ზედიზედ მეორედ – ”რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ისტორია შეცვალა

0
538

ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წლების სეზონის გამარჯვებული მადრიდის ''რეალი'' გახდა. კარდიფის ეროვნულ სტადიონზე გამართულ ფინალურ შეხვედრაში ''სამეფო კლუბმა'' 4:1 დაამარცხა ტურინის ''იუვენტუსი.'' ''სამეფო კლუბი'' გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო, ორივე შემთხვევაში ესპანურ გრანდს ფრანგი ზინედინ ზიდანი წვრთნიდა.
''რეალმა'' ჩემპიონთა ლიგის (ჩემპიონთა თასის)  მე-12 ფინალი მოიგო, ხოლო კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგის თასი მადრიდულმა გუნდმა მეექვსედ მოიგო, რაც ასევე საუკეთესო შედეგია ევროპულ ფეხბურთში. ''რეალი'' ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ დამარცხებულა და მხოლოდ ერთხელ დათმო ჩემპიონთა თასის გადამწყვეტი მატჩი.
ფოტო: UEFA Champions League
 
პირველ ტაიმში ორივე გუნდმა აჩვენა მაღალი კლასის, გახსნილი ფეხბურთი, ვიხილეთ მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. რონალდუმ ანგარიში გახსნა, მანჯუკიჩმა კი ბრწყინვალე დარტყმით წონასწორობა აღადგინა – 1:1.
 
მეორე ტაიმის სტარტი ''რეალის'' უპირატესობით განვითარდა და ბუფონის კარში ლოგიკური გოლი გავიდა, საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა კაზემირომ კარისკენ ძლიერად დაარტყა, რიკოშეტის შემდეგ ბურთმა მიმართულება შეიცვალა და ტურინული გუნდის კარის ბადეში აღმოჩნდა, ბუფონის ნახტომი უშედეგო გამოდგა, რთულია იტალიელი მეკარე დაადანაშაულო, ასეთ დროს ბურთი მოგერიება ძალიან რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. კაზემიროს გოლს რონალდუს დუბლი მოჰყვა და ''იუვე'' კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდა როგორც ანგარიშიდან გამომდინარე, ასევე ფსიქოლოგიური კუთხით. მარტივად რომ ვთქვა, ''რეალმა'' იტალიურ გუნდს მეორე ტაიმში აშკარად აჯობა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. 84-ე წუთზე არბიტრმა კუადრადოს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, 90-ე წუთზე კი რიცხვობრივი უპირატესობა ზიდანის გუნდმა გამოიყენა და ცვლილებაზე გამოსულმა ასენსიომ, მარსელოს აქტიურობის შემდეგ, ახლო მანძილიდან შეუგდო ლეგენდარულ მეკარეს – 1:4.
 
კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სამ ფინალში შეძლო გატანა. პორტუგალიელმა დღევანდელი ფინალის გარდა 2008 და 2014 წლის ფინალებში შეძლო თავის გამოჩენა. ასევე საინტერესოა, რომ ხორვატმა მარიო მანჯუკიჩმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალში შეძლო გოლის გატანა, ''იუვენტუსის'' ფორვარდმა 2013 წელს ''ბაიერნის'' მაისურით შეაგდო ფინალში და დღეს ''რეალს'' საოცარი გოლი ''მაკრატელა'' დარტყმით გაუტანა.
დღევანდელ ფინალში კრიშტიანუ რონალდუს პირველი გოლი ''რეალისთვის'' ჩემპიონთა ლიგაში რიგით მეხუთასე იყო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე ადგილს 459 გოლით კატალონიის ''ბარსელონა'' იკავებს. 500 გოლიდან ''რეალმა'' ყველაზე მეტი, 30 გოლი მიუნხენის ''ბაიერნს'' გაუტანა.
ფოტო: UEFA Champions League
 
ტურინის ''იუვენტუსის'' გამარჯვების შემთხვევაში ჯანლუიჯი ბუფონი გახდებოდა ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, თუმცა იტალიელმა თანამემამულე პაოლო მალდინის რეკორდი ვერ დაამხო, ''მილანის'' ლეგენდამ 38 წლისა და 331 დღის ასაკში შეძლო 2007 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვება.
 
ფოტო: JUVENTUS F.C.
 
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა, რომლისთვისაც მე-20 წუთზე გატანილი გოლი  კარიერის 855-ე თამაშში მეექვსასე იყო, იგულისხმება როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო მატჩები. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი 12 გატანილი გოლით ზედიზედ მეხუთე გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. რონალდუმ 10 გოლი მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ შეხვედრებსა და ფინალურ მატჩში გაიტანა.
 
ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ აქვთ მოგებული ანდრეს ინიესტასა და კლარენს ზეედორფს, მათ ოთხივე მოგებულ ფინალში მიიღეს მონაწილეობა,  კარდიფში მოპოვებული გამარჯვებით რონალდუმ მათი შედეგი გაიმეორა. ასე რომ ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს მოგებული, რომლებმაც ოთხივე ფინალში ითამაშეს. აქვე უნდა ითქვას, რომ ხავიმ, მესიმ, პიკემ და ეტოომ მართალია ოთხჯერ შეძლეს თასის აღმართვა, თუმცა მხოლოდ სამი ფინალში ითამაშეს.
ზიდანი ოჯახთან ერთად ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ
 
''იუვენტუსი“ – ''რეალი“ 1:4 (1:1)
კარდიფი, ეროვნული სტადიონი, 65 842
''იუვენტუსი“: ბუფონი; ბარძალი (კუადრადო 66), ბონუჩი, კიელინი, დანი ალვეში, პიანიჩი (მარკიზიო 71), ხედირა, ალექს სანდრო, დიბალა (ლემინა 78), მანჯუკიჩი, იგუაინი
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
''რეალი“ : ნავასი, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო, კროოსი (მორატა 89), კაზემირო, მოდრიჩი, ისკო (ასენსიო 82), ბენზემა (ბეილი 77), რონალდუ
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
გოლები: 0:1 რონალდუ (20), 1:1 მანჯუკიჩი (27), კაზემირო (61), 1:3 რონალდუ (64), 1:4 ასენსიო (90)
გაფრთხილებები: დიბალა (12), პიანიჩი (66), ალექს სანდრო (70), კუადრადო (72, 84) – რამოსი (31), კარვახალი (42), კროოსი (53), ასენსიო (90)
გაძევება: კუადრადო (84)
მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

 
წინა სტატიასამეგრელოს საპატრულო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიატრაგედია ლონდონ ბრიჯზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური