მესმინაეს სიკვდილის ფერი – გინორჩქილაფა

0
568
ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა''
 
სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა და სხვა განზომილებაში გადასვლა  მესმინაეებს (ნარჩქილეფს) სიკვდილის ფერს ადებდა  (ღურელიშ ფერ გინოძუდეს). ისინი დიდხანს ვერ უბრუნდებოდნენ  ან სულაც აღარ უბრუნდებოდნენ რეალობას, ცხოვრობდნენ თავიანთი იდუმალი ცხოვრებით, ღრმად იფარავდნენ ნანახსა და გაგონილს, მესმინაობის ღამის შემდეგ უბეში ჩასმული გველებით დადიოდნენ, რაც შიშის ზარს სცემდა სოფელს, თუმცა კი, გველი უბეში თავად მათ სიკვდილთან დაძმობილების, თავიანთი ერთგვარი ნაწილიანობის ნიშნად მიაჩნდათ.
 
 
 მაგიური რიტუალი ,,გინორჩქილაფა“, სამეგრელოში  ელიობის წინა დღეს ივლისში, ,,იბლიშ ხვამას'' ( ელიობის)  დღეებში იცოდნენ.
 
შეღამების შემდეგ რამდენიმე კაცი (ზოგჯერ ქალიც) ჩუმად გაიპარებოდა სოფლის განაპირას, დასხდებოდნენ გზაჯვარედინზე ზურგით სოფლისკენ, რომ არ დაენახათ სახლებიდან მიმდინარე შუქი, განშორებოდნენ სიცოცხლის, კაცთ ცხოვრების ნიშატს და მთლიანად დანთქმულიყვნენ წყვდიადში.
 
ეს მათ იმისთვის სჭირდებოდათ,  რომ შიგნით ჩაებრუნებინათ მზერა ანუ რუტინული ყოფისგან, რეალობის შეგრძნებისგან გაეთავისუფლებინათ გული და გონება და თავისუფლება მიეცათ ინტუიციისთვის.
 ადამიანური ენა რომ დაევიწყებინათ, ისხდნენ უხმოდ, არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, რაც უნდა დიდი სურვილი აღძვროდათ ამისა, რათა  მთლიანად განმზადებულიყვნენ მიღმიერ ძალებთან ტელეპათიური კავშირისთვის. 
 
სასმენლად დასხდომისას გინმარჩქილეები გარს ნახშირით შემოიხაზავდნენ წრეს, რომ მიღმიერ არსებებს ვერ გადმოელახათ იგი და ვერაფერი დაეშავებინათ მათთვის. მათი რწმენით,   ეშმაკეული უფრთხოდა   ნახშირს, როგორც ნერჩი პატონის (ფუძის ანგელოზის), კერის,   ბოროტის ცეცხლით დამთრგუნველ ძალთა სიმბოლოს,  რომელსაც ადამიანის დაცვის ძალა ჰქონდა (აქ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს, რომ შებინდებისას ბავშვს გარეთ ისე არ გაიყვანდნენ, რომ ფეხის გულებზე ნახშირი არ წაესვათ ან ნახშირის  ჯვარი არ გამოესახათ – ეს  აფრთხობდა ჟამს, გუშას (ჭაობის სულს), წყვდიადის ძალებს, ბოროტ გალენიშებს (ავი განზრახვის მიცვალებულთა სულებს), ახსენებდა მათ, რომ არსებობს მათი საპირწონე – ცეცხლი)
 
ნახშირი ნახშირად, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ნახშირის წრეში თუ წრის გარეთ სამეგრელოს კუნაპეტ ღამეებში, მიღმიერ ძალთა პირისპირ მარტოდმარტო დარჩენილ გინმარჩქილეებს ანუ მესმინაებს გამთანგავი და ჭკუიდან შემშლელი შიში შემოეხვეოდათ და, ამ შიშს რომ ინსტიქტურად არ წამოეგდოთ ადგილიდან და, მით უმეტეს, შემოხაზული წრიდან არ ოტებულიყვნენ, ფრჩხილების დაგლეჯამდე ებღაუჭებოდნენ კორდს. 
 
მესმინაები დუმდნენ, მაგრამ სოფელი თავისი ფანტაზიით ავსებდა მათ მიერ განცდილსა და ნანახს –  ამბობდნენ, რომ გვიან ღამით, როცა ერთ პირს წყალიც კი მიიძინებდა, ღამის მისტიურ მდუმარებაში მესმინაეების  სმენას მიწვდებოდა სისინი, მაუწყებელი იმისა, რომ ჭინკებმა, ქაჯებმა დატოვეს თავიანთი სამყოფლო – ტყეები და წყლები და სოფელში შეღწევას ლამობდნენ, წრესაც გარშემო ჯერ გველები, ქვესკნელის ბინადრები შემოეხვეოდნენ…
 
მას, ვინც ბოლომდე გაუძლებდა და თავქუდმოგლეჯით არ გაიქცეოდა სოფლისკენ (გარბოდა ის, ვინც ვერ დათრგუნა თავის თავში ამქვეყნიური ვნებებისადმი მორჩილება და ვერ შეძლო ტრანსში შესვლა, პარალელურ სამყაროში, ასტრალში გასვლა),   სისინის შემდეგ   ბოლოს მაინც მიწვდებოდა ქაჯთა მიერ გამოცემული ხმები, რომელიც თითისტარის  ზუზუნის, ღომის ცეხვის, შეშის პობის ხმებში იყო მატერიალიზებული.  
 
მხოლოდ ტრანსში შესულ მესმინაეებს შეეძლოთ გაერჩიათ სახელდობრ რა ადგილებიდან, ვისი სახლიდან მოდიოდა ეს ხმები, თუმცა კი, როგორც აღვნიშნეთ, ზურგით ისხდნენ სოფლიდან.  თუ მესმინაეებს რომელიმე ოჯახიდან შეშის პობის ხმები შემოესმებოდათ, იცოდნენ, რომ ამ დღიდან ერთი წლის განმავლობაში იქ კაცი უნდა მომკვდარიყო, თუ ღომის ცეხვა ან თითისტარის ზუზუნი – ქალი. ზოგიერთი მესმინაე ღომის საცეხველის (ბეკაკუტისა) და ნაჯახის დარტყმებსაც ითვლიდა დ ამის მიხედვთ შეეძლო ევარაუდა,  რამდენ თვეში ან დღეში მიაკითხავდა სიკვდილი ამ ოჯახებს.
 
ჭიჭკეფიშ ნარჩქილეფი , როგორც აღვნიშნეთ, არავის უმხელდნენ მესმინაობა – გინორჩქილაფა ღამეს მოსმენილს, რადგან არავის უნდა სცოდნოდა, რას უმზადებდა ბედისწერა, თუმცა კი, თავად პირველნი აღმოჩნდებოდნენ სახლთან, რომელსაც სიკვდილი უნდა სტუმრებოდა.  როცა დგებოდა სულთან გაყრის ჟამი, მესმინაე შევიდოდა იქ, სადაც სულთმობრძავი იწვა და პატრონს ერთ სიტყვას ეტყოდა – ქუგუდირთეს… (შემოეწყვნენ…). ეს ნიშნავდა, რომ მოვიდნენ სიკვდილის ანგელოზები. დანარჩენი უკვე მესმინაებზე იყო, ისინი აპატიოსნებდნენ (რწკინუნდეს) ცხედარს, ისინი ხელმძღვანელობდნენ მკვდრის განბანვისა და შემოსვის რიტუალს. ისინი სიკვდილთან ასოცირდებოდნენ, ამიტომ არ სიამოვნებდათ მათი დანახვა ავადმყოფთა პატრონებს, ამიტომაც არავის უხაროდა მათი ნახვა, ეშინოდათ მათი, განსაკუთრებით ბავშვებს არიდებდნენ, არავის სურდა მის შვილს შეხებოდა, მისი შვილისთვის შეეხედა კაცს, რომელიც უფრო საიქიოს ეკუთვნოდა, ვიდრე სააქაოს.
 
მესმინაე სიკვდილის შემცნობი, სიკვდილის მსხვერპლის მცნობი იყო და, ვინაიდან ჭიჭკეს ფუნქციები ქაჯთა და მით უმეტეს, მენცარების ფუნქციებს, როგორც იტყვიან, ვერ ქაჩავდა,  გინორჩქილაფა ზოგჯერ კომიკურ ელფერსაც ატარებდა და  მოხალისე მესმინაეებად სოფლის ეშმაკისფეხები, ცელქი ყმაწვილები მიდიოდნენ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მესმინაობა სიკვდილთან შეხებაში გადადიოდა – სიკვდილი არავის პატიობდა მასთან შეთამაშებას და ყმაწვილები ერთ ღამეში ჭაღარავდებოდნენ, მზერა კი მოხუცი გრძნეულისა უხდებოდათ. 
 
და მაინც, მესმინაობა – გინორჩქილაფა, თუ უფრო ღრმად ჩავხედავთ, იყო ერთგვარი უტრირებული გამოხატულება ინიციაციისა, ამქვეყნიდან  მოკვდავის გასვლისა და მიღმიერ არსებათაგან განბრძნობისა.
მესმინაებზე იტყოდნენ, რომ მათ განვლეს ვიწრო სიკვდილის, ერთი პირი სიკვდილის კარი (ჭიფე ღურა გათეს)  და სიკვდილის მაუწყებელ არსებებს ჩახედეს თვალებში – ღურას ქინაჯინეს თოლს.
 
სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა და სხვა განზომილებაში გადასვლა (გნებავთ გალენ ორთა ვუწოდოთ, გნებავთ – ქვესკნელი, სულეთი – ოშურეთი), მესმინაეებს სიკვდილის ფერს ადებდა – ღურელიშ ფერ გინოძუდეს. ისინი დიდხანს ვერ უბრუნდებოდნენ  ან სულაც აღარ უბრუნდებოდნენ რეალობას, ცხოვრობდნენ თავიანთი იდუმალი ცხოვრებით, ღრმად იფარავდნენ ნანახსა და გაგონილს, მესმინაობის ღამის შემდეგ უბეში ჩასმული გველებით დადიოდნენ, რაც შიშის ზარს სცემდა სოფელს, თუმცა კი, გველი უბეში თავად მათ სიკვდილთან დაძმობილების, თავიანთი ერთგვარი ნაწილიანობის ნიშნად მიაჩნდათ.
 

ჭიჭკეფიშ ნარჩქილა უფრო დაბალ იერარქიულ საფეხურზე იდგა, ვიდრე მენცარეფიშ ნარჩქილა და თუნდაც ქაჯთა  ენის მცოდნე, როგორიც იყო, მაგალითად, გველისმჭამელი მინდია, ამ უკანასკნელთ ინიციაციის მეტი საფეხური ჰქონდათ გავლილი და გახსნილი ჰქონდათ მესამე თვალი, ბეჭთაშორისი  თვალი (აფხარხვილი) რომელიც მთელ ცოცხალთა და არაცოცხალთა ბუნებას, ყველა განზომილებას წვდებოდა.
 
მინდიას კომპლექსზე, მენცარეფიშ ნარჩქილაზე ჩვენ სხვა დროს ვილაპარაკებთ, ეს  კი სიკვდილ–სიცოცხლის, სამყაროთა  ზღვარს მიახლოებული  უბრალო სოფლელი კაცისა იყოს, კაცისა,  რომელსაც დაბალი იერარქიის გრძნეულებმა – ჭიჭკე – ჭინკებმა სულ ოდნავ გამოუღეს მიღმიერი სამყაროს სარკმელი და სხვა არაფერი.  
 
წინა სტატია,,ქართველობას გვართმევენ !?” – რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მიზანი პანიკის გამოწვევაა
შემდეგი სტატიაბანკ „კრედოს“ ზუგდიდის ფილიალში ქურდობისთვის ქალბატონი დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური