მწყემსების ფილოსოფია. ბაგაში, ფინახარში მძინარი ჩვილი იესო

0
786
ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა''
 
გასული საუკუნის ათიან წლებში, გაგრის სიახლოვეს მდებარე  მწყემსების საგაზაფხულო კარავს ორი ჭაბუკი მიადგა და ღამის გასათევი  ითხოვა. დილით ყმაწვილებმა, რომელთაც გაგრის სასტუმროში ღამის გასათევი ფული არ ჰქონდათ, ფრთაშესხმულებმა განაგრძეს გრძელი და ძვირადღირებული გზა პეტერბურგისკენ. ორივეს გარანტირებული ჰქონდა სტიპენდია უნივერსიტეტში სწავლის მთელ მანძილზე და, რაც მთავარია ისე, რომ არც უფიქრიათ მსგავსი რამ ეთხოვათ მასპინძლისთვის. ჯოგების მფლობელი  ჯარნაზ არქანია იყო, ყმაწვილები – აკაკი შანიძე და კონსტანტინე გამსახურდია. 
 

 
გასული საუკუნის ათიან წლებში, გაგრის სიახლოვეს მდებარე საძოვრებზე მუჟაველი მწყემსების საგაზაფხულო კარავს – აფუნიშ კარეს მიადგა ორი ახალგაზრდა კაცი და ღამის გასათევი – გინოსერაფა ითხოვა.
 
 მწყემსებმა, კარვის წესისამებრ, ისე, რომ არც უკითხავთ მათი ვინაობა, დიდებულად უმასპინძლეს ჭაბუკებს, რომლებიც დაღლილები ჩანდნენ, თუმცა კი, ისედაც გვიანი სერობა გამთენიამდე გაგრძელდა – სტუმარ–მასპინძლები დილამდე ლაპარაკობდნენ ქვეყანაზე, მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, ყმაწვილებს აინტერესებდათ ყველაფერი, რაც მწყემსების ცხოვრებასა და ფილოსოფიას ეხებოდა, მათ ზეპირსიტყვიერებაში ჩაშიფრულ ეროვნულ, მითოსურ მეხსიერებას.
 
დილით ყმაწვილებს უთხრეს, რომ მათთან საუბარი გაგრიდან საგანგებოდ ამოსულ ჯოგების მფლობელს, მეპატრონეს სურდა. მასთან საუბარი დამთავრდა იმით, რომ ყმაწვილებმა, რომელთაც გაგრის სასტუმროში ღამის გასათევი ფული არ ჰქონდათ, ფრთაშესხმულებმა განაგრძეს გრძელი და ძვირადღირებული გზა პეტერბურგისკენ. ორივეს გარანტირებული ჰქონდა სტიპენდია უნივერსიტეტში სწავლის მთელ მანძილზე და რაც მთავარია ისე, რომ არც უფიქრიათ მსგავსი რამ ეთხოვათ მასპინძლისთვის.
 
ჯოგების მფლობელი  ჯარნაზ არქანია იყო, ყმაწვილები – აკაკი შანიძე და კონსტანტინე გამსახურდია. ვინ იცის, ეს შეხვედრა რომ არა, როგორ წარიმართებოდა მათი ცხოვრება. 
 
ეს გრძელი ამბავი პირდაპირ კავშირშია მწყემსების ფილოსოფიასთან, როგორც ცოდნის, განბრძნობის კულტთან, და სიახლის, პერსპექტივის გრძნობასთან, ცოდვა–მადლის, კეთილისა და ბოროტის გარჩევის რაღაც განსაკუთრებულ ინტუიტურ უნართან. სწორედ ეს არის ის, რაც ბეთლემის თავზე აკიაფებული ვარსკვლავისკენ გაუძღვა მოგვებს და ისიც, რომ მათ ჩვილი მაცხოვარი ბაგაში (ფინახარში) მძინარე დახვდათ, როგორც მრავალთა შორის მწყემსის, ჭყიშის ფილოსოფიისა და დანიშნულების მეტაფორული გამოხატულება.
 
 მაგრამ დავუბრუნდეთ სტუმარ–მასპინძლობას, როგორც მწყემსების მსოფლმხედველობის შემადგენელ ნაწილს, რომლის თანახმად, მწყემსის მფარველობა სჭირდება მგზავრს, რა გზაზეც არ უნდა იდგეს იგი, ყოფიერების გზაზე, რომელიც ხშირად ხიფათით არის სავსე, თუ შემეცნების გზაზე, რომელიც არანაკლებ ხიფათს უმზადებს ადამიანს.
 
 ამიტომ უჭირავს მწყემსების ლოცვებში განსაკუთრებული ადგილი ლოცვას გზამოჭრილთათვის და წყალში გაჭირვებულთათვის. ეს პირდაპირ კავშირშია მწყემსის მიერ თავისი დანიშნულების ფართო ხედვასთან, გზააბნეულთა და ეკლიან გზაზე მავალთა მწყემსვასთან, რაც გზააბნეული კრავის ძებნის მეტაფორაშიც არის ასახული. როგორ არ გაგვახსენდეს აქ დანე ფიფიას ,,ტყვაცუნს, ჭვენს, მერეხანს, ჭყეშ მეგორუნს ყევე თხას…“
 
მგზავრისა და მწყემსის იდუმალი კავშირის მეტაფორას წარმოადგენს მოიალაღე მწყემსების ლოცვა ,,ჭყონმიოხვამუ’’, რომელსაც იალაღებისკენ, სააფუნო საძოვრებისკენ მიმავალი მწყემსები ასრულებდნენ ჯოგის შესვენების ადგილას ( მებარგუაშ აკანი), რომლისთვისაც როგორც წესი, მინდორში ეულად მდგარი ჩრდილოვანი მუხა – ტებე ჭყონი ირჩეოდა. მნიშვნელოვნია, რომ ეს ლოცვა  გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე მემთეურობის, მთაბარობის პერიოდში ხიფათიან გზებზე  ჯოგისა და მწყემსების მფარველობის კონკრეტული თხოვნაა –  ჭყონ მიოხვამუ იყო ლოცვა საზოგადოდ მგზავრების, ხიფათიან გზებზე მავალთა მფარველობისთვის.
 
მწყემსებს გაცნობიერებული ჰქონდათ თავიანთი დანიშნულება და პასუხისმგებლობა ყველა სულიერის, სამშვინველის მქონე თუ უსულო ბუნების მიმართ. ცოტა რომ გავცდეთ კოლხურ სამყაროს, ვიტყვით, რომ ეს დამოკიდებულება თითქოს მარტივი, მაგრამ ღრმააზროვანი  სენტენციის სახით ჩანს ეგზიუპერის ,,პატარა უფლისწულში“: ,,გახსოვდეს, შენ პასუხს აგებ მისთვის, ვისაც მოიშინაურებ“.  ეს მწყემსის მსოფლგანცდის საფუძველთა საფუძველია და ვრცელდება ყველასა და ყველაფერზე რაც ადამიანს ღვთისგან მიეცა, ამის მაგალითია ტობავარჩხილისა და  ალალას ფენომენები. 
 
ტობავარჩხილი მეგრულ მითოსურ სამყაროში ცნობილია როგორც მწყემსების მიერ მიკვლეული საოცრება, ღმერთების საჩუქარი და  პირველქმნილი სიწმინდით, ღვთაებრივი ცრემლის სიწმინდით განდობილი და მინდობილი  მშვენიერება. 
 
თითქოს უცნაურია, რომ ეს საჩუქარი ებოძათ მწყემსებს, რომელთათვისაც წყალი,  წესით, ჯოგის დასარწყულებელი საშუალება უნდა იყოს, და კიდევ უფრო უცნაურია, რომ მწყემსებს არასოდეს გამოუყენებიათ ტობავარჩხილი ამ დანიშნულებით. ტაბუ, რომელიც მწყემსებმა დაადეს ამ ტბას, იყო გამოხატულება არა მხოლოდ მითოსური რწმენა–წარმოდგენისა, რომლის თანახმად, ტობა ღმერთების საბანაო ადგილი იყო და ადამიანს მათი კუთვნილით სარგებლობა ეკრძალებოდა, არამედ სუფთა წყლის, როგორც ეკოსისტემის განმსაზღვრელ ფუნქციაში წვდომისა.
 
რაც შეეხება ალალას ( ასე ეძახდნენ მთაში  ჯოგს მოწყვეტილ მოხეტიალე პირუტყვს, რომელიც საკვების ძიებაში დანდობილად, ალალად მიადგებოდა ხოლმე ნებისმიერ კარავს),  მწყემსები თავს ვალდებულად თვლიდნენ თავიანთ მფარველობაში მიეღოთ იგი და თუნდაც წლების შემდეგ დაებრუნებინათ პატრონისთვის, თუკი იგი გამოჩნდებოდა. 
 
ალალას შეფარება მწყემსთა ზნეობრივი კოდექსის, ურთიერთდახმარების, თანალმობის გამოხატულება იყო, თუმცა იყო კიდევ ერთი რამ, რაც ამ წესს ედო საფუძვლად. ალალა მათ რწმენა–წარმოდგენებში იყო ღმერთების  წილი, ნაწილიანი პირუტყვი, რომელიც მწყემსებს ციდან ეგზავნებოდა მათი ზნეობის გამოსაცდელად. ალალას ფენომენი გავრცელებული იყო მთელი კავკასიის მთიანეთში, ჩერქეზები და აფხაზები თვლიდნენ, რომ ეს იყო ექონის ძროხა, ექონს კი მათ მითოლოგიაში მიქამგარიას, ანთარის ფუნქციები ჰქონდა.
 
მწყემსების, ჯოგის მფარველ ღვთაებებზე  და მათზე შესახელებულ ლოცვებს სხვა ბლოგში დავუბრუნდებით, მაგრამ დღევანდელი   გვინდა დავასრულოთ მწყემსების კოდირებული, მეტაფორული ენით.
 
მწყემსი არასოდეს კითხავს მგზავრს, შია თუ არა, არც სუფრის გაშლის მოლოდინში ამყოფებს სტუმარს – ზღურბლზევე შესთავაზებს იმას, რაც აქვს იმ მომენტისთვის და ამას აკეთებს უდიდესი ტაქტით, რომელიც კარვის წესებზე, სტუმარ–მასპინძელს შორის არსებულ შინაგან კავშირზეა აგებული.
 
,,ჩაყვა დო ვარ მურძგა?“ – ჰკითხავს მწყემსი სტუმარს. თუ სტუმარს შია და სწყურია გულის დასამაგრებლად დიდი ჯამით ( ჩაყვათი), სასმისით მირთმეული ქიფური – წყალგარეული მაწონი სჭირდება, თუ პასუხი იქნება ,,მურძგას კითხი“, ეს ნიშნავს, რომ სტუმარს აქვს ძალა დაელოდოს სამწყემსურის ტრადიციულ ტაბლას, რადგან მურძგა ჩაყვაზე გაცილებით პატარაა მოცულობით (ამრიგად, ჩაყვა და მურძგა მხოლოდ ქიფურის საწყაო კი არა, მგზავრის საჭიროების საზომებია).
 
არ ვიცი, რა უპასუხეს ჯარნაზ არქანიას აკაკი შანიძემ და კონსტანტინე გამსახურდიამ და საერთოდ შედგა თუ არა მათ შორის ეს ტრადიციული დიალოგი, ფაქტი ისაა, რომ ჯარნაზ არქანიამ, მწყემსკეთილმა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ამ თუ სხვა ტიპის კითხვა–პასუხით იგრძნო არა მხოლოდ ის, რაც სჭირდებოდათ ამ ყმაწვილებს, არამედ ის, რამდენად სჭირდებოდა ეს ყმაწვილები მის ქვეყანას. და სწორედ ეს არის მწყემსის ორბუნებოვნების – მათ მიერ თავიანთი მიწიერი და ზეციური დანიშნულების შეგრძნების მადლი.
 
რომან თოლორდავას ფოტო ,,მწყემსების კარავი მთაში ''
 
წინა სტატია,,ოკუპაცია იღებს უფრო და უფრო გროტესკულ ფორმებს და ამაზე საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები არაადეკვატურია” – ნიკა რურუა
შემდეგი სტატიაქუთაისში მაღაზიის თანამშრომელმა გოგონამ შეიარაღებული მძარცველი სცემა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური