უსუფაშვილი ბრუნდება – ვინ იქნება ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში?

0
368
ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი ისაკაძე, ვახუშტი მენაბდე – ეს ის ადამიანებია, რომლებიც შესაძლოა დავით უსუფაშვილის ახალ პარტიაში ვიხილოთ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ჩამოთვლილ პირებთან ახალი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჰქონდა. ამის შესახებ უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, "მოამბისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 
„ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი ბოლო 3-4 თვეში. არ უარვყოფ, რომ შეხვედრები მქონდა იმ ადამიანებთანაც, რომლეზეც კითხვა დამისვით, მაგრამ დანარჩენს ვერაფერს გატყვით“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.   
ამასთან, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერის თქმით, ახალი პოლიტიკური გუნდის შესახებ განცხადებას დაახლოებით ერთ კვირაში გააკეთებს.
„უახლოეს დღეებში, მაქსიმუმ ერთ კვირაში მოგახსენებთ უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ რა ტიპის პოლიტიკურ ძალას ეყრება საფუძველი, რა ეტაპებს გაივლის ეს პოლიტიკური ძალა,  ძირითადად რა პრინციპებზე იქნება  აწყობილი . აგრეთვე, მოგახსენებთ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს გადაწყვეტილებას, კონკრეტულად, თბილისში, ასევე, სხვა ქალაქებშიც, ვინაიდან, ადგილობრივი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა. რა  თქმა უნდა, ამ პროცესში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას“,- განახცადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტიკური ძალის წარმატებისთვის იგი უნდა იყოს მყარად დაფუძნებული საზოგადოებაზე, მოქალაქეებზე და მისი შექმნის პროცესი  დიდწილად განაპირობებს ამ პარტიის შემდგომ რაობასაც.
„პოლიტიკურ, პარტიულ ცხოვრებაში  გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა.  ეს გამოცდილება მკარნახობს – პოლიტიკური ძალა რომ იყოს წარმატებული, უნდა იყოს ძალიან მყარად დაფუძნებული საზოგადოებაზე, მოქალაქეებზე და მისი შექმნის პროცესი  დიდწილად განაპირობებს ამ პარტიის შემდგომ რაობასაც, ამიტომ, ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული.  საქმე არის საშური, მაგრამ ჩვენ ვიჩქარებთ ნელა“,-განმარტა დავით უსუფაშვილმა. 
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებას ადასტურებს "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ვახტანგ ხმალაძეც. კონსტიტუციონალისტი მომავალი პარტიის წევრების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ მოსალოდნელია ახალი სახეების გამოჩენაც. მისივე ინფორმაციით, ახაქლი გუნდის პრეზენტაციის შემდეგ გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა პარტია მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებზე.
ირაკლი ჩიქოვანი პარლამენტის ყოფილი წევრია, რომელიც მონაწილეობას იღებდა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ის ზუგდიდის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი იყო. რაც შეეხება გიორგი ისაკაძეს – ის ამჟამად ტელეკომპანია "პირველში" ეკონომიკური ფორმატის გადაცემის ავტორი და წამყვანია, პარალელურად ჟურნალ "ფორბსის" რედაქტორი. ვახუშტი მენაბდე კი კონსტიტუციონალისტი და "ადამინის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელია. 
დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. მას ამ დრომდე პოლიტიკური ტაიმ-აუტი ჰქონდა აღებული. 
 
წინა სტატიასაკონსტიტუციო კომისიაში ოპოზიციის მუშაობის შეწყვეტას გია ვოლსკი საბოტაჟს უწოდებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ფუნქციები გადავიდა პრემიერ-მინისტრთან- გიორგი მარგველაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური