეა მიმობნეული, საქრათველოსა და თურქეთის საზღვართან ახლოს“,- აღნიშნავს ბრიტანული გამოცემა.
BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, ამჟამად თურქეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქცეული ისტორიული ქართული ძეგლებიც დეტალურად არის დახასიათებული. 
 
 
„ოშკის ტაძარი ერზრუმის პროვინციაში ერთ-ერთი საოცრად გამორჩეული და უბრწყინვალესი ადგილია.  ბაგრატ და დავით კურაპალატების მიერ 963 -დან 973 წლებში  აშენებული,  ფართო  ჯვრისებრი მოხაზულობის  ტაძარი დღეს თითქმის გადაუხურავია. ღია ცის ქვეშ ყოფნა,  თითქოს  ერთგვარად კიდევ უფრო ხაზს უსვამს მის უზადო მშვენიერებას და აზიდულ ცენტრალურ გუმბათს. სამხრეთ ფასადი, რომლის მხრიდანაც ტაძარს მთავარი შესასვლელი გააჩნდა, დეკორირებული და მორთულია სხვადასხვა რელიეფური მოტივებით.  რელიეფებზე შევხვდებით  სხვადასხვა გამოსახულებებს, როგორიცაა ცხვარზე მონადირე მშვილდოსანი, არწივი, რომელსაც  პირში მონადირებული მსხვერპლი აქვს და  თავად არქიტექტორები, ტაძრის მაშენებელები“,- წერს  BBC-ის ჟურნალისტი.
ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ  ოშკის მონასტრის სიძველე სულაც არ ბადებს რომანტიულ განწყობას –  ტაძრის მორთულობათა უმეტესობა  წლების განმავლობაში იძარცვებოდა.
„დასავლეთ კედელზე მოზრდილი ბზარი,  ტაძრის ექსტერიერში  სამშენებლო, კონსტრუქციულ-სტრუქტურული ერთიანობის დარღვევასა  და გაუმართლებელი მიშენებების არსებობაზე მიანიშნებს.   ეს არღვევს მთლიანობას და ტაძარს ზიანს აყენებს“,- აღნიშნავს  BBC.
ბრიტანული გამოცემა ძეგლების რეაბილიტაციის საკითხზე  თურქეთ-საქართველოს შეხედულებებზეც აკეთებს აქცენტს.  როგორც   BBCის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში წერია, იმის გამო, რომ  საქართველოსა და თურქეთის მთავრობებმა  მონასტრის აღდგენა-რესტავრაციის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს,  ისტორიული ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაშია.
„ოშკის ტაძრის დიდებულება  კი ამ ყველაფრის გამო  მუდმივად ნგრევისა და ნელი განადგურების პირობებში დგას“,- წერს  BBC.
კიდევ ერთი ქართული ძეგლი, რომელიც ბრიტანული გამოცემის ყურადღების ცენტრში მოექცა, იშხნის ტაძარია. „უგულებელყოფილი ტაძრის ბედი“- ასე ასათაურებს  BBC სტატიის იმ ნაწილს, სადაც სწორედ იშხანზეა საუბარი.
 
 
„იშხნის ტაძარი პირველად ქართულ ხელნაწერებში 951 წლიდან ჩნდება.  ტაძარი სოფელ არპაჩიკთან ახლოს მდებარეობს  და წარმოუდგენლად მძიმე მდგომარეობაშია. დაუდევარი რესტავრაციით და  ექსტერიერში გამოყენებული  ქვების მასალის ვიზუალით მნახველი ტაძრის ასაკთან მიმართებაში შეცდომაში შედის. ის თითქოს უფრო ახლებურად გამოიყურება და ვერ ვიფიქრებთ, რომ ძეგლი შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ახალთახალი უსწორმასწორო წითელკრამიტიანი სახურავით და დაუდევრად დამატებული „სარესტავრაციო“ დეტალებით  ტაძარი აშკარად უსასტიკესი  მოპყრობის მსხვერპლია, რომელიც ძეგლის ავთენტურობას მნიშვნელოვნად აზიანებს. ეს მიდგომა კი ამ რეგიონში არსებული ძეგლებისთვის უცხო სულაც არ არის“,- აღნიშნავს BBC.
ისტორიულად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კიდევ ერთი  ტაძარი, რომელზეც სტატიაში ყურადღებაა გამახვილებული, X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – ოთხთა ეკლესიაა.  სამნავიანი ბაზილიკა, სოფელ დორთკილისედან 5 კილომეტრის მანძილზე, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ოთხთა ეკლესია პარხლის ეკლესიასთან ერთად გვიანდელი ხანის ბაზილიკების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია. 
 
 
„ეს  ამ მხარეში კიდევ  ერთი შესანიშნავი ტაძარია. ქალაქ იუსუფელიდან, უსწორმასწორო მტვრიან,  აღმართიან გზას ოთხთას ტაძრამდე მივყვარათ. აქვე, პარალელურად, პატარა მდინარეს და ახლად კონსტრუირებულ სარწყავ არხებსაც შევხდებით, რაც რეგიონში ახალი ინსფრასტრუქტურის არსებობას მოწმობს.  მართლაც გასაოცარი ტაძარი  მოზრდილი სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც  გარშემორტყმულია ულამაზესი ბაღებითა და საძოვარი მიწებით. ზემოთ  ხსენებულ ოშკისა და იშხნის ტაძრებისგან განსხვავებით, ოთხთა გადახურულია მაღალი, აზიდული ჭერით, გადახურვა კი დაფარულია მწვანე, ზედ ამოსული ხშირი ბალახითა და მცენარეებით. ამით ის ტყიან ფერდობს თითქოს  ერწყმის კიდეც“,- ვკითხულობთ BBC-ის სტატიაში.
 
ამავე ინფორმაციაში ტაძრის ისტორიაც არის ნახსენები. როგორც მასალის ავტორი აღნიშნავს, ქართულ ხელნაწერებში მოპოვებული ცნობების თანახმად,რომელიც 1031 წლით თარიღდება, მონასტერი და ტაძარი   ბაგრატიონთა  მიერ  დაარსდა. 
„ბაგრატიონებმა ტაძარი  მათ კარზე მოღვაწე სასულიერო პირების  აქტიური მხარდაჭერით დაარსეს. ეს პირები   ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცების გამყარებისთვის და რწმენის გასაძლიერებლად  ამ რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ“,- აღწერს ბრიტანული გამოცემა.
ჟურნალისტი ისტორიული ქართული ძეგლების უნიკალურობას განსაკუთრებული დეტალებითაც აღწერს.
„ბაზილიკის    უზარმაზარი  თაღოვანი  სარკმლებიდან შემოჭრილი შუქი და ინტენსიური განათება საოცრად ნათელს ხდის მის ცენტრალურ ნავს და ამ ყვლაფრის დიდებულებას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.  ასევე,  ტაძრის უნიკალურობაზე მეტყველებს დაზიანებული , ფრაგმენტულად შემორჩენილი მაგრამ მაინც უზადო ფრესკები. ფრესკებზე ვხვდებით ქართველ წმინდანთა გამოსახულებებს, რომლებიც დროთა განმავლობაში დაზიანდა. სამწუხაროდ, მათი ნაწილი ვანდალიზმის შედეგადაცაა შებღალული, კერძოდ კი სხვადასხვა წარწერებით, ნაკაწრებით და გრაფიტ-გამოსახულებებით. დახრილი იატაკი დანაგვიანებულია სხვადასხვა ორგანული  ნარჩენებით,  რაც აშკარას ხდის ფაქტს, რომ ტაძარი საქონლის სადგომად გამოიყენებოდა და თანაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ“,- წერია BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში. 
სტატიის დასასრულს, ავტორი კიდევ ერთხელ აჯამებს ქართული ისტორიული ძეგლების მნიშვნელობას და წერს, რომ  მიუხედავად ამ ტაძრების სავალალო მდგომარეობისა, მათი შემორჩენილი ნანგრევები მაინც კარგად მეტყველებს მათ დიდებულებაზე. ის ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელია სათანადო ნაბიჯების გადადგმა, რათა უძველესი ძეგლები ისტორიას შემორჩეს.
 
 
„ეს  ტაძრები  შუა საუკუნების არქიტექტურის,  ადამიანთა ხელით ნაშენები ქმნილებების გასაოცარი ნიმუშებია. თუმცა, ამ ყველაფრის გადარჩენისა და შენარჩუნებისთვის გენერალური  გეგმის,  პრევენციული ღონისძიებების არარსებობის გამო, ამ არქიტექტურული საოცრებების ბედი ეჭვქვეშ დგება“,- აღნიშნულია BBC-ის ვრცელ სტატიაში.
 
სტატია BBC-ზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: http://www.bbc.com/travel/story/20170710-turkeys-forgotten-georgian-kingdom?ocid=ww.social.link.twitter
თარგმანი ეკუთვნისს "არტნიუსს"

წინა სტატიადევნილთა საკითხებზე სახალხო დამცველის აპარატმა ანგარიში წარადგინა
შემდეგი სტატიაუზნაძის ქუჩაზე მოკლული გოგო იპოვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური