ლექსემა ,,აღდგომა – თანაფას” გაგებისათვის

0
1279

 

ქართულისგან განსხვავებით, მეგრულ-ლაზურში აღდგომის აღმნიშვნელი ლექსემა უკავშირდება არა ადგომის (ა- ზმნისწინი მიღებულია ძვ. აღ- ზმნისწინისაგან), არამედ თენების აღმნიშვნელ ძირს: თანაფა „აღდგომა“. ქართული ნააღდგომევის მსგავსი წარმოებაა ამავე მნიშვნელობის მეგრული ფორმა ნოთანაფენი. თანაფა „თენება, გათენება“ გულისხმობს ახალი დღის დასაწყისს, ქრისტიანული გაგებით, კი მაცხოვრის აღდგომით კაცობრიობას მიეცა განახლების საშუალება. ვფიქრობთ, სწორედ ამგვარი აღქმა დაედო საფუძვლად ამ დღესასწაულის თანაფა ტერმინით სახელდებას.- ნატქვამია  მედეა საღლიანისა და  ნათია ფონიავას სტატიაში  ,,აღდგომა   ზანურ / კოლხურ (მეგრულ-ლაზურ) ენაში'', რომელსაც ,,BU ცოდნის პორტალი'' აქვეყნებს. 
 
ქართულში შესიტყვება აღდგომა გაუთენდა ნიშნავს „ბედნიერი დღე გაუთენდა, სასიხარულო დრო დაუდგა“, ასეა მეგრულშიც: თანაფაქ გუთანდჷ „სიხარული, ბედნიერება ეწვია (ზედმიწ. „აღდგომამ გაუთენდა“). მისი სინონიმური იდიომი დასტურდება ალიო ქობალიას ლექსიკონში: თანაფაქ გემშურთჷ „გუნებაზე მოვიდა, გაიხარა (ზედმიწ. „აღდგომამ შეუვიდა“)“.
 
ლაზურში თანაფა-ს შემცველი ასეთი იდიომები  არ გვხვდება, რადგან ეს სიტყვა რელიგიური შინაარსისგან დაცლილია. აღდგომის მნიშვნელობით ის გვხვდება ალი თანდილავას ლექსიკონში, მაგრამ თანამედროვე ლაზთა მეტყველებაში იგი მხოლოდ (გა)თენების სემანტიკით გამოიყენება. იგივე თან- ძირის შემცველი ოთანუ ზმნა ალი თანდილავას ლექსიკონში გათენების პარალელურად ნათებასა და ბრწყინვასაც გამოხატავს. ამ ქრისტიანული დღესასწაულის ხსენება თუ დასჭირდა ლაზს, საქართველოში მცხოვრები იხმარს აღდგომა ლექსემას, თურქეთში მცხოვრები – პასქალია-ს, რომელიც ბერძნულიდან მომდინარე ტერმინია და თურქულშიც ამ ფორმით გვხვდება.
 
სამეგრელოში აღდგომამდე ორი კვირით ადრე აღინიშნება აიობა , რასაც მოსდევს ბზობა – მეგრულად ბაიობა. მას ადრე თურმე ბჟაშ ჩხორიას „მზის სხივს“ ეძახდნენ. აიობის დღესასწაულზე სცოდნიათ სახლის ყვავილებით მორთვა, ახლა ანალოგიური რიტუალი მხოლოდ ბზობა დღეს სრულდება – სახლში მიმოფანტავენ ბაიას. ადრე თურმე ბაიას იატაკზე წრიულად, მზის ფორმით დაყრიდნენ და ზედ კვერცხს გადააგორებდნენ, რომელსაც აუცილებლად შეღებავდნენ აღდგომას. ამ დღეობებთან დაკავშირებული ერთი ხალხური ლექსია მეგრულში:
„აია რე, ბაია რე,                                                
ბაიაშ წორი თანაფა რე,                                      
ქირსე დო კალანდა რე,                                     
წაკურთხია დიდი (ჯგირი) დღა რე.“             
 
( ქართული პწკარედი:
„აია არის, ბზობა არის,                                                                              
“ბზობის სწორს [სწორი] აღდგომა არის,
შობა არის და კალანდა არის,
 წყალკურთხევა დიდი (კარგი / წმინდა) დღე არის).
 
აღდგომასთან დაკავშირებულია ასევე ტერმინები: წითელი პარასკევი და წითელი კვერცხი, რომლებიც მეგრულშიც გვაქვს და დასახელებული ქართული შესიტყვებების თარგმანს წარმოადგენს: ჭითა ობიშხა და ჭითა კვერცხი / მარქვალი. მჭითა მაქვალი საზღვარსგაღმა ლაზებმაც იციან, წითელ კვერცხს ღებავდნენ თურმე ისტორიული ტაო-კლარჯეთის მკვიდრნიც, ოღონდ მას ქრისტიანული დატვირთვა არ ჰქონდა. ერთ-ერთი ხოფელი მთქმელის ინფორმაციით, ეს ჩვეულება დაახლოებით 1980 წლამდე შენარჩუნებულა. საერთოდ ნოვრუზ ბაირამზე წითელი კვერცხის შეღებვის ტრადიცია სხვა ხალხებსაც აქვთ, რაც მათთვის სიმბოლოა ბუნების გაცოცხლებისა. ამ შესიტყვებებს, გარდა პირდაპირისა, აქვთ გადატანითი მნიშვნელობები, ქართულის მსგავსად: მეგრ. ჭითა კვერცხი, ლაზ. ჭითა მაქვალი „გამორჩეული ვინმე“ (ზედმიწ. „წითელი კვერცხი“): ჭითა მაქვალი ხოშ ვაე „წითელი კვერცხი ხომ არ ხარ?“
 
თომას კვირის აღმნიშვნელად მეგრულში დასტურდება უფალთანაფა და ჭიჭე თანაფა (ზედმიწ. „პატარა აღდგომა“), ასევე გვხვდება ოსურთანაფა || ოსურეფიშ თანაფა „აღდგომის მეორე კვირა“. ბოლო შესიტყვება, ცხადია, დაცლილია ქრისტიანული შინაარსისგან, თუმცა რთულია იმის თქმა, თუ რა დაედო საფუძვლად მის ამგვარ სახელდებას.
 
აღდგომას სამეგრელოში ერთმანეთს ასე ულოცავენ: ბრელ წანაშ თანაფას (ზედმიწ. „მრავალი წლის აღდგომას“ || ბედინერი თანაფა გოითანუან(ი) ღორონთქ (ზედმიწ. „ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ ღმერთმა“), ბოლო დროს კი უმეტესად  ქრისტე აღდგა შესიტყვებას იყენებენ, პასუხადაც ჭეშმარიტადო მიუგებენ.
წინა სტატიასპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის კორიდორის აშენება განიხილება
შემდეგი სტატიასაქართველო ლეგენდარულ ტელეწამყვანს ჟანეტა არჩვაძეს ეთხოვება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური