ვინ დაგვილოცავს ბოსტანს ამ გაზაფხულზე? თუ ჭკვიანად მოვიქცევით – გამცქვიტია გაძღი

0
502
ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა''
 
გაზაფხულზე,   როცა მინდორ-ველს მოლი  და ბალახეული მოეძალებოდა, ბოსტნის საკულტო დღე –  გაძღის, ბალახეულის მფარველი სულის ობა დგებოდა. ამ ობას გვირგვინი იყო დიდმარხვის 24–ე დღეს, ოთხშაბათს გადასახდელი ლოცვა,  რომელსაც გაძღიკობას,  ერთ–ერთი ვარიაციით – გაძიგობას ეძახდნენ. 
 
 
ამ დღეს ყველა ოჯახი ელოდა გაძღიკიას, გაძღის, რომელსაც უნდა დაელოცა დიასახლისის ბოსტანი და სიუხვე დაენათლა მინდვრებისთვის, და ვაი, მას, ვინც მას საკადრისად ვერ დახვდებოდა. თუ გაძღიკიას სათავისო სუფრა მოეწონებოდა, იტყოდა, უღუნ თის უძინუდასია – ვისაც აქვს, მოემატოსო, თუ არადა დაიწყევლებოდა – ვაუღუნ თის ვემეჩამდასია – ვისაც არა აქვს, არ მისცემოდესო.
 
გაძღი წარმოედგინათ როგორც ბალახიჭამია, პატარა ტანის, ჩია კაცუნა, რომელსაც გაწკვერტილი ულვაშები ჰქონდა ( გამცქვიტია კოჩი რდ), საკმაოდ თვალშისაცემი ღიპუცა  (ქვარა უკიტანდ), რასაც გამუდმებით ლობიოს ჭამას მიაწერდნენ. ღიპი ღიპად, მაგრამ გაძღი გაძვალტყავებული კაცუნა იყო, სიგამხდრისგან  ნეკნები და კისრის მალები უჩანდა – გოძღოძღო – უხორცო ღურკანი ჰქონდა, ინდაურივით ქონით დაფარული კი არა.  
 
გაძღიკია გამუდმებით აცმაცუნებდა ულვაშებს და აქსუტუნებდა ცხვირს, რომ  კარგად შეეყნოსა ქონდრის, ომბალოსა და განსაკუთრებით სამშურეს ( შაშკვლავის) სუნი. ამიტომ დიასახლისი საგანგებოდ ამ დღისთვის მთელი ზამთრის განმავლობაში ინახავდა წინა ზაფხულს გახმობილ სანელებლებს და ყვინთელ პირიშ –  ხმელი ზაფრანის  გალას, რომელსაც ჩვეულებრივზე ნაკლები ზომა ჰქონდა, რათა, როცა პატარა ტანის გაძღი მოპარავდა და ყელზე ჩამოიკიდებდა, გრძელი გალა ფეხზე არ წამოსდებოდა და არ დაცემულიყო. გაძღი იმას კი არ იტყოდა, მე ვარ პატარაო, დიასახლისს მიაწყევლიდა: ძალით აკოფხართიო, ძიგირს მიდუღალდას სქან ორტვინია – ძალით გამკოჭე? ეკალს გადაეხლართოს შენი ბოსტანიო.
 
საერთოდ გაძღი, როგორც ხედავთ, ფრიად  ფხუკიანი არსება იყო, დუდ უძიკანდ – თავი მოჰქონდა და ზევიდან დაჰყურებდა მთელი ზამთრის განმავლობაში  ღორის ხორცს, შაშხს ( ლორს) და საერთოდ ხორცეულს მიტანებულ ადამიანებს –  ხორციშ გოჭალაბერემს, ქონიშ გოსეკილემს, მეძორეემს, ლეშიჭამიებს,  მუცელღმერთებს ეძახდა მათ.
 
გაძღის მოსვლამდე დიასახლისს კედლიდან უნდა ჩამოეხსნა თოფი და ხანჯალი, მთელი  სანადირო იარაღი, ირმის რქები და ტახის თავი, ტყავეული, ყველაფერი რაც გაძღის ზედმეტად შეახსენებდა, რომ ლეშიჭამიებთან – მეძორეებთან სტუმრობდა. საერთოდ,  გაძღი მონადირეთა მფარველ ღვთაებას, თვით ტყაშ მაფასაც – ტყის მეუფეს, ნადირთბატონსაც ეჭიმებოდა და ეკალივით იჩხვლიტებოდა.
 
გაძღის განაწყენებას ყველა უფრთხოდა, მაგრამ ეს სიფრთხილე უფრო ღიმილიანი იყო, ვიდრე შიშნეული, მას ირონიით ახსენებდნენ და ზურგს უკან დასცინოდნენ კიდეც, ისევე, როგორც ლობიოს და ეკალას ( კალიას) უბზუებდნენ ტუჩს  ( ლეჩქვშა გილეოთანდეს), თუმცა კი ხშირად ამ ლობიოსა და წნილზე იყო  დამოკიდებული მათი ხსნა შიმშილისგან.
 
გაძღიმ ეს, რა თქმა უნდა იცოდა, მაგრამ ამპარტავნების გამო არ იმჩნევდა, არ აღიარებდა ან გაბრაზებული იტყდა –  ვავა თქვანშენ, ხოლო გაძღის უბონით კუჩხი –   არძა თოფი გეცუდებ, ჩხოუ მისქირუანს დო მა ოდიარეს ვარა ქორჩანთია –  ვავა თქვენ, კიდევ გაძღის დაბანეთ ფეხი, ყველა თოფი გაცუდდება, ყველა ძროხა დაიშრობს რძეს,  მე კი ბალახს მაინც გაჭმევთო.
 
 არსებობდა გაძღის საგანგებო საწირი – დიასახლისი დაკრეფდა და დოზადუნდ – შეკმაზავდა ახალნაყარი ჭინჭრის ბურცხალეს, მაჭარხეიას და სხვაფხალეულს, მოხარშავდა ლობიოს, დაჭრიდა ჭარხლისა და კეჟერა ფხალის მწნილს – ლეჭკერეს, დააცხობდა ფეტვის, სიმინდის, ჭვავის ფქვილისგან მოზელილ კვერებს, შიგ ჩაურთავდა ფხალეულს და დააწყობდა საწირ ხონჩაზე, რომელსაც სახლის შემოსასვლელ კართან,  უფრო ზუსტად, კარის თაროზე – ბუძუზე დადებდა. ყველა სახის ფხალეულიდან აღებულ მცირე ულუფას დადებდა მჭადისა და პურის ლუკმისტოლა ნატეხზე, სახლის ოთხივე კედლისკენ გაისროდა და იტყოდა: გაძღიკიაშ თია ქორდასია – გაძღიკიას კერძი იყოსო. ეს იყო საწირი ბოსტნის სიუხვისა და ცუდებაშე – გაცუდებიგან დაფარვისათვის.
 

შემთხვევითი არ არის, რომ გაძღიკობის რიტუალს ასრულებდნენ არა საზოგადოდ ოჯახში მყოფი ქალები, არამედ სახელდობრ ის რძალი, ის დიასახლისი, რომელსაც ბოსტანი და სამზარეულო ებარა და ამ თვალსაზრისით წინამორბედი დიასახლისის – დედამთილის მემკიდრე იყო  საქალო- სამზარეულო საქმეში. 
 
რძლის პოზიციიდან, დედამთილი ფხუკიანობით გაძღის ჰგავდა და, რძალი თავგადაკლული ცდილობდა უხვად დაეხვედრებინა ბალახეული და მწვანილი  გაძღისთვის, რომ მერე თავ–ბედის საწყევლად არ გახდომოდა თავი,  რატომ  უკეთ არ დავხვდიო.
 
საქმე ისაა, რომ გრძელი ზამთრის შემდეგ, როცა ბუნება იღვიძებდა და ბალახი ამოდიოდა, სკნელებს შორის, სააქაოსა და საიქიოს  შორის ყინულით ამოვსებული ნაპრალები იღებოდა და  იხსნებოდა  კარი, საიდანაც ბრუნდებოდნენ მიცვალებული სულები, გალენიშები და   სამშურეს სუნს ისე მოჰყვებოდნენ შინისკენ, როგორც სულის მოსაყვან ძაფს ( სწორედ ამ კარებიდან ბრუნდებოდა თავის სამზადში დედამთილი).
 
ის, რომ  გაძღი, თითქოს   კომიკური ფიგურაა მეგრულ წარმართულ პანთეონში, მოჩვენებითია, და იმაზე,  რომ ეს ყოველთვის არ ყოფილა ასე, მიგვანიშნებს სწორედ   სამშურეს მთავარი რიტუალური დანიშნულება გაძღიკობაში . სამშურეზე მოხუცი მეგრელი ქალები გეტყოდნენ, რომ ეს მიცვალებულ სულთა მცენარე იყო და მისი სახელი ,,სურნელების მომცემს'' კი არ ნიშნავდა, არამედ ,,სულებისთვის განკუთვნილს''.
 
თუ გარკვეულწილად გაძღი  დედამთილის ჰიპოსტასი იყო, არც ის იყო   გამორიცხული, რომ,  თუ დედამთილს გაძღივით რამე არ მოეწონებოდა, სულაც არ გაბრუნებულიყო უკან და ლებიაშ ფურცელცალო ქუმკოჭაბუდკო – ლობიოს ფოთოლივით მიკვროდა რძალს ანუ   ისევ დამკვიდრებულიყო თავის სამზარეულოში,  აერია რძლის დაწყობილი  ცხოვრება, თქვენ აქ უჩემოდ ბოსტანსაც ვერ აუხვედითო.   

 
გაძღისა და ქალის გამორჩეული ურთიერთობის თვალსაზრისით,  საინტერესოა ისიც, რომ ქალებს ძველ სამეგრელოში საზოგადოდ ასაფლავებდნენ ღობურა ძარაში, რომელსაც მეგრულად გიძღ, გაძღი ერქვა. ( კაცების ცხედრებს, მოგეხსენებათ, ნაბადში ახვევდნენ და ხის კენწეროზე შემოდებდნენ, რადგან ის ცის კუთვნილებად მიაჩნდათ, ქალი კი – მიწისა, მაგრამ ეს უკვე სხვა მითოსური პლასტია).
 
სხვას რომ თავი ვანებოთ, მარტო ის რად ღირს, რომ ბალახეულის მფარველი სულის ხელში იყო მკვდრის გაცოცხლება და ცოცხალთა დაფარვა სიკვდილისგან. უკვდავების ბალახსაც ხომ სწორედ გაძღი  თესავდა ლაფაროში, თუკი იგი  კარგად იყო დაგვილი – ელახუშილი. ამიტომ დგებოდნენ მეგრელი ქალები უთენია და ამიტომ იწყებდნენ სახლ – კარის დალაგებას ელ – მოლიშ, ბარაშ ( სახლის ახლო და შორი შემოგარენის) დაგვა- დასუფთავებით. 
 
მაგრამ მოდით,  დედამთილის მოტივს დავუბრუნდეთ –  ყველა დედამთილი თავად არის რძალიც და ამიტომ ძალიანაც ნუ მიწყენთ ამ ბლოგს, მით უფრო, რომ თავად მეც დედამთილობის ასაკში ვარ და ჩემმა რძალმა, თუ უნდა,  სულაც არ იხმაროს სამშურე, ხოლო ცოცხალი – მე თავად გავეგზავნები ბაზარში ერთ კონა ოხრახუშზე, ოღონდ კი მყავდეს.
 
 
წინა სტატია“მშიერი პლანეტა” და ,,აყვავებული” საქართველო – ერთი კვირის რაციონი იქ და ჩვენთან
შემდეგი სტატიასაფრანგეთში მცხოვრები ქართველების აქცია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური