საყვარელიძე პროკურატურის განცხადებაზე: ეს არის მასალების და მტკიცებულებების გაყალბება

0
385
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმესთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიების შედეგებზე, კომენტარი გააკეთა დავით საყვარელიძემ. იგი კატეგორიულად უარყოფს საქმესთან რაიმე კავშირს და ამბობს, რომ პროკურატურის ბრალდება არის "უნამუსობა, არაკაცობა და სისხლის სამართლის დანაშაული":"უბრალოდ უნამუსობაა და სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ეგენი აკეთებენ. ამას ჰქვია მასალების და მტკიცებულებების გაყალბება. ადრე თუ გვიან ეს მუხლი უნდა გააქტიურდეს, რომ ეს ინსტიტუტები არ იყვნენ მართული პოლიტიკური ჯგუფების მიერ. კომიკურია და ტრაგიკულში გადავიდა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ძალიან გული მწყდება, როცა სიმწრით ნაშენები ქვეყანა და ინსტიტუტები, რომლისთვისაც ამდენი ვიბრძოლეთ, პრიმიტიული და გონებაშეზღუდული ადამიანების ხელში აღმოჩნდა. რაღაც შეცდომა დაუშვა პროკურორმა, თავიდან ისარზე მიბმული წერილის მშვილდ-ისრით გატყორცნას ვაპირებდი და შემდეგ მტრედებს გავატანე, რომ მალე და ზუსტად მიეტანათ. ესეც უნდა დაემატებინათ და სრული სურათი ექნებოდათ. ძალიან გული მწყდება, რომ პროკურატურაში კომპეტენტური ადამიანი აღარ დარჩა".საყვარელიძის თქმით, იგი ამ დრომდე საქართველოს პროკურატურას არ დაუკითხავს:"ჩემთვის არავის არანაირი შეკითხვა არ დაუსვამს, საქართველოს პროკურატურას ჩემთან სატელევიზიო კომუნიკაცია აქვს. შევარდნაძის დროინდელი პროკურატურა ამას არ იზამდა და არ იკადრებდა".პროკურატურის მტკიცებით, 2017 წლის 11 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, საცხოვრებელი სახლის მისამართებზე მიიღეს წერილი, რომელსაც ნაბეჭდი ასოებით აწერია ავტორი "დ. საყვარელიძე". აღნიშნული წერილით, გამომგზავნი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს. ამ და გამოძიების სხვა დეტალების შესახებ პროკურატურამ განცხადება დღეს გაავრცელა.
წინა სტატიაTI: საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების შეჩერება კანონს ეწინააღმდეგება
შემდეგი სტატიაზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური