მარგალიტები ზღვის მინაქცევზე დარჩენილი შლამიანი, ხავსიანი ხამანწკებიდან

0
481
ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა"
 
არაფერი ინახავს ისე ინფორმაციას ძველ რწმენა–წარმოდგენებსა და მივიწყებულ ცოდნაზე, როგორც ენა.
 
დღეს საუბარო გვექნება რამდენიმე იდიომაზე, რომელიც სპონტანურად შევარჩიეთ და ძალიან ჰგვანან მარგალიტებს, თუნდაც იმით, რომ მათაც  მარგალიტივით  სჭირდება ამოგულვა ზღვის მინაქცევზე დარჩენილი შლამიანი და ხავსიანი ხამანწკებიდან.
 
მეგრელები მიწისძვრას დიხაშ ნწალუას ვეძახით ანუ მიწის განმწარვას. დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმას, რომ ამ ტერმინში გაცილებით მეტი ჩანს, ვიდრე სიტყვაში მიწისძვრა –  დიხაშ ცანცალი, დიხაშ ძანძუა. ეს უკანასკნელნი ქმნიან მიწის რყევის მექანიკურ სურათ–ხატს, ხილულ პროცესს ( როცა გარშემო ყველაფერი ზანზარებს, ფეხქვეშ გეცლება, მოძრაობს), ,,დიხაშ ნწალუა'' კი ინახავს ინფორმაციას ამ დროს მიწის წიაღში მიმდინარე პროცესებზე, მიწისძვრის გამომწვევ მიზეზებზე – ნწალუა ხომ განმწარვას ნიშნავს, გაზებისგან დაცლას , მიწის გულიდან გახურებული ლავის, გამონაბოლქვის ამოფრქვევას. ეს მოწმობს ძველი მეგრელების  განბრძნობილობას გეოლოგიასა და სეისმოლოგიაში. 
 
ცაშ ლაკვეფცალო ინგარა – ცის ლეკვებივით ტირიან – ხშირად გვითქვამს მტირალ, უდედოდ დარჩენილ, დაობლებულ ბავშვებზე. ეს სხვა არაფერია, თუ არა ანარეკლი ძველი ასტროლოგიური ცოდნისა, რომლის თანახმად სირიუსი, უფრო ზუსტად, ციური მწევრების თანავარსკვლავედი წარმოიშვა ცაში მზის მიზიდულობის ძალით ატყორცნილი სხეულებისგან, მითოსური ხედვით –  მიწიდან ასული ძაღლებისგან, რომელთაც დედამიწაზე ლეკვები, სხვა გაგებით მის შედგენილობასთან იდენტური ნივთიერებები დარჩათ, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენს ზღაპრებში არის მოტივი არწივის მიერ ლეკვების ცაში  ატაცებისა, ძნელი არ არის ეს გამოთქმა დავაკავშიროთ უდედოდ დარჩენილი ან ცაში ასული დედისკენ მსწრაფი მარტო დარჩენილი ლეკვების განწირულ წკავწკავთან.
 
დაკირალ ხანგადასაბმელი გიჟი, ვიტყვით ადამიანზე, რომელიც გახელებულია, გიჟიმყრელია. ხანგაშ დოკირუა არის ანარეკლი ფსიქიურად დაავადებული ადამიანის მიმართ უბირი ხალხის დამოკიდებულებისა, როცა მას ხეზე მიაჯაჭვავდნენ და გასაწვრთნელი ბაზივით  უწრუპუნებდნენ (ადრეულ ეტაპზე), ან შელოცვებსა და ფსალმუნებს უკითხავდნენ (მოგვიანებით). ეს მოტივი, სხვათა შორის, გვაქვს მარკესის ,,მარტოობის ას წელიწადშიც“. 
 
ჯოღორ ქიგმოდიარუ – ძაღლი დააპურა ჩემზე – ვიტყვით ჩვენდამი უდიერი დამოკიდებულებით აღშფოთებულები შეურაცხმყოფელის მიმართ.
ჯოღორიშ გედიარაფა იყო სასჯელის ფორმა, რომელსაც დადიანები და საერთოდ მებატონეები მიმართავდნენ ყმების დასათრგუნად –  ყმას გაშიშვლებულ სხეულზე ცხელ ღომს დააგებდნენ და ძაღლებს მიუსევდნენ მის შესაჭმელად .
 
ვარწყექო ცალხეთ მიკვობუქუნ?! – ვერ ხედავ, ცალი ხელით ვკიდივარ?! – საყვედურით ვიტყვით, როცა ვინმე გვაიძულებს დაუყოვნებლივ გავაკეთოთ ის, რისთვისაც არ გვცალია. 
ცალ ხეთ მიკობუნაფა სასჯელი იყო ჩვენშიც და მთელ ანტიკურ სამყაროში – მონას, ყმას ზოგჯერ ცალი ხელით, ზოგჯერ ორივეთი  მიაჯაჭვავდნენ სვეტს. გამოთქმა  – ვარწყექო მიკვობუქუნ? – ვერ ხედავ, ჩამოკიდებული ვარ? – ამის ანარეკლია, ისევე, როგორც  მიქელანჯელოს ,,მონები’’, რომელთა შორისაა სვეტზე ცალი ხელით მიჯაჭვული მონის ფიგურა.
  
თოლ ელაჭელ გაფუნო? – თვალი ამოკერილი გაქვს? ვიტყვით ადამიანზე, რომელიც ვერ ხედავს ან თვალს უხუჭავს დასანახს. თოლიშ ელაჭალა – თვალის ამოკერვა გვიანდელ ხანაში იყო სასჯელის ფორმა თვალის დათხრის პარალელურად, მაგრამ უფრო ადრეულ  ხანაში თვალებს იბრმავებდნენ ან ამოიკერავდნენ ამქვეყნიური ამაოებისგან განრინების მოსურნე ქურუმები, რომ ფიზიკური კონტაქტი ჩაენაცვლებინათ უფრო ღრმა, ინტუიტიური ხედვით ან სულში ჩაებრუნებინათ მზერა ან მეექვსე გრძნობა მიეპყროთ სამყაროსათვის მის არსში, არამატერიალურ არსში წვდომისთვის.
ოდნავ პროფანირებულია თვალის ამოკერვა ჩვენი ბებიების მეთოდში  დასაჯონ, მოათვინიერონ კრუხი, რომელიც საკენკის დანახვაზე ივიწყებს დედობრივ გრძნობებს და ზოგჯერ ისე მძლავრად ჩაკრავს ნისკარტს საკენკთან მოახლოებულ წიწილას, რომ შეიძლება შემოაკვდეს კიდეც, თუმცა მეორე, უფრო ღრმა პლასტი საკმაოდ მკაფიოდ იკითხება ამ აქტშიც –  თვალამოკერილი კრუხი, რა თქმა უნდა, გრძნობს და ესმის, რომ მის საკენკს წიწილა მიეტანა, მაგრამ, როგორც კი  საკენკი ბნელში დაინთქმება, ეს ხილული ცდუნება ვეღარ ძლევს მის დედობრივ გრძნობებს. 
 
ქუას ქიგედირთ – ქვაზე შედგა,  ქუას ქუა ქიმნოდუ – ქვა ქვაზე დადო, ვეკაკაფუ – არ მიიკაკუნა, არ შეიხოო იტყვიან კაცზე, რომელიც უმწარესი ფიცით უარყოფს დაბრალებულს და  ორმაგი, გაძლიერებული ფიცით ამტკიცებს თავის სიმართლეს.
ითვლებოდა, რომ ადამიანს ნებისმიერ შემთხვევაში მფარველობს თავისი ნერჩი,  მშობლიური მიწა და მისთვის განკუთვნილ დარტყმას თავისთავზე იღებს, თუ საჭიროა, ტყუილსაც აპატიებს, ტყუილშიც ენდობა. (სხვათაშორის, ნერჩის ეს მოტივი გვაქვს დავითისა და გოლიათის, ანთეოსის მითში, როცა დამარცხებისთვის განწირული  გმირი მიწასთან შეხებით იძენს  ძალას). 
ამიტომ აყენებდნენ ქვაზე მოსამართლეები  ბრალდებულსა და მოწმეს, ქვა თიშავდა კონტაქტს მიწასა და ადამიანს შორის, რაც არ უტოვებდა  შანსს ნერჩის,  მიწას შეშველებოდა მას – ასე ადამიანი თავისი შიშველი სიმართლის თუ სიცრუის ამარა რჩებოდა განმკითხველთა წინაშე.
სწორედ ამიტომ სხდებოდნენ   ქვატახტზე ( საბედნიეროდ, ქვატახტი შემოგვრჩა  ზუგდიდისა და ჭაქვინჯის სადადიო – სადადიანო რეზიდენციებში)  თავად დადიანიცა და სხუნუებიც ( მოსამართლეები), რომ  სიმართლის ჭრისას  გარიდებოდნენ მიწიერ,  ქვენა გრძნობებს, მიკერძოებულობას და    ცის კანონებით განესაჯათ მტყუან – მართალი.  
 
გეშამიღ უჯგუშ შური – უკეთესი სული ამომართვაო – იტყვიან აბეზარ, მოსვენების არმიმცემ კაცზე. უჯგუშ შური  სულის შესახებ ხალხურ მოძღვრებაში არის ერთერთი ტრიადიდან – შური, უჯგუშ შური დო თარშური.   (სამშვინველი, ადამიანის  სული და საღვთო სული). თარშურის ამორთმევა მხოლოდ ღმერთს ხელეწიფებოდა, სულისა – მკვლელს, მოძალადეს, სამშვინველისა (უჯგუშ შურისა)  – აბეზარ ადამიანს, რომელიც ართმევდა მას შეგრძნებების უნარს – უხშობდა სასმენელს, სახედველს ანუ უზღუდავდა ფიზიკურ შეგრძნებებს ან თავის პრობლემებს ახვევდა თავს და არ აძლევდა თავის საქმეზე, თავის თავზე, თავის ცხოვრებაზე კონცენტრირების საშუალებას.
 
ჩვენ ზემოთ მებატონეები ვახსენეთ, მაგრამ მათმა შთამომავლებმა რომ არ გვიწყინონ, შეგახსენებთ გამოთქმას ,,ეს ვახვარ მუთუნ ლიპარტია – ამას ვერა ლიპარტია უშველის''. ლიპარტია გახლდათ სამეგრელოს მთავრის ვაჟი ლიპარიტ დადიანი, რომელსაც სამემკვიდროდ თავისი წილი, საუფლისწულო ადგილ–მამული – სალიპარტიო ერგო და ქვეშევრდომთა განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა მათ მიმართ მზრუნველობისთვის, იგი გახდა სიმბოლო გაჭირვებაში ჩავარდნილი კაცის მხსნელისა. ,,ეს ვახვარ მუთუნ ლიპარტიას’’ იტყოდნენ საქმეებზე, მდგომარეობაზე, რომელიც გამოუვალი, ყოვლად უიმედო იყო.
 
დღეისათვის ეს იყოს. 
 
წინა სტატიაოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივი აირის 200 -ლარიან ვაუჩერს მიიღებს.
შემდეგი სტატიაოპოზიცია ოთხოზორიას მკვლელის ინტერპოლით ძებნას ითხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური