მაია ასათიანი "პროფილში" დაბრუნდა,.გადაცემის ჩაწერა უკვე დასრულდა. იგი 4 მაისს გავა ეთერში (ტრადიციულ დროს, ხუთშაბათს 22:00 საათზე) პირველად, ორი თვის პაუზის შემდეგ, რომელიც ტელეწამყვანის შვილის გარდაეცვალებას მოყვა.
ამ ინფორმაციამ ძალიან გაახარა მაია ასათიანის კოლეგები და სხვა გულშემატკივრები, რომლებიც სოციალურ ქსელში წერენ, რომ ამას ძალიან დიდი სიძლიერე სჭირდება და მაიამ ეს შეძლო.
ეთერში მაია ასათიანის დაბრუნებას ეხმაურება ნიკა ქავთარაძეც: "ბავშვი ვიყავი, როცა გავიგე ერთ-ერთ ქართველ მომღერალზე – შვილის სიკვდილი კონცერტის წინ გაიგო და მაინც გამოვიდა სცენაზეო. თან მღეროდა და თან ცრემლები მოსდიოდაო – ასე სცა პატივი პუბლიკასაც, საკუთარ შვილსაც და საკუთარ პროფესიასაცო.
წლების განმავლობაში არ დამვიწყებია ეს ამბავი და უამრავჯერ მიფიქრია, რამხელა ძალა უნდოდა ამ ნაბიჯის გადადგმას.
დღეს გავიგე, რომ "პროფილი" ბრუნდება ეთერში – მაია ასათიანი ზუსტად ისე ემახსოვრებათ თაობებს, როგორც მე თემურ წიკლაური!" – წერს ნიკა ქავთარაძე.
"არ ვიცი, როგორ და რანაირად ახერხებს, მაგრამ ფაქტია – არა მარტო თავის საქმეში ყოფილა ეს გოგო ყველაზე მაგარი", – ასე ეხმაურება ნიკა გვარამია მაია ასათიანის ეთერში დაბრუნებას.
თავად ტელეწამყვანი მადლობას უხდის მაყურებელს თანადგომისთვის.
,,სავსე მაქვს გული თქვენი სითბოთი და სიყვარულით! დიდი მადლობა ამ საოცარი ენერგიისთვის, ჩემი გულშემატკივრობისთვის და მხარდაჭერისთვის! მე თუ ფეხზე დადგომა და ჩემი საქმის გაგრძელება შევძელი ეს თქვენი დამსახურებაცაა- წერს იგი თავის პირად ფეისბუქგვერდზე.
გადაცემაც ასე იწყება: “ეს ძალიან რთული გზა იყო, თქვენამდე მოსასვლელი გზა… და მე მოვედი” .