რას უფრთხოდნენ და როგორ ირჩევდნენ მეგრელები ახალ სამოსახლოს

0
672
ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა''
 
სამეგრელოში, ისევე, როგორც ყველგან, ოდითგანვე დიდი გულისყურით ირჩევდნენ სამოსახლოს და, თუ ეს სამოსახლო მემკვიდრეობით ჰქონდათ მიღებული, გამუდმებით ცდილობდნენ, არ შეერყვნათ მამა–პაპური ფუძის სიწმინდე, არ დაეკარგათ ფუძის ანგელოზის – ნერჩი პატონის წყალობა.
 
ჩვენ ვახსენეთ გულისყური, რომლითაც ირჩევდა კაცი სამოსახლოს – საოხოროს. გურუგუჩამუო – ამბის გაუკითხავად, გულის მიუპყრობლად იგი არც ვინმესგან იყიდდა სახლ–კარს და არც დაუსახლებელ მიწაზე დაფუძნდებოდა, რადგან უფრთხოდა მამანძელს- მოსადევრიანობას, რომელიც შეიძლება ავბედითი, დაწყევლილი – უბადო ნაჭყა ყოფილიყო.
 
ადამიანებს განსაკუთრებით აფრთხობდა ნამკვდრევი, ე.წ. ცივნარევი სახლი, პარტახი მამული ( მეგრულად რომ ვთქვათ, ნოსირი, ნაჭყვედი, გუმნაღურა, კარგუმოკილერი), რომელიც ახალ მოსახლეს უსათუოდ გადასცემდა ადრინდელ ბინადართა უიღბლობას თუ ცოდვებს, ანუ ,,ცოდილიანი, უბადო ჭარაშ მამანძელი'' იყო. ამიტომ, სანამ სხვისეულ მამულში, ნასახლარში თუ სახლში დასახლდებოდნენ, აუცილებლად ძირისძირობამდე ანუ კილიკილშა გაიკითხავდნენ ამ ოჯახის რვა მოდგმის ამბავს.
 
ამბის გაგება არ იყო ძნელი, რადგან პოტენციურ სამეზობლოში არავინ დამალავდა იმას, რაც იცოდა, სხვა შემთხვევაში, ის იყო ღვთის წინაშე პასუხისმგებელი ახალმოსახლის, ახალმახოროს ბედისთვის ანუ თავად მასზეც გადადიოდა წყევლა, როგორც ცოდვა დუმილისა.
 
გაცილებით ძნელად იყო საქმე, როცა არჩევანი ეხებოდა დაუსახლებელ ან დიდი ხნის დაუსახლებელ მიწას, რომლის ცოდვა–მადლი შეიძლება არც არავის სცოდნოდა. ეს ცოდვიანობა შეიძლება ყოფილიყო ნაქაჯარობა –  ნაჭინკუ, ნაუბადუ. ითვლებოდა, რომ ნასახლარს   არ ან ძნელად ეთხოვებოდნენ იქ ჩაბუდებული  ავსულები და განრისხებული გალენიშები ( გარდაცვლილი ბინადრები) , რომლებიც არ გაახარებდნენ მათ მიერ სათავისოდ მიჩნეული ადგილის დამსაკუთრებელს. და ახალმოსახლესაც ისღა დარჩენოდა, ან უარი ეთქვა საეჭვო სახლსა და მიწაზე, ან გულმხურვალედ გამოელოცა და გაექარვებინა წინამორბედთა ცოდვები, დაეფრთხო ავსულები  ან ასევე გულმხურვალე ლოცვით მოეგო ნერჩი პატონის –  ფუძის ანგელოზის სულიც.
 
მეგრულ ეთნოგრაფიაში აღწერილია წარმართული ლოცვებისა და განწმენდის რიტუალების მთელი კასკადი, რომელიც სამოსახლო მიწასა და სახლს ეხებოდა.
 
ერთ–ერთი მათგანი იყო დიხაშ ხვამა – მიწის ლოცვა. იმ ადგილზე, სადაც სახლი უნდა დაედგათ, ოჯახის უფროსი მივიდოდა და ოთხგან ამოთხრიდა მიწას, ოთხივე ღრმულში ჩადებდა თითო–თითო კვერცხის ფორმის მოზრდილ თეთრ ქვას, შემდეგ ოთხი ანთებული სანთლით სამგზის შემოუვლიდა იქაურობას, ქვებთან დაიჩოქებდა, ზედ სანთლებს მიაკრავდა და იტყოდა ,,დიხაშ ნერჩი, ბედინერი ქომიი თე ადგილ დო ოხორე, კოჩიშ დო ორინჯიშ გაბრალება, ჯგირი ოფა ქუმოჭარე (მიწა–ფუძის ანგელოზო, ბედნიერ მიყავ ეს ადგილი და სამოსახლო, ადამიანისა და პირუტყვის გამრავლება, კარგად ყოფნა დამიბედეო). იქვე შეჭამდა ნერჩი პატენზე შესახელებულ ოთხ კვერს და იმედიანად შეუდგებოდა სახლის მშენებლობას.
 
მეგრელებს განსაკუთრებით ეშინოდათ მოსადევრისა, რომელსაც ძველ, წინამორბედ პატრონს ღმერთი დააკისრებდა მაწყევარს, მიწის გამო ვინმეს ხატზე გადაცემისთვის, ან თავად დაწყევლილს, ხატზე გადაცემულს რაღაც  ცოდვისთვის, რასაც დიხაშ გინნოჩემს ეძახდნენ. ითვლებოდა, რომ მიწისთვის, მიწის გამო წაკიდებისთვის ღმერთი, ნერჩი, ფუძის ანგელოზი სჯიდა როგორც ერთ მხარეს – დამნაშავეს, ისე მეორეს – გადამცემს, თუნდაც მართალი ყოფილიყო, ოღონდ მას შემდეგ, რაც დამნაშავეს აზღვევინებდა, ანუ ხატზე გადამცემს ნავედრს აღუსრულებდა. ამას ჭყალა – მაჭყალს (წყევლა – მაწყევარს) ერქვა და არამც და არამც არ აცდებოდა გინმაჩამალს (ხატზე გადამცემს), უსათუოდ მოუბრუნდებოდა, თუ ხატზე გადაცემის ცოდვას არ მოინანიებდა და შურისძიებას შეაჭმევინებდა თავს.
 
ხატზე  გადაცემის გამოსასყიდ ლოცვას – განალენიშ ხვამა ერქვა ანუ ნაწყევლის, ნავედრის გამოლოცვა. განალენი განსხვავდებოდა აპიანიშ ხვამასგან, რომელიც სასიკეთო ნავედრის აღსრულებისთვის აღვლენილი მადლიერების ლოცვა იყო, ხოლო განალენი – მონანიება წყევლის ცოდვისა.
 
იმის შიშით, რომ მიწა, რომელზედაც დასახლებას აპირებდა ახალმოსახლე, შეიძლება გინნოჩემი , ხატზე გადაცემული ყოფილიყო, ხოლო ძველ პატრონებს შეიძლება არ ჰქონოდათ გამოლოცვილი წყევლის ცოდვა, იგი თავად აღასრულებდა ამ რიტუალს. ოთხ ღრმულში, რომელშიც როგორც აღვნიშნეთ, ოთხი თეთრი ქვა იდებოდა, ოქროს ან ვერცხლის მონეტებს ჩაყრიდა, ხოლო თუ ასეთი რამ არ ებადა, წითელი ტყემლის ხისგან გამოთლილ მრგვალ, თხელ ფირფიტებსაც ჩაყრიდა.
 
თუ ახალმოსახლემ იცოდა,  ვინ იყო  ხატზე გადამცემი ან ოდესღაც ხატზე გადაცემული ოჯახის მემკვიდრე, უსათუოდ ჩარევდა საქმეში პატივსაცემ ხალხას, სოფლის კითხულებს და თუ ვინმე იყო გადარჩენილი ამ ორივე ოჯახიდან, აუცილებლად მოარიგებდა მათ და ერთად დაალოცვინებდა ამ მიწას.
 
ჩვენ ზემოთ წითელი ტყემლის ხე ვახსენეთ. ამ ხის განფოთლილ შტოებს ან მათგან გამოთლილ ჩხირებს ასობდნენ დაუსახლებელ მიწაში იმ შემთხვევისთვის, თუ მის შესახებ არაფერი იცოდნენ და შიშობდნენ, რომ მასზე ავსულებს ედოთ ხელი, ჭიჭკეფიშ დო მაზაკვალეფიშ ხე უღუდუ, ,, უბადო ხეში“ – ავი ხელისა ჭირდა. ითვლებოდა, რომ ავსულები განსაკუთრებით უფრთხოდნენ ამ ხეს და უკვალოდ, უკანმოუხედავად გადაბარგდებოდნენ ამ ადგილიდან.
 
რადგან საუბარი ხის საკრალურ ძალაზე ჩამოვარდა, აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ადამიანები პარტახ მამულზე არანაკლებ უფრთხოდნენ ნამეხარ ადგილებს, ანუ ადგილს, რომელიც  ნამეხარი – ნაჯვარლენი შეიძლება ყოფილიყო. ტერმინი ნაჯვარლენი ცოტა გვიანდელია, ანუ მაშინდელი, როცა ახალგაქრისტიანებული მეგრელები ძნელად, მაგრამ მაინც ეთხოვებოდნენ ძველ რწმენა–წარმოდგენებს, რომლის თანახმად  მეხის დაცემას  ელიას რისხვად,   – ცოდვილის ან ცოდვიანი ადგილის ჯვრით შერისხვად – ჯვარ დო ბორზალიშ გეშქუმალად აღიქვამდნენ. .
 
აქედან გამომდინარე ადგილზე, რომელიც შესაძლოა ნამეხარი ადგილი ყოფილიყო, იელის ჯვრებს ან იელის, წითელი ტყემლის  ჩხირებს ასობდნენ, რომ ამ რიტუალით განეწმინდათ შერისხული მიწა.
 
წინა სტატიაუზენაესმა სასამართლომ “რუსთავი 2-ის” საქმის განხილვა 2 მარტს დანიშნა
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია ამერიკული საკონსულტაციო კომპანიის SPConsulting-ის უფროსი პარტნიორი გახდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური