მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდაცავები იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ აქ მათსა და „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.
დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ კარავი გაშალეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ კარავი ჩამოართვეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა მათი უფლება დააღვიეს, როდესაც კარავი ჩამოართვეს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერია გაფრთხილებული ჰყავდათ.
დაზარალებულთა უფლებადამცველის ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი ხვალ პროკურატურას სარჩელით მიმართავენ.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, დაზარალებული მოვაჭრეების აქცია ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი არ დაიშლებიან, ვიდრე არ მოხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა კანცელარიასთან და ნახანძრალი ,,ბავშვთა სამყაროს'' მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულ მოვაჭრეთა პერმანენტული აქციები მიმდინარეობს. ისინი ერთჯერადი კომპენსაციის სახით 5 000 ლარს და ვაჭრობის გასაგრძელებლად ალტერნატიული ფართის გამოყოფას მოითხოვენ