საიდან მოდის ხარისა და თევზის მარადიული ბრძოლა და ვინ არის ხოჯგორია – ხარის პატრონი

0
693
ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა''
 
 
მეგრულისათვის დამახასიათებელი ნახევარხმოვანი და ხმოვანთშორისი საშუალებას იძლევა გალექსო ტელეფონის ნომრების წიგნიც კი და მიიღო რიტმის სრულიად განსხვავებული მოდიფიკაციები, რაც თავის თავში ატარებს ცდუნებას პოეტად წარმოიდგინო თავი.  შესაძლოა, ამიტომ მოზღვავდა ბოლო დროს მეგრულ პოეზიაში საეჭვო ღირებულების ,,ლექსები’’, რომელთა ავტორებს (და,  სამწუხაროდ, ბევრ მკითხველსაც) ავიწყდებათ ( ან ,,ივიწყებენ’’) რომ მარტოდენ რიტმი ტექსტს პოეზიად ვერ აქცევს. 
 
დღეს საუბარი გვექნება მეგრული ფოლკლორის შედევრზე ,,ხოჯგორია“ (ხარიძებნია), რომელიც ასეთივე ძალის სხვა ორ შედევრთან ერთად  (,,გემასიზმარ, ღორონთემს ცაშე გეგმურთუმდეს თუდო“  და ,, ბჟა დიდა რე ჩქიმი“)  ქმნის მეგრელთა კოსმოგონიური აზროვნებისა და  სახისმეტყველების გასაოცარ ტრიადას.
 
,,მელე-მოლე გვალა რენ დო შქას ეშმურსუ წკონდა წყარი,
თე წყარიში ოშუმუშა, ხოჯ გილურსუ დიდი ქამი.
ჭითა ჩხომი გილანჩურუნს, ჭალე პისუ მიკირთუ,
ხოჯის კუდელს ქოჟგერუთნსუნ, ხოჯი ჭითათ გინირთუ,
ხოს გორუნსუ ხოჯგორია, გილურსუ დო გილენგარს.
ნირსის მეთხოზ ჭითა ხოჯი, წიფურს ქალეფს მიოგანს,
ირემიში ქაში ღობერს მიორე დო მიონგარს.''
 
სანამ ამ ლექსის ქართულ თარგმანს შემოგთავაზებთ, უნდა აღვნიშნო, რომ იგი 1968 წელს, სტუდენტური ფოლკლორული ექსპედიციის დროს  ჩაუწერია ლაშა გახარიას, თავადაც ბრწყინვალე პოეტს,  სახალხო მთქმელისგან ეთერ გვარამიასგან სოფელ ქვედა ჩხოროწყუში. რაც შეეხება ქართულ თარგმანს, იგი ეკუთვნის კობა ჭუმბურიძეს, რომელმაც, როგორც სჩვევია, შეძლო შეენარჩუნებინა ლექსის პოეტიკა  და, რაც მთავარია, მისი კოსმოგონიური არსი და ნიუანსები:
 
,,მთათა შუა მოციგლიგებს  კამკამა და ცივი წყალი, 
მის ნაპირას წყურვილს იკლავს  ერთი ხარი, რქამაღალი. 
მდინარეში თევზი ცურავს,  წითლად დაფერილი არი,
კუდით მიუდგაფუნებს დაა გაწითლდება უმალ ხარი. 
თევზი ჩქერებს გაუყვება,  ხარს პატრონის ვერ ცნობს თვალი, 
დაეძებს და ვერ პოულობს  მაშვრალი და მოტირალი. 
წიქარა კი ნისლებს მისდვს და რქას უჯახუნებს წიფლებს, 
ღობეს მისდგა ირმის რქისას და ბღავილით ზეცას იკლებს.''
 
,,ხოჯგორია‘’ ( ,,ხარიძებნია'')  ასახავს სამყაროს წყობის სამწევრიან ზოომორფულ მოდელს, რომელშიც ხარი ხმელეთის, კოსმოსის სახეა, თევზი – წყლისა, ქაოსისა, ხოლო ირემი – სამყაროს განზომილებებად გამმიჯნავი, დამსაზღვრებელი ძალისა.
 
ამ კოსმოგონიური მოდელით ნაჩვენებია სამყაროს წყობის სამი ძირითადი ელემენტის ჰარმონიული ერთობლიობა, სადაც თითოეულ ელემენტს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი, რაც განსაზღვრავს კოსმიურ წყობას, წესრიგს. მათი დაშლა–აღრევა, მათი ბრძოლა იწვევს დაპირისპირებულ ძალთა სამკვდრო– სასიცოცხლო  ჭიდილის  პროცესებს, რომელიც აქ სიუჟეტურად გველეშაპის და ხარის ბრძოლის მითოსური ციკლით არის დადასტურებული.
 
მსოფლიო მითოსური ტრადიცია იცნობს ტაროსის ღვთაების გველეშაპთან (ქაოსთან) ბრძოლის ციკლს. (მაგალითისთვის ხეთური მითებიც საკმარისია, სხვათაშორის,  ხეთურ მითოლოგიაში ჭექა–ქუხილისა და წვიმის ღმერთს, რომელიც ჩვენი ელიას, მეგრული ვარიაციით – ღვთაება დადის ფუნქციებს ატარებს, ჰყავს ორი ხარი, ხური (დილა) და სერი (საღამო).
 
ამრიგად, შემთხვევითი არ არის, რომ თასიშ დოხუნაფას – პირველი კვალის გავლებისა და ხნულში პირველი პეშვი  თესლის  ჩაყრის რიტუალში დადია ბატონი – დადისგან კურთხეული ერისმთავარი ახორციელებდა. ეს მასზე ღვთივ დაკისრებული მისია იყო და სხვას არ ხელეწიფებოდა.
ამ რიტუალში დადიაბატონი განასახიერებდა ხარის პატრონის ანუ პირველმკვალავის, ქაოსში წესრიგის შემტანის ფუნქციას ანუ ის იყო ამ შემთხვევაში ხოჯგორია –  კოსმიური წესრიგის, ხარის მძებნელი.
 
მითოსური ტრადიციით, ხარის პატრონი თავის პირუტყვს, თავის ხარს, რომელიც უნდა შეებრძოლოს წყალს, თევზს ანუ ქაოსს სპილენძის, ალმასის, რკინის რქებს გამოუჭედავს, როგორ არ გაგახსენდეს აქ აიეტის სპილენძისრქიანი ხარები, მაგრამ დავუბრუნდეთ ხარისა და თევზის ბრძოლას, საიდან მოდის ეს მარადიული ბრძოლა.
 
მეგრული და არა მხოლოდ მეგრული, ზოგადად ქართული და მრავალი სხვა  ძველი დროის ხალხის რწმენა–წარმოდგენებში დედამიწა წყლით იყო დაფარული და ქაოსი მეფობდა. მას ღმერთმა, დემიურგმა ხარის მეშვეობით დახევინა უკან და მიწა გამოსტაცა. ამას უკავშირდება ფორმულა ,,ზღვაში ხვნა და ზღვაში თესვა,'' ხოჯგორია –  ხარის პატრონი არის ზღვაში მხვნელი და ზღვაში მთესველი. 
 
ხარისა და ხოჯგორიას დამყარებული კოსმიური წესრიგი წყლის მეუფებიდან გამოტაცებულ მიწაზე  არ არის მდგრადი და საფრთხისგან დაცული, რასაც ადამიანთა გველეშაპური წყლისმიერი ქაოტურობით ნიშანდებული ქცევა განაპირობებს, ადამიანის სხეულში ხომ ბევრი წყალია. ამიტომ კოსმოსი, ხარი წყლის წარღვნის შემოტევის მუდმივ მოლოდინშია. კეთილისა და ბოროტის მარადიული ბრძოლის კანონების თანახმად, კოსმოსს ზოგჯერ ქაოსი ცვლის, ზოგჯერ კოსმოსი იმარჯვებს ქაოსზე და წყლისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ისევ და ისევ  იღვიძებს სიცოცხლე – ქაოსი ძნელად ეგუება დამარცხებას, ისევე როგორც ხარი.
 
ალბათ  შენიშნეთ, რომ ლექსი ,,ხოჯგორია'' მთლიანად წითლადაა შეფერილი, ფერთა სიმბოლიკის მიხედვით,  ეს სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლის ფერია, სისხლის ფერი. მოპოვებულის დაკარგვა და ყველაფრის თავიდან დაწყება, სისხლის ფასად გაჩენილი სიცოცხლის პერიოდული, გარდუვალი განადგურება, თუნდაც მას არორძინება მოყვებოდეს,   გაცილებით მტკივნეულია ხარისთვის, რომელიც უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე თევზი (ტყუილად არ ვამბობთ გულგრილ და უემოციო კაცზე – თევზივით ცივიაო),  ამიტომ ტირის ხარი სამყაროთა საზღვართან – ირმის რქის ღობესთან.
 
ხარის ტირილი განწმენდს სამყაროს. და ის ხარებიც, რარაც თვალსაზრისით  ჩვენცა ვართ.
 
უცრემლო ცხოვრებას და ღვთაებრივ წესრიგს გისურვებთ სულსა და ყოფაში. ხარის თემას კი ჩვენს ბლოგში კიდევ დავუბრუნდებით. 
 
წინა სტატიაერთ-ერთმა მოშიმშილემ შიმშილობა მამა მალხაზის თხოვნით შეწყვიტა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი: ხელისუფლება ცდილობს სრულ კონტროლქვეშ ჰქონდეს მოსმენებისთვის განკუთვნილი გასაღები და აპარატურა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური