ზვიად გამსახურდია. ძველი და ახალი ნეგატიური მითები, რომელიც მის სახელს შემოაქსოვეს

0
439
დღეს ზვიად გამსახურდიას სახელის გარშემო KГБ – სუკის მიერ შექმნილი ძველი მითებიდან ბევრი გაქარწყლებულია, მაგრამ, სამწუხაროდ,  იქმნება ახალი მითებიც, რომელთაც თხზავენ და ავრცელებენ ადამიანები, რომელნიც თავს ჯერ ისევ  ეროვნულ მოძრაობას აკუთვნებენ, თუმცა კი დაღმა ფარცხავენ ზვიად გამსახურდიას აღმა ხნულს და ლამის არის დასავლეთის მოძულე და პრორუს პოლიტიკოსად (რატომ ღმერთი არ გაიცინებს) გამოაცხადონ იგი. (სხვათა შორის, ამ სტრიქონების ავტორს ჰქონდა პატივი ზვიად გამსახურდიას სიცოცხლეშივე, მისი ხელდასხმით ეთარგმნა რუსულიდან ქართულ ენაზე გროზნოდან ზუგდიდში, წინააღმდეგობის მოძრაობის გაზეთში ,,აღდგომა'' გამოსაქვეყნებლად გამოგზავნილი   მისი ცნობილი ინტერვიუ – დეკლარაცია ,,ეროვნება არა აქვს ცხოველს'' , რომლის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატებით ცდილობენ  ახლა ეს უკანასკნელნი ამ მითის გამყარებას).
 
მათი მეტამორფოზები და   მოტივი მიუღებელია, მაგრამ გასაგები, ამას ისინი   რუსეთის მოდენიზებული იმპერიისა და რუსი ოლიგარქის წინაშე თავიანთი ქედდადრეკის გასამართლებლად აკეთებენ, ამიტომაც მის ძეგლთან და საფლავზე მათ მიერ მიტანილი ყვავილები  პრიმიტიული ფარისევლობაა და სხვა არაფერი.  
 
როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, ,,ბატონებო, იყავით თამამნი, იყავით თამამნი, მაგრამ ნუ იქნებით ზედმეტად თამამნი!'' 
 
ქვემოთ გთავაზობთ ფრაგმენტებს ახალგაზრდა ისტორიკოსის გიორგი არქანიას ნაშრომიდან, რომელიც ეხება  რამდენიმე ძველ და ახალ მითს, რომელსაც ზვიად გამსახურდიას უქმნიდნენ და უქმნიან, ჩვენი მხრიდან დავძენდით,  ღია არაკეთილმოსურნეებიცა და ეროვნული მოძრაობიდან  პრორუსულ მოძრაობაში (მნიშნელობა არა აქვს – გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად) პორტირებული ადამიანები. მითები შერჩეულია დღევანდელ დღესთან კონტექსტში. 
ნონა ქობალია
 
მითი 1. ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის ჩატარება საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია.
 
ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. გამოკითხვის დროს ერთადერთი შეკითხვა იყო დასმული: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“. რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლეოსობამ (99,08%), მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში, დადებითი პასუხი გასცა. სწრორედ ეს რეფერენდუმი იქცა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე იურიდიულ გარანტად. სწორედ მას ეფუძნება საქართველოს კონსტიტუცია.
 
ხშირად გვსმენია, რომ ზვიად გამსახურდიამ რეფერენდუმის ჩატარების დღე საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თენგიზ სიგუამ, რომელსაც „ზვიადისტობას“ ვერავინ დასწამებს, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა: „დღეს ჭორსაც ავრცელებენ, რომ ეს ზვიად გამსახურდიამ თავის დაბადების დღეს დაამთხვიაო, 31 მარტს არის დაბადებული. ეს ტყუილია, მე უშუალოდ ჩართული ვიყავი და ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ვიყავი ამ რეფერენდუმის მომზადებისა და მას, ზვიადს, 24 მარტს უნდოდა ჩატარება… 24 მარტისათვის არ ვიყავით მზად და ამიტომ მე გადავაფიქრებინე ზვიადს და ერთი კვირით გადავატანინე. მაშინ არც გვიფიქრია არც ზვიადს და არც მე, რომ 31 მარტს მისი დაბადების დღე იყო და რომ ეს დღე ემთხვეოდა“.
 
რატომ მაინცდამაინც 31 მარტი? პასუხი მარტივია: რეფერენდუმის ჩატარება უნდა მოესწროთ 9 აპრილამდე და 24 მარტის მომდევნო კვირა დღე სწორედ 31 მარტს დაემთხვა.
 
მითი 2. . ზვიად გამსახურდიას ავტორიტეტის გამო საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობას არ სცნობდა.
 
შეიარაღებული ოპოზიცია გამსახურდიას შელახულ ავტორიტეტს აბრალებდა საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს არ აღიარებას, 1992 წლის დეკემებრში კი ყველაფერს პასუხი გაეცა: საქართველოს დე-იურე ცნობას საბჭოთა კავშირის ფორმალურად არსებობა აბრკოლებდა, როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა მსოფლიოს ქვეყნებმა დაიწყეს საქართველოს რესპუბლიკის ცნობა. გამსახურდიას იმიჯი არაფერ შუაში იყო.
ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში საქართველოს დამოუკიდებლობა სცნეს: 1991 წლის 27 აგვისტოს – რუმინეთი და მოლდოვა, 30 აგვისტოს – აზერბაიჯანი, 13 სექტემბერს – სომხეთი, 12 დეკემბერს – უკრაინა, 16 დეკემბერს – თურქეთი, 20 დეკემბერს – ლიტვა და მონღოლეთი, 25 დეკემბერს – აშშ, კანადა და ირანი, 26 დეკემბერს – ინდოეთი, ბრაზილია, კუბა, ტაილანდი, 27 დეკემბერს – ჩინეთი, ბელორუსია, სლოვენია, ვიეტნამი, ეგვიპტე, ალჟირი, 28 დეკემბერს – ხორვატია, იორდანია, 30 დეკემბერს – ლიბანი, 31 დეკემბერს – პაკისტანი, 1992 წლის 2 იანვარს – ერაყი, ეთიოპია და ლაოსი…
 

მითი 3. ზვიად გამსახურდიამ დასავლურ ორიენტაციაზე უარი თქვა 
 
1991 წლის 29 მარტს, ჯორჯ ბუშის დავალებით, საქართველოს ეწვია აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი.
 
ვიზიტი არ იყო ოფიციალური, იგი გაცნობით ხასიათს ატარებდა. სტუმარმა გამსახურდიასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ აშშ საქართველოსთან ურთიერთობით იყო დაინტერესებული.
გამსახურდიამ კი აშშ-სთან პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობის სურვილი გამოხატა.
ამის შემდეგ აქტიურად საუბრობდნენ ორი ქვეყნის პრეზიდენტების ოფიციალური შეხვედრის ორგანიზების თაობაზე. 1991 წლის 6 ივლისს გამსახურდიამ ამერიკელ კოლეგას ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა. ოფიციალურ წერილში ის დასძენდა: “იმედი გვაქვს აგრეთვე, რომ საქართველო მალე მიაღწევს სრულ დამოუკიდებლობას, მსოფლიო ერთა თანამეგობრობის, დემოკრატიული წრეების, პირველ რიგში, აშშ-ისა და პირადად თქვენი მხარდაჭერით, ბატონო პრეზიდენტო”. აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამსახურდია ამერიკის საელჩოშიც (მოსკოვი) მიიწვიეს. 
 
ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლება იმედის თვალით უყურებდა ვაშინგტონს და მხარდამჭერ მესიჯებსაც უგზავნიდა, თანაც ამას აკეთებდა ისე, რომ მოსკოვის მწვავე რეაქცია არ გამოეწვია. თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაცივდა, რაც პრეზიდენტმა ბუშმა გარკვევით განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერდა გორბაჩოვს და საბჭოთა კავშირის ფედერაციად გარდაქმნას. საქართველოც ამ ფედერაციის ნაწილად მოიაზრებოდა. ამერიკის პრეზიდენტი იმ პერიოდში გორბაჩოვთან უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებებს აფორმებდა და საქართველოს გამო კრემლთან ურთიერთობებს არ დაძაბავდა.
 
ამგვარად, საქართველოს იზოლაცია გეოპოლიტიკური სიტუაციით იყო განპირობებული და არა გამსახურდიას ქმედებებით. ყველაფერი შეიცვალა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის 25 დეკემებრს აშშ-მა საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა.
 
1991 წლის დეკემბერში გამსახურდიამ ბრიუსელში დელეგაცია გააგზავნა პრემიერ-მინისტრ ბესარიონ გუგუშვილის ხელმძღვანელობით. ქართველები ევროპარლამენტის საგარეო კომისიის საგანგებო სხდომაზე მიიღეს. როგორც გუგუშვილი იხსენებს, მან ევროპელ დეპუტატებს პრეზიდენტ გამსახურდიას და საქართველოს პარლამენტის თხოვნა გადასცა, რათა ეცნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა და აქტიურად ჩართულიყვნენ სამაჩაბლოს სამშვიდობო პროცესში. ამის შემდეგ, ნატოს შტაბ-ბინაში, ქართული დელეგაცია ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მანფრედ ვორნერმა მიიღო. მან გამოთქვა იმედი, რომ „საქართველოსა და ნატო-ს კავშირები მეგობრული, მტკიცე და მრავალმხრივი“ გახდებოდა.
 
ამგვარად, სწორედ პრეზიდენტ გამსახურდიას მმართველობის დროს დაიწყო აშშ-თან, ევროგაერთიანებასა და ნატოსთან ურთიერთობები.
 
 
წინა სტატია4წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც სატვირთო მანქანა დაეჯახა- მძიმეა
შემდეგი სტატიაIRI – ის გამოკითხვა: “ქართული ოცნება” – 26%, “ნაციონალური მოძრაობა” – 15%
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური