რატომ იჩქმალება ქართველების გმირობა აფხაზეთის ომში? ვის სწადია ამით გაამყაროს მონური ცნობიერება – დათვს ბაბაია დაუძახეო?

0
420
 სამწუხაროა, რომ ქართველი მეომრების გმირობა აფხაზეთში არ არის არც სათანადოდ შეფასებული და არც დაფასებული. ეს ომი წარმოსახულია როგორც ,,ძმათამკვლელი ომი“, რაღაც ფატალურად გარდაუვალი დამარცხება, ხოლო ქართველი ჯარისკაცი როგორც მსხვერპლი ან გაუგებრობაში მოხვედრილი შერეკილი. ამიტომ მასზე არც წიგნებს წერენ, არც სიმღერებსა და ლექსებს. ქართველი მეომრის საარაკო საქმეებზე აფხაზეთის ომში თაობები არ იზრდებიან. უთუოდ ეს ,,ბაბაიას ცნობიერებისა“ და ,,ძმობისა და მეგობრობის აღდგენის“ ყალბი ლოზუნგის შედეგია. თუმცა არსებობს ერთი რამ, რასაც მტერი ვერ მოერია. ეს ჩვენი ხსოვნაა, ჩვენს თვალწინ მომხდარი გმირობის უამრავი მაგალითით ნაკარნახევი რწმენა და იმედია, რომ დავიბრუნებთ აფხაზეთსა და ცხინვალს, რომ დავბრუნდებით!
 
1993 წლის 15-16 მარტის სოხუმის მოვლენების შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. სრულიად უდავოა, რომ ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში სოხუმის დაცვის ეს ეპიზოდი მნიშვნელოვან ფურცელს ჩაწერს, როგორც მეომრული სულის ზეობის, თანამედროვე ომში გამოუცდელი ქართველი ჯარისკაცის, ქალაქის მოსახლეობის გმირობისა და თავდადების ბრწყინვალე მაგალითი.
 
ამავე დროს სოხუმის ბრძოლის პერიპეტიები უამრავ კითხვასა და თავსატეხს ბადებს. ერთის მხრივ, ეს სავსებით აშკარა სამხედრო გამარჯვება იყო. ჩვენმა მეომრებმა ღირსეულად იბრძოლეს. საპირისპიროდ შემდეგ ოფიციოზის მიერ არაერთხელ თქმულისა, რომ ჩვენ ომი ვერ შევძელით. ამასთან, წარმატებით იქნა მოგერიებული რუსეთის არმიის კარგად დადგეგმილი, ძლიერი შემოტევა. საწინააღმდეგოდ მანამდეც და შემდეგ არაერთხელ განცხადებულისა, რომ რუსებს ომში ვერ გავუმკლავდებოდით; ხოლო, მეორეს მხრივ, თითქოს გაუგებარია, თუ რატომ არ გადავიდა ქართული ჯარი კონტრშეტევაზე, როდესაც მტერი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, რატომ და როგორ გავჩერდით გუმისთაზე, სადაც მოწინააღმდეგის პოზიციები პირწმინდად განადგურებული იყო და სულ 30-40 წუთი იყო საჭირო გუდაუთის თავზე მოსაქცევად, 15 კმ-იანი ფრონტის 15-ჯერ შესამცირებლად და საბოლოო ჯამში ფსოუზე მარშით გასასვლელად.
 
ამის მიზეზი, ჩვენის აზრით, იმაში უნდა ვეძებოთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობას აფხაზეთის ომში გამარჯვების მიზანი არ ჰქონდა. მისი სტრატეგია -დამარცხების სტრატეგია იყო, მაგრამ ამის დაგვირგვინება ვერ მოახერხა, რადგან ბოლომდე ვერ მართა იარაღიანი ქართველი. ის კი არა, დიდი ჯაფა დასჭირდა იმისათვის, რომ რუსეთი და არძინბას რეჟიმი 1992 წლის აგვისტოს შემდეგ უკვე მეორედ ეხსნა კატასტროფული შედეგებისაგან.
 
მოვლენები კი ასე ვითარდებოდა: 14-15 მარტს ღამით ჩვენი ჯარისკაცებისათვის მოულოდნელად, უეცრად დაიწყო მასირებული საარტილერიო და საჰაერო შემოტევა ფრონტის წინა ხაზსა და ქალაქზე, გვესროდნენ ზღვიდანაც, როგორც გაგრის მოვლენების დროს. ჩვენს გენერალიტეტში არავინ ამის შესახებ არ იცოდა, ან თუ იცოდა, სდუმდა. იმ საღამოს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოში, კორპუსისა და ბრიგადის სამხედრო შტაბებში მშვიდად დაიშალნენ დროებითი დაზავების მორიგი მშვიდობიანი დღის მოლოდინში. ასეთ ვითარებაში, არ უნდა იყოს გასაკვირი ის, რომ ბევრი ჯარისკაცი ფრონტის ხაზზე არ ყოფილა. ერთი ადგილის თვეობით ტკეპნით მობეზრებულები, მოუვლელი, ჩაუცმელი, ზურგის კომუნიკაციების არმქონე და, რაც მთავარია, საკუთარი ხელისუფლებისაგან დაიმედებული, რომ დაზავების პირობები არ დაირღვეოდა, ღამეებს სახლში ათევდნენ. წინა ხაზზე მორიგეები რჩებოდნენ. ამასთან, დანარჩენი საქართველოდან შემოსული სხვა საბრძოლო შენაერთები რაღაც უხილავმა ხელმა თითქმის სრული შემადგენლობით გაიყვანა, ზუსტად ისევე როგორც გაგრაში. სოხუმის დაბომბვა უკვე კარგა ხნის დაწყებული იყო, მაგრამ ვინც განგაშს ტეხდა, პანიკიორებად აცხადებდნენ. გაგრის ავბედით დღეებშიც ასე იყო.
 
რუსული სამხედრო ნაწილები ღიად და აშკარად სოხუმში ვერ გამოჩნდებოდნენ, გაჭიანურებული ქუჩის ბრძოლები მათ ხელს არ აძლევდათ. ამიტომ, როგორც ჩანს, მტერმა ისევ გაგრის გამოცდილებას მიმართა. შეტევის ელვისებურობა, ქართული ჯარის სიმცირე და გამოუცდელობა, იარაღის ნაკლებობა, ბუნებრივი პანიკა და დეზორგანიზაცია ზურგში, სამხედრო ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობა და გაუბედავობა, ამაზე აგებდა მტერი თავის ტაქტიკას. ქალაქი იმ ღამესვე უნდა აღებულიყო, ხოლო შემდეგ, სავარაუდოდ, ის საჯიჯგნად გადაეცემოდა მეორე ეშელონში მომავალ არძინბას დაქვემდებარებულ ათასი ჯურის მარადიორსა და კაციჭამიას.
 
ერთი უმნიშვნელოვანესი რამ ვერ გაითვალისწინა დამპყრობელმა – ქართველი კაცის თავგანწირვა. თავგანწირვა გაგრაშიც იყო, მაგრამ ხელისუფლებისაგან სამშვიდობო მოლაპარაკებების ხოტბა-დიდებით ყურგამოჭედილი, ,,ძმათამკვლელი კონფლიქტის“ მალე მოგვარების შეპირებით დაიმედებული იქაური ქართველობა ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი შეხვდა ჩრდილოელ მოძალადეს. მან ვერ შეძლო სრულად გაეცნობიერებინა მოსალოდნელი საფრთხე და კატასტროფის მასშტაბები. არც აფსუათაგან მოელოდნენ ასეთ ვერაგობასა და სისასტიკეს. ამჯერად, სოხუმში არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ იგივე განმეორდებოდა.
 
ქალაქის მოსახლეობა არ შედრკა, დიდი და პატარა მოკლე დროში ფრონტის ხაზზე იყო. სოხუმის დაცვას ფაქტიურად საველე მეთაურები წარმართავდნენ და მათ სასახელოდ უნდა ითქვას, შეძლეს კიდევაც. მძლავრად იმუშავა ქართულმა არტილერიამ. რამდენიმე ადგილას გამორღვეული ფრონტის ხაზი აღდგა. 16 მარტის შუადღისათვის მტერი უდიდესი დანაკარგებით ქალაქის მისადგომებთან შეჩერებულ იქნა, ხოლო დღის მეორე ნახევარში მომხდურთაგან, ვინც გადარჩა, უკუიქცა. საღამოსათვის გუმისთის ფრონტის ზოლმა თავდაპირველი სახე მიიღო, მაშველმა ძალებმაც ჩამოგვისწრეს. ამ დროს ერთი უცნაური რამ ხდებოდა. ჩვენი არტილერია და ავიაცია გამალებით უშენდა გუმისთის გადაღმა ნაპირს, იქიდან კი არავინ გვესროდა, არც მძიმე ტექნიკა, არც ჯარისკაცი, არც არტილერია. ამასობაში წინა ხაზზე გავრცელდა ხმა, შევარდნაძე ჩამოვიდაო.
 
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ფაქტი ურთიერთკავშირშია. სახელმწიფო მეთაურის ჩამოსვლა და გაღმა ნაპირის შეუწყვეტელი დაბომბვა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე იქ არ იყო. მეომრები ჩიოდნენ, რომ ეშერის სიმაღლეების აღება მათ ნახევარ საათში შეეძლოთ, მაგრამ ამის ბრძანება არ ჰქონდათ და არტილერიაც არ ცხრებოდა. ისინი აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის საბჭოს იქ მყოფ წევრებს გვთხოვდნენ, როგორმე მიგვეწვდინა ხმა შევარდნაძისათვის, შეეწყვიტა წინსვლის შემაფერხებელი საარტილერიო სროლები და გაეცა კონტრშეტევის ბრძანება. თუ მაინცდამაინც ფსოუმდე არა, ამბობდნენ მეომრები, ეშერის იქით ახალ ათონამდე მაინც გადავსულიყავით და იქიდან ეწარმოებინა თავისი სამშვიდობო პოლიტიკა.
საღამის ქალაქის აქტივი ამ მოთხოვნით შეხვდა შევარდნაძეს. მან, როგორც ყოველთვის, თანხმობა განაცხადა, მაგრამ როგორც ადრე და შემდეგ არაერთხელ, მოვლენები შეპირებულის საპირისპიროდ განვითარდა. ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარება და ქართველი ჯარისკაცის საბრძოლო სულისკვეთება ისეთი იყო, რომ ვერანაირი რუსი, არძინბა თუ ჩრდილოკავკასიელთა ნარჩენები ჩვენს ჯარებს ფსოუმდე ვერ შეაჩერებდნენ. ეს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო.
 
ჯერ იყო და მაშველი ძალების ჩამოსვლის აუცილებლობა მოიმიზეზეს. შემდეგ სამხედრო თათბირზე ადგილობრივ სამხედრო ხელმძღვანელობას დაადგენინეს, რომ ტყვარჩელისათვის მიეხედათ, ზურგი გაეწმინდათ და მერე გადასულიყვნენ შეტევაზე გუმისთის ფრონტზე. და ბოლოს, 17 მარტის საღამოს, ადგილობრივ მთავრობას, მათი თქმით, უტყუარ ინფორმაციაზე დაყრდნობილი ცნობა აფრენინეს თბილისში გარემოცვის მიერ არძინბას მოკვლის შესახებ.
 
საქართველოს ყველა საინფორმაციო საშუალებამ იმავე წუთს დიდი ენთუზიაზმით აიტაცა ეს დეზინფორმაცია და დაიწყო იმის მტკიცება, რომ არძინბა მოკვდა და ომი ფაქტიურად დამთავრდა. სახელდახელოდ, ქართული საზოგადოებისათვის ერთი კარგად ცნობილი ,,ნათელმხილველ-მკურნალიც“ კი ალაპარაკეს: არძინბას მკვდარს ვხედავო. მეომრებმა დაიჯერეს ეს ოსტატურად შეთხზული ტყუილი. სოხუმში ფეიერვერკები გაიმართა. მერე თქვეს, მოკლული არ არის, მოსკოვის ერთ-ერთ აეროპორტში მძიმედ დაჭრილი უნახავთ, ხოლო გუდაუთში მისი ორეული ზისო. არძინბას სიკვდილის თუ სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტს ენერგიულად ამტკიცებდნენ ადგილობრივი გავლენიანი სამოქალაქო და სამხედრო პირები. პროპაგანდისტული მანქანა გამალებით მუშაობდა.
 
ამასობაში ხელისუფლებამ კიდევ ერთ ფანდს მიმართა. სამდღიანი დაზავება გამოაცხადა გუმისთიდან მტრის ცხედრების გატანის საბაბით, რადგან თითქოს ეკოლოგიური აფეთქება წუთი წუთზე იყო მოსალოდნელი.
 
სამი დღის შემდეგ იმ სამხედრო, სტრატეგიული და მორალური უპირატესობიდან უკვე აღარაფერი დარჩა, ხელისუფლების მოიმედე ჯარისკაცებიცა და მოსახლეობაც უდრტვინველად შეეგუა მორიგ ხანგრძლივ დაზავებას. ვერავითარი სარგებელი ვერც ქართულმა ჯარმა და ვერც ქართულმა სახელმწიფომ ამ ბრძოლების შედეგად ვერ ნახა, პირიქით გამარჯვებული დამარცხდა.
 
სულ მალე სამხედრო მოქმედებების ინიციატივა მთლიანად მოწინააღმდეგის ხელში გადავიდა. მტერმა სრულად გაითვალისწინა 15-16 მარტის მოვლენების მწარე გამოცდილება. ამიერიდან მთავარი გათვლა მან საქართველოს ხელისუფლების მიერ საკუთარი ჯარის დეზორგანიზაცია-განიარაღებასა და ხალხის მისადმი დაჩოქილ ნდობაზე გააკეთა.
 
მალხაზ პატარაია
 
მოძრაობა ,,დაბრუნების“თავმჯდომარე
 
წინა სტატია5 წლამდე ბავშვებს, სტუდენტებს, პენსიონერებს, შშმ პირებს, პედაგოგებსა და სოციალურად დაუცველებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მედიკამენტებით სარგებლობაც შეეძლებათ
შემდეგი სტატიასაყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური