კრიტერიუმები, რომლითაც დევნილები ფულად დახმარებას მიიღებენ

0
404

დევნილებისთვის ფულადი დახმარების გაცემის წესი განისაზღვრა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის ბრძანებით, ფულად დახმარებას დევნილები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მიიღებენ:

  • ოჯახის წევრის გარდაცვალება – თუ გარდაცვლილის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 001-ზე ნაკლებს;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია – თუ დევნილი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 30 001-ზე ნაკლებს;
  • ონკოლოგიური დაავადება; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი; მრავალშვილიანობა – თუ ოჯახის შემადგენლობაში არის 3 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრი;
  • ქირურგიული ოპერაციის საჭიროება – თუ დევნილი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 001-ზე ნაკლებს;
  • ომის ვეტერანის/ომში დაღუპულის ან მარჩენალდაკარგულის სტატუსი – თუ ოჯახში არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი ან ოჯახის წევრს მინიჭებული აქვს ომში დაღუპულის/მარჩენალდაკარგულის სტატუსი; მარტოხელა მშობლის/ქვრივის სტატუსი. 

ფულადი დახმარება ამ წესის შესაბამისად შეიძლება გაიცეს 6 თვეში ერთხელ. თუკი დევნილი ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მან განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. განცხადებას სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა ახლდეს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

წინა სტატიაგაწბილებული ,,ღამის მგლები” უკბილოდ იღრინებიან
შემდეგი სტატიამამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური