მთავარისიახლეებისაზოგადოებაოგნის დაბრუნება - 23 წლიანი პაუზის შემდეგ თურქეთში ლაზურენოვანი ჟურნალის გამოცემა განახლდა

ოგნის დაბრუნება – 23 წლიანი პაუზის შემდეგ თურქეთში ლაზურენოვანი ჟურნალის გამოცემა განახლდა

Published on

 ,,ლაზთათვის, ლაზური კულტურული მოძრაობისთვის ეს მოვლენა გახლავთ უმნიშვნელოვანესი სტიმულისა და იმედის მომცემი, მაჩვენებელი იმისა, რომ ლაზი ხალხი, ლაზური ენა, ლაზური იდენტობა, ლაზური კულტურული მოძრაობა არა ქაღალდზე არსებული ლამაზი სიტყვები, არამედ მიწაზე მყარად მდგომი, ძლიერი და შემტევი ორგანიზმია.'' – ასე ეხმაურება BU ცოდნის პორტალზე ( დამფუძნებელი და რედაქტორი ბუბა კუდავა) ლიბერალიზმის ინსტიტუტის დირექტორი გივი ქარჩავა ლაზურენოვანი ჟურნალის ,,ოგნის'' გამოცემის განახლებას თურქეთში.
 
„1993 წელი არის წელი, როდესაც თითქოს უხილავი ძალის შეძახილზე თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში, ევროპისა და აზიის ერთ-ერთი უდიდესი მეგაპოლისის, სტამბოლის სხვადახვა უბნებში გაფანტული ლაზები ერთ ადგილას, ერთ მუჭად იკრიბებიან და იწყებენ ფიქრს და ზრუნვას მშობლიურ ენაზე, მათი ნაციონალურ იდენტობის გადარჩენაზე“.
 
1993 წელი უმნიშვნელოვანესი თარიღია ლაზების თანამედროვე ისტორიაში. ამ წელს უკავშირდება თურქეთის რესპუბლიკაში ლაზთა კულტურული მოძრაობის დაწყება, რომელიც საკმაოდ მდიდარი ისტორიით ხასიათდება. მაგალითისთვის, 1993 წელს დაარსდა პირველი ლაზური როკ-ჯგუფი „ზუღაში ბერეფე“ (ზღვის შვილები), რომელმაც არამხოლოდ ლაზების, არამედ ზოგადად თურქეთის სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა. 1993 წლიდან იწყება ლაზეთზე – მის ხალხზე, ისტორიაზე და ენაზე წიგნების მასიური გამოცემა. 1993 წელი არის წელი, როდესაც თითქოს უხილავი ძალის შეძახილზე თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში, ევროპისა და აზიის ერთ-ერთი უდიდესი მეგაპოლისის, სტამბოლის სხვადახვა უბნებში გაფანტული ლაზები ერთ ადგილას, ერთ მუჭად იკრიბებიან და იწყებენ ფიქრს და ზრუნვას მშობლიურ ენაზე, მათი ნაციონალურ იდენტობის გადარჩენაზე.
 
ამ ადგილს, ამ სივრცეს სიმბოლურად „ოგნი“ ეწოდება. „ოგნი“, უფრო სწორედ „ოგნი სქანი ნენა“ („შეიცან შენი ენა“! ან „ისმინე შენი ხმა“!) გახლდათ თურქეთის რესპუბლიკაში გამომავალი პირველი ლაზურენოვანი ჟურნალი, რომელმაც იმ დროისთვის გამაერთიანებლის, ჩირაღდნის როლი შეასრულა ლაზთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
 
ოგნიმდე ლაზურენოვანი პრესის გამოცემის პრეცედენტი არსებობს საქართველოში (გაზეთი „მჭითა მურუცხი“, 1929) და გერმანიაში (ჟურნალი „ფარფალი“ 1984 და ჟურნალი „ლაზური ამბარეფე“ 1992). თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, თურქეთში, სადაც ლაზების აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს, ეს იყო პირველი ლაზურენოვანი ჟურნალი და შესაბამისად მას ჰქონდა უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენის ფასი, რადგან ლაზებმა, ხალხმა, რომელიც ეთნიკურად და ენობრივად მძიმე ასიმილაციური პროცესების ქვეშ გახლავთ, დღის შუქზე იხილეს მათ არქაულ ენაზე გამოსული ჟურნალი, იმ ენაზე, რომელზეც საუბარი მაინცადამაინც კარგ ტონად არ იყო მიჩნეული თურქეთში. უცებ, ერთ დღეს, ხალხმა, რომელსაც ჩააგონებდნენ, რომ მათი ისტორია სულთან სელიმის მიერ ტრაპიზონის აღებიდან იწყება, წაიკითხა, რომ მათ ბევრად უფრო ძველი, ბევრად უფრო მდიდარი ისტორია აქვთ. გაეცნენ არგონავტთა მითს, ცნობებს ოქრომრავალ კოლხეთზე, ეგრისზე და ლაზიკაზე, ლაზ ელჩებზე და ორატორებზე, მეფე გუბაზზე, რასაც მათ არავინ ასწავლიდა თურქულ სკოლებში.
 
ნაციონალურმა გრძნობებმა გაღვივება დაიწყეს და ეს პროცესი დღემდე გრძელდება, შეიძლება ითქვას საკმაოდ წარმატებულადაც – სწორედ 1993 წლის მერე გაიშალა ფართოდ ლაზური კულტურული მოძრაობა, რომელსაც მოჰყვა ათეულობით წიგნის გამოშვება ლაზურ ენაზე, როგორც სამეცნიერო, ასევე მხატვრული ლიტერატურის, ლაზური რადიოს დაბადება, ლაზური ელეტრონული მედიის ამუშავება, საკმაოდ თამამი მცდელობები სატელევიზიო პროდუქტების შექმნისა. და ამ ყველაფერს ქმნიდა და დღემდე ქმნის თავის დროზე „ოგნი“-ს გარშემო შემოკრებილი ხალხი.
თუმცაღა, „ოგნი“-მ მხოლოდ ერთი წელი იარსება და 1994 წლის სექტემბერში მეექვსე ნომრის გამოსვლის შემდეგ არსებობა შეწყვიტა. შემდგომ იყო არაერთი სხვა ჟურნალი: „მჟორა“ (მზე), „თანურა“ (მანათობელი), „სქანი ნენა“ (შენი ენა), მაგრამ ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო ჩაენაცვლებინა „ოგნი“ და შესაბამისად ვერცერთი მათგანი ვერ გახდა გრძელვადიანი პროექტი. და თითქოს ნიადაგი შემზადდაო, თითქოს გარემოება მომწიფდაო, 6 აპრილს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამ დღეებში „ოგნი“-ს გამოცემა განახლდება და 23 წლის შემდეგ გამოვა მისი მეშვიდე ნომერი! ხოლო, ჟურნალი დატვირთულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და გამოცემათა სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დადგება.
 
შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ლაზთათვის, ლაზური კულტურული მოძრაობისთვის ეს მოვლენა გახლავთ უმნიშვნელოვანესი სტიმულისა და იმედის მომცემი, მაჩვენებელი იმისა, რომ ლაზი ხალხი, ლაზური ენა, ლაზური იდენტობა, ლაზური კულტურული მოძრაობა არა ქაღალდზე არსებული ლამაზი სიტყვები, არამედ მიწაზე მყარად მდგომი, ძლიერი და შემტევი ორგანიზმია. ვისურვებდი, 23 წლის შემდეგაც „ოგნი“-მ ისევ იკისროს გამაერთიანებლის მისია, რაც აგრერიგად სჭირდებათ ჩვენს ლაზ მეგობრებს!
გივი ქარჩავა
BU ცოდნის პორტალი
http://bu.com.ge/geo/news/story/404-ognis-dabruneba-
 

სიახლეები

ირაკლი პაპიაშვილი-გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, ადვოკატთან ეტლით გამოიყვანეს

მოშიმშილე პატიმრის, გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა დამძიმდა - ინფორმაციას ჩიკვაიძის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი, ირაკლი პაპიაშვილი...

ოლიგარქის სასამართლომ ნიკა კაცია პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტი, ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ბრალდებულის 5 000...

არალეგიტიმურმა პარლამენტმა ანტინარკოტიკულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ქართული ოცნების ერთპარტიულმა, არალეგიტიმურმა პარლამენტმა ანტინარკოტიკულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებას ქართული ოცნების 83-მა...

“პუტინის სიტყვები რეალობისგან განსხვავდება – ტრამპთან საუბრის შემდეგ, რუსეთმა 150 დრონი გაუშვა, დარტყმები იყო მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე” – ზელენსკი

"გუშინ, ვლადიმერ პუტინის აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, როცა პუტინმა თქვა, რომ უკრაინულ...