მიხეილ სააკაშვილი: ,,ყველა სიძნელე არის დროებითი. ჩვენ ვეყრდნობით ხალხს და არა ვიღაცას, ვინც უცხოეთში თუ სადღაც არის ხის კენწეროზე ან ამოთხრილი ხეების უკან’

0
454
,,ყველა სიძნელე არის დროებითი '' –ასე დაიწყო საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის   ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი სიტყვა ენმ აფხაზეთის ორგანიზაციის დამფუძნებელ კრებაზე სკაიპით ჩართვისას.
 
,,დღეს საქართველო რეალურად  ოკუპირებული აქვს ერთ რეჟიმს, რუს ოლიგარქს, რომელმაც საქართველოს გმირები მტრებად გამოაცხადა და შური იძია ყველაზე,  ვისზეც რუსებს უნდოდათ შურისძება –  მათ შორის კოდორის ოპერაციის მონაწილეებზე, ჩვენს სპეცრაზელებზე, ჩვენს გმირებზე,  ვინც სეპარატისტებს აკავებდა.  დღეს ეს გმირები ციხეში აღმოჩნდნენ, მიმდინარეობს სასამართლო პროცესები მათ წინააღმდეგ აღძრული  სისხლის სამართლის საქმეების საფუძველზე, გარეთ დარჩენილებს უქმნიან პრობლემებს.  ებრძვიან ყველას და ყველაფერს, ვინც და რაც რუსეთისთვის არის მიუღებელი. ''
 
მიხეილ სააკაშვილს ამის მაგალითად მოყავს დღევანდელი ხელისუფლების ფინანსური პრეტენზიები მხატვრული ფილმის ,,აგვიტოს ხუთი დღე'' შემქმნელებთან და პროდიუსერებთან,  ,,თქვენ ნახეთ, რომ ამასწინათ დაარიცხეს ფული მათ , ვინც გადაიღო ფილმი  2008 წლის ომის შესახებ, ვინც დაეხმარა ამერიკელ პროდიუსერებს. და თუ ამის შემდეგ ვინმე მეტყვის, რომ ეს არ არის რუსული სექტორი… რა თქმა უნდა, ეს რუსული სექტორია. ''
 
დღეს  ციხეებიდან გამოუშვეს ყველა, ვინც საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა, – განაგრძობს მიხეილ სააკაშვილი – მათ შორის გამოუშვეს ჩახალიანი,  გამოუშვეს პირი, რომელიც ფაქტობრივად პირდაპირ ონლაინ რეჟიმში გადასცემდა მტერს ინფორმაციას ჩვენი ჯარების გადაადგილების შესახებ, ამასთან გამოუშვეს როგორც პოლიტპატიმრები, როცა ისინი რეალურად რუსული სპეცსამსახურების აგენტები არიან. 
 
დღეს საქართველოს ყავს ორი მტერი – ერთი, რომელიც განაგრძობს ქართული მიწების ოკუპაციას და მეორე – შიგნით, ვინც მოაჯდა და ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს,  განსაკუთრებით ინსტიტუტებს, რომლებიც  დეოკუპაციასთან და საქართველოს განთავისუფლებასთან არის  დაკავშირებული.
 
მაგრამ ისინი დღითიდღე სუსტდებიან, დღეს ისინი ძალიან სუსტები არიან, მათი ლიდერის ჩათვლით,  თუმცა რა ლიდერი, ისინი  მაშინ   ქართულ პოლიტიკაში შემოვიდნენ იმით,  რომ მათ მხარეს იდგა იმპერია, რომელსაც ქონდა ყველა ბერკეტი და 2012 წელსაც და შემდეგაც, უკვე შარშანდელ არჩევნებზეც განახორციელა კლასიკური სპეცოპერაცია.
 
მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ რუსეთი ერევა ამერიკის არჩევნებშიც და მათი ჩარევა საქართველოს არჩევნებში იყო პირველი ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, რომელიც მათ ამ მხრივ განახორციელეს.
 
მათ ჩვენზე გამოსცადეს, მოსინჯეს ყველაფერი – ჩვენზე განხორციელდა პირველი ღია ომი, ჩვენზე განხორციელდა პირველი კიბერშეტევა კომპიუტერულ ქსელებზე, ჩვენზე განხორციელდა პირველი ჩარევა არჩევნებში 2012 წელს. ჩვენზე ცდიან ჭორების გამავრცელებელი ინსტიტუტებს, რის შედეგადაც გვაქვს   სამარცხვინო პროცესი,  რაც ახლა მიმდინარეობს ( დააკვირდით უბრალოდ, რეებს ბოდიალობენ, რეებს მიედ–მოედებიან). ეს ხალხი არის დღეს საქართველოს მტერი.
 
და ასეთ პირობებში ძალიან მახარებს, რომ აქ ასე საბრძოლოდ განწყობილ ადამიანებს ვხედავ. საერთოდ  აფხაზეთს საუკეთესო ხალხი  ყავდა წარმოდგენილი ყოველთვის, ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული , ხოლო შემდეგ ნაციონალურ მოძრაობაში და ახლაც ჩვენთან არიან.  თუ კარგად დაუკვირდებით, ვინ დაგვტოვა ჩვენ? – მხოლოდ  მათ, ვინც  დაიღალა ან  ბიუროკრატად და კორუმპირებულად იქცა. 
 
დღეს ჩვენ გვებრძვიან ისინი, ვისაც გვერდით  7 მილიარდიანი ოლიგარქი და უკან რუსეთი ყავთ. რატომ ვერ აკეთებენ ვერაფერს? იმიტომ, რომ ამ პარტიის უკან დგას იდეა, ამ პარტიის უკან დგანან,  უფრო ზუსტად, წინ მიუძღვიან პიროვნებები.  იდეას და პიროვნებას კი ფულით ვერ დაამარცხებ,   მასზე საბოლოო გამარჯვება ფულით გამორიცხულია, ამიტომ, ჩემი ღრმა რწმენით, სპეცოპერაციის შედეგები არის ძალიან დროებითი აქაც, უკრაინაში,  პარალელურ ხაზზე,  და საქართველოშიც, მით უმეტეს ზალიკოს,  ნიკას  და სხვა კანდიდატურების პირობებში, ჩვენი, თქვენი  შემართების, ხელების არჩამოშვების პირობებში. 
 
ჩვენს ბიჭებს დევნიან , მათ უწყობენ  სასამართლოებს, მაგრამ ჩვენს მოწინააღმდეგებს  ვერაფერი შველით, ამიტომ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
დიახ, ისინი კიდევ შემოაგდებენ რაღაცეებს,   კიდევ გააფუჭებენ რაღაცეებს,  მაგრამ ეს არაფერი, ჩვენ ვეყრდნობით   ხალხს და არა ვიღაცას, ვინ უცხოეთში თუ სადღაც არის ხის კენწეროზე  ან   ამოთხრილი ხეების უკან.  
 
ეს ხალხი თვითონ გააკეთებს არჩევანს და არჩევნები არის მომენტი იმ სიტუაციის შესაქმნელად, რომ მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია. 
 
ჩვენ ვართ ერთადერთი მთავრობა, რომელმაც გააკეთა ის, რაც 1991 წლის შემდეგ არავის გაუკეთებია – ჩვენ წავართვით რუსეთს მიტაცებული ტერიტორია (რუსეთი არ აბრუნებს, რუსეთი ყოველთვის იპყრობს ტერიტორიებს). ჩვენ ვიყავით ერთადერთი, ვინც მას წართმეული ტერიტორია გამოსტაცა.  ეს არის აჭარა.
 
აჭარა რომ არ წაგვერთმია, დღეს საქართველო არ იქნებოდა. ბათუმი მაშინ იყო ჩვეულებრივად დაპყრობილზე უარეს სიტუაციაში ( მე იქ ხშირად ჩავდიოდი და ვიცი, რა მდგომარეობა იყო ასლანის პირობებში). ჩვენ რომ მაშინ ის რეჟიმი არ გადაგვეგდო, 2008 წლის ომის შემდეგ აჭარის დამოუკიდებლობასაც ზუსტად ასევე გამოაცხადებდნენ და მერე საქართველო არ იქნებოდა.
 
აჭარაში ჩვენ ეს შევძელით. მაგრამ უნდა მოვახდინოთ დანარჩენი ტერიტორიების დეოკუპაცია (პირველ რიგში  ახლა  გვჭირდება თბილისის ,,დეოკუპაცია’’ (ექსპრეზიდენტი იცინის   –  ოდიში ნიუსი)  , მისი   დახსნა   ოლიგარქის ზეგავლენისგან  და მაშინ ჩვენ შევძლებთ საქართველოს დეოკუპაციას  ხალხის მხარდაჭერით  და კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ ხალხია გადამწყვეტი ძალა და არა ის,  ვინც ცდილობს საქართველოს დაჩოქებას. 
 
სიტუაცია არ არის მარტივი: საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი ხუთ წელიწადში მნიშვნელოვნად შემცირდა, საქართველოს ეკონომიკა ქვეთდება, შემოსავლები იკლებს, ვალები იზრდება– ეს გამოიხატება რეალურ ციფრებშიც. საქართველოში თანდათან იშლება სახელმწიფო ინსტიტუტები. მაგრამ არის ხალხი, რომელიც არის ჩვენი ძალა. 
 
სწორია. ჩვენი იერუსალიმი არის სოხუმი ( მე ეს ინიციატივა და მისი ლოზუნგი ძალიან მომწონს), ეს ნამდვილად ასე არის და მიმაჩნია, რომ ერთად უნდა ვიბრძოლოთ,  რომ ,,მომავალ წელს – სოხუმში, გაისად – სოხუმში’’ ვიყოთ, მაგრამ სოხუმის განთავისუფლებამდე ჩვენ პირველ რიგში უნდა გადავარჩინოთ დანარჩენი საქართველო ახლა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ.
 
ვიბრძოლოთ. მე აქედან, თქვენ – მანდედან და ყველაფერი კარგად იქნება. აბა თქვენ იცით.'' – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
( ,,ოდიში ნიუსი'' ბოდიშს უხდის მიხეილ სააკაშვილსა და მკითხველს მცირე ხარვეზებისა და შესაძლო შეცდომებისთვის  ვიდეოჩანაწერის  ამ ტექსტურ ვარიანტში, რაც ჩვენს ხელთ არსებული ვიდეოჩანაწერის ხარისხით არის განპირობებული )  
 
წინა სტატიაშატილის ხეობაში ჩარჩენილი ყველა ტურისტი ნაპოვნია და გადმოყვანილი
შემდეგი სტატია”ევროპული საქართველო” ზუგდიდში მერობის კანდიდატად ლელა ქებურიას წარადგენს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური