საკრებულომ გარე ვაჭრობის რეგულირების წესი ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაამტკიცა

0
378

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცება საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატთა დაპირისპირების საბაბი გახდა. თემის გარშემო აზრთა სხვადასხვაობა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ხარჩილავასა და ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ანა წითლიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად საკრებულოს უმრავლესობამ გარე ვაჭრობის რეგულირების წესი ერთხმად მაინც დაამტკიცა. ოპოზიციის განცხადებით, მოხდა საკითხის დაჩქარებული წესით მიღება. მათი თქმით,უნდა მომხდარიყო ყველა მხარის არგუმენტების შეჯერება. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, თვის ბოლომდე დაგეგმილი იყო რამდენიმე შეხვედრა ენ-დი-აის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, სადაც კონკრეტულ კონსენსუსზე უნდა მომხდარიყო შეჯერება.

ხელისუფლებას კონკრეტულ გადაწყვეტილებაში არ ენდობა ოპოზიციური ფრაქციის კიდევ ერთი წევრი. ბათლომე შელიას განცხადებით, მიუხედავად მათი მზაობისა, ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა გარე ვაჭრობის რეგულირების აღნიშნული წესის დაჩქარებულად მიღება.

ახალი რეგულაციის მიხედვით, ქალაქის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა აიკრძალება ზვიად გამსახურდიას გამზირზე, ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე, მუზეუმის ცენტრალურ შესასვლელთან, ასევე, ნარმანიას, კვირკველიას, კედიას, თეატრის, მეუნარგიას, ლაღიძის, მერაბ კოსტავას, გამარჯვების, მარცხენა სანაპიროს და და ვახტანგ მეექვსის ქუჩებზე.

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ნუგზარ სარიას განმარტებით, გარე ვაჭრობის რეგულაციასთან დაკავშირებით დღეს მიღებული გადაწყვეტილება ძალაში საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

წინა სტატიააფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებას ზურაბ აბაშიძე უარყოფს
შემდეგი სტატიაწაჩხურუს აკვნები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური