მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომას ზეიმობს- საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა

0
365
მართლმადიდებელი სამყარო დღეს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდა. მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა მოეწყო, რომლის დროსაც სასულიერო პირები, ტაძრის მსახურები და მრევლი ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობელს გალობდნენ. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდა. ეკლესიებში განაწილდა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი, რომელიც მომლოცველთა ჯგუფმა თბილისში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოიტანა. მორწმუნეებისთვის დღეს 50-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც წელს 14 მარტს დაიწყო. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და ეკლესიურ ადამიანებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ.წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.
წინა სტატიასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
შემდეგი სტატიამართლმადიდებლები და კათოლიკეები აღდგომის დღესასწაულს წელს ერთდროულად ზეიმობენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური