თუთაშები ,,ჭიფე ღურაშ” – ,,იწრო სიკვდილის” გვირაბში

0
811
ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა''
 
თუთაშური ცოდნა არ შემორჩენილა ფოლიანტების სახით (ეს დროის მსახვრელ ძალაზე არანაკლებ, ჩვენმა ძნელბედობამ განაპირობა), მაგრამ იგი, როგორც სუბსტანცია, განიფინა მითებსა და ზღაპრებში, მაგიურ სიტყვებსა და   შელოცვებში, საზოგადოდ, მეგრულ ლექსიკაში. 
 

 
 
თუთაშები – მთვარის მოგვები ძველ კოლხეთში წარმოადგენდნენ სრულიად განსაკუთრებულ კასტას, რომელიც ლამის ღმერთებთან იყო გატოლებული და ფლობდა ზებუნებრივ, არამიწიერ ცოდნას, ასრულებდა მედიუმის როლს ღმერთებსა და ჩვეულებრივ მოკვდავებს შორის.
 
მათ, როგორც სომნაბულებს,  შეეძლოთ ზეცაში აყოლოდნენ მთვარის სხივებს, ჩასულიყვნენ სულთა სამეფოში, გაევლოთ ,,ჭიფე ღურაშ'' –  ძველქართულად ,,იწრო სიკვდილის''  გვირაბი, რასაც დღეს კლინიკური სიკვდილის და ლეთარგიული ძილის –  კომას, სომას მნიშვნელობა აქვს, თუმცა არ უნდა აგვერიოს, რომ ეს ის გვირაბი არ იყო, რომელსაც სიკვდილის საუფლოში მიყავს გარდაცვლილი ადამიანი, რჩეულ ცოცხალთათვის გვირაბი ( მეგრულად ამ შემთხვევაში მას ,,საშურო'' მიესადაგება) იხსნებოდა ცასა და მიწას, შეცნობილსა და შეუცნობელს  შორისაც, ამ გვირაბით გადიოდნენ ასტრალში,   მიშმალუდეს დო მიშესოფუდეს ( ცოტაც გავიღიმოთ) – რათა  მოეხილათ სხვა სამყაროები და დაბრუნებოდნენ თავიანთ ბომონებს, თავიანთ იდუმალ სალოცავებს, თუთაშები ფლობდნენ არა მხოლოდ მთვარისა და სხვა პლანეტებისა და ვარსკვლავების, არამედ წყლისა და ცეცხლის ენებსაც, ჩხრეკდნენ რამლს, კითხულობდნენ წარწერებს ადამიანის შუბლზე, ფლობდნენ წყლის მეხსიერების ამოკითხვის საიდუმლოს.
 
მათ ცოდნას ხალხი მენცარულს ეძახდა, მათ ღამეულ სამყოფლოში, რომელიც მთაში შემთხვევით მოხვედრილ თითო–ოროლა გზააბნეულ მოკვდავს თუ უხილავს, ცეცხლისა და ნაცრის ბოლქვები რიალებდა ( ასე მოგვითხრობენ ძველი ლეგენდები) , ისინი, როგორც ალქიმიკოსები, მკურნალნი და მერცხულეები (ვარსკვლავთმრიცხველები) ერთდროულად შიშისა და აღტაცების ობიექტები იყვნენ.  ბუნებრივია, რომ თუთაშებისადმი დამოკიდებულება ხალხში ღმერთებისადმი დამოკიდებულებას უახლოვდებოდა.
 

თუთაშებად ზრდიდნენ ჭკუა–გონებით, ინტუიციის უნარით  გამორჩეულ ჭაბუკებს, რომელნიც მიჰყავდათ თუ გაჰყავდათ ქოხებიდან რჩეულებად აღიარებულ მხცოვან მოგვებს თავიანთ სამყოფლოში, სალოცავში, რომელიც, როგორც წესი, მაღალი მთის მწვერვალზე მდებარეობდა და ახლოს იყო ღმერთების საბრძანისთან როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ძველ კოლხეთში ასეთ მთებს შორის იყო ცაშკიბულიც, რომლის სახელი ზედმიწევნით გამოხატავს ფილოსოფიური მთის არსს, მიწიერისა და ზეციურის შემაერთებელ საკრალურ ადგილს.
 
თუთაშები  ერთნაირად წვდებოდნენ ადამიანის სულსა და ციურ საიდუმლოს, მთელი ღამეები – ცაზე მთვარის მეუფების მთელი დროის განმავლობაში გასცქეროდნენ ვარსკვლავებს, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავებზე გაცილებით შორსმხედველი თვალებით, ისე გულის თვალითა და ტელესკოპებით – ჟირფა ჭირქათ – ორმაგი მინებით. ციურ სხეულთა მოძრაობაში ჭვრეტდნენ ქვეყნისა და ადამიანის ბედს, წარსულსა და მომავალს, ინახავდნენ იმას, რაც ციდან საიდუმლოდ ემცნოთ ან პირიქით – ყველას გასაგონად წინასწარმეტყველებდნენ იმას, რაც ღმერთებს გასამხელად მიაჩნდათ. თუთაშის ცხოვრება იყო ხორცის სრული გაწირვა სულისთვის, თეთრად გათენებული ღამეები, შიმშილი, სიცივე, მარტოობა,  ისინი მითებსა და ლეგენდებში შემორჩნენ როგორც განლეული, თითქმის უხორცო, ლანდს დამსგავსებული ადამიანები, პირწმინდად გადაპარსული, უთმო  (ეს ცალკე თემაა) თავებითა და თეთრი შესამოსელით…
 
საიდუმლო ცოდნა საუკუნეების მანძილზე გადაეცემოდა თუთაშების ახალ თაობებს, ყველაზე საკრალური, შესაძლოა, იწერებოდა მხოლოდ მათთვის ცნობილი საიდუმლო ნიშნებით, ნაწილი კი უფრო დაბალ იერარქიულ საფეხურზე მდგომი ქადაგებისთვის, რომელნიც დიდი თუთაშებისგან მიბარებულ წიგნს ( წერილის მნიშვნელობითაც)  ,,ერტის წიგნს“ ეძახდნენ და მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ,,ეფუთისაგან’’ (მაგრამ ამაზე ჩვენს ბლოგში  – შემდეგ). ერტის წიგნის არსებობა ხალხმაც იცოდა, თუმცა მასში, თვინიერ ქადაგისა, ვერავინ ჩაიხედავდა ისევე, როგორც არავის ძალედვა  გამხდარიყო   ღმერთების იდუმალთხრობის მსმენელი და შემასმინარი, ჩვეულებრივ ადამიანურ ენაზე უთარგმნელი ტელეპატიური ენის გამგები, რაც თვით ქადაგსაც დიდი ტანჯვისა და გვემის ფასად უჯდებოდა.
 
თუ არ ჩავთვლით ერტის, როგორც პრიმიტიულ ჩანაწერებს ვარსკვლავთა მოძრაობისა და ადამიანზე მათი ზეგავლენის შესახებ,  უფრო მაღალი  თუთაშური ცოდნა არ შემორჩენილა ფოლიანტების სახით (ეს დროის მსახვრელ ძალაზე არანაკლებ, ჩვენმა ძნელბედობამ განაპირობა), მაგრამ იგი, როგორც სუბსტანცია, განიფინა მითებსა და ზღაპრებში, მაგიურ სიტყვებსა და   შელოცვებში, საზოგადოდ, მეგრულ ლექსიკაში. 
 
თუ პლანეტებსა და  ვარსკვლავებს ასე თუ ისე  შერჩათ თუთაშების  დარქმეული სახელები (მარტო ,,მარგასე'' და ,,ცაშ ლაკვეფი'' რად ღირს), თავად  ,,ნათლიების“ – ძველი ასტროლოგებისა და ასტრონომების  სახელები არ შემოგვრჩენია, იქნებ, ეს  არც არავინ იცოდა ოდესმე, რადგან თუთაშს აღარ ჰქონდა თავისი  ადამიანური, მიწიერი  წარსული – იგი მთლიანად ცას ეკუთვნოდა. თვით გვარი მერცხულავაც კი, რომელიც გაცილებით გვიანდელ ხანაში მენცარებისა და ვარსკვლავთმრიცხველების მემკვიდრეებს დაუკავშირდა, მერჭულეს მსგავსად,  ძველი კასტის განზოგადებული სახელის ანარეკლი უფროა და ალბათ სხვადასხვა გვარის, მაგრამ ერთი საქმის  ადამიანებს უფრო მიემართებოდა, ვიდრე ერთი კაცის, ძვალგვარის, მამამთავრის, ბენკოჩის  შთამომავლობას.
 
სამეგრელოში ახლაც გეტყვიან ამბავს ვარსკვლავთა და ბედისწერის წიგნის  ,,ერტის’’ (ეტლის)   მცველი და მფლობელი  მერცხულეებისა,  გვიანდელი ტრანსკრიპციით – მირცხულავებისა, რომელთაც ეს წიგნი მემკვიდრეობით  გადაეცემოდათ. არ არის გამორიცხული, ,,მერცხულე'', ვარსკვლავთა აღრიცხვასა და მათი მოძრაობის გამოთვლაზე არანაკლებ ან მასთან ერთად, უკავშირდებოდეს რცხუალას,  რსხუალას – დაკავშირებას, კავშირთა დადგენას მიწასა და ცას შორის, რადგან ,,მერცხულე'' მეგრულში მაკავშირებელსაც ნიშნავს. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ თუთაშები მითოსურ ხატებსა და ზღაპრებში  წარმოდგენილია ცისკენ ხელაპყრობილ ადამიანების სახით –  თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ ცოდნას ტელეპათიისა და ციდან მომავალი ენერგეტიკის  შესახებ,  ეს მაღლა აპყრობილი ხელები ასრულებდა თანამედროვე ანტენის როლს,  სხეული (რცხული) –  გამტარის, სხვადასხვა სამყაროების შემაკავშირებლის როლს. აქ არ შეიძლება არ გაგახსენდეს შოთა რუსთაველი  – ,,დამშლიან ჩემნი კავშირნი’’ , რომელიც  შეიძლება წავიკითხოთ, როგორც ტრაგედია ადამიანისა, რომელსაც დაერღვა, დაეშალა   კავშირი და ჰარმონია წარსულსა და აწმყოს შორის, ცასა და მიწას შორის.
 
დიდი თუთაშები, როგორც აღვნიშნეთ, ხალხთან იშვიათ შემთხვევაში გამოდიოდნენ – მხოლოდ რაღაც დიდი საფრთხის საუწყებლად, ყველა სხვა შემთხვევაში მათ სიტყვას ხალხს უფრო დაბალ იერარქიულ საფეხურზე მდგარი ქადაგები გადასცემდნენ. ქადაგებად, გვიანდელ ხანაში გვევლინებოდნენ ,,ჟინიშ ბრალით’’ შეპყრობილი, ცისგან დამიზეზებული  ადამიანები (სალოსები, შერეკილები)  ან სხვადასხვა ხერხით (მათ შორის შხამიანი შავი სოკოს მეშვეობით) ტრანსში, სომატურ მდგომარეობაში  გადაყვანილი ადამიანები  – სომნაბულები,  აქვე ვიტყვით, რომ სწორედ ამიტომ ეკრძალვოდნენ სოკოს მოხმარებას საკვებად ძველი მეგრელები –  სოკო თუთაშებისგან თუ გენეტიკური მეხსიერების კარნახით იყო   ტაბუდადებული.
 
ქადაგებს საგანგებოდ აარჩევდნენ და ამზადებდნენ წინასწარმეტყველებისათვის. ჯერ კიდევ სტრაბონი წერდა, რომ, მაგალითად, ალბანეთში ქადაგად ვარდებოდნენ არა მხოლოდ ქურუმები და ტაძრეულნი, არამედ სამსხვერპლოდ შერჩეული ჩვეულებრივი ადამიანებიც, რომელთაც ქურუმები ლახვრებით გმერდნენ (გიმუნდეს – გიმუადან – გმირვადან) , შემდეგ აყურადებდნენ მის ბორგვას  და მომაკვდავის სიტყვებს უთარგმნიდნენ მლოცველებს. გვიანდელ ხანაში  ქადაგების  შემდეგ სისხლისგან დაცლილებს სალოცავის კარებთან დააგდებდნენ, რომ ყველას დაებიჯებინა მათზე ფეხი, რაც იყო ერთგვარი სასჯელი ადამიანისთვის დაფარულთან შეხებისათვის, რამაც შემდეგ ცოდვის გამოსყიდვის ფუნქცია შეიძინა . ეს სურათი უსათუოდ აღგიძრავთ ალბათ   ასე ახლობელ და მკაფიო ასოციაციებს დავითის ქვასთან და არამხოლოდ.
 
სხვათა შორის, ამ ტიპის ქადაგთან გვაქვს საქმე ილორის ეკლესიის მისტერიებში, რომელთაც აგერ,  მე–19 საუკუნეშიც აღწერდნენ ქართველი და უცხოელი ეთნოგრაფები. ილორობისთვის ქადაგად შერჩულ კაცს ერთი კვირით გამოკეტავდნენ ბნელ სენაკში, აშიმშილებდნენ, მხოლოდ მცირეოდენ წყალზე ამყოფებდნენ, ხოლო ილორობის დილას შეესეოდნენ და გონის დაკარგვამდე ურტყამდნენ, აათრევდნენ სამრეკლოზე და ქვის კიბეებზე დააგორებდნენ. გონმიხდილი, ტრანსში ჩავარდნილი ქადაგი იწყებდა ბორგვას, ლაპარაკს, რომლის მიხედვით წინასწარმეტყველებდნენ რა ელოდა ქვეყანას უახლოეს წელიწადში. იმ დროიდან შემორჩა გამოთქმა ,,ვავა დო ვაია, მეუქვესია!'' (ვაი, მეუქმესო). 
 
,,ქადაგიშ ძახი’’, როგორც  უტრირებული განდობა ღმერთებთან და მათი მაცნეობა, თუთაშური  დიდების დაკნინების პერიოდს განეკუთვნება –  სად ნაგვემი ადამიანის ბოდვა და სად მაღალ მთაზე, მთვარის დისკოს ფონზე გამოკვეთილი თეთრად შემოსილი და ცისკენ ხელაპყრობილი თუთაშის ხატი, რომელიც ჩვეულებრივ მოკვდავთათვის შეუცნობელს  შეიმეცნებს და იბრძნის – ის მითიური კოლხეთის, მთვარის ხალხის  სულია. 
 
წინა სტატიაერთი ქართველ დევნილებს კითხონ?! – „ფრიდომ ჰაუსმა” აფხაზეთი „ნაწილობრივ თავისუფალთა” კატეგორიაში მოიხსენია
შემდეგი სტატია10 წლის ბანგლადეშელი გოგონა პირველია მსოფლიოში, რომელიც „ხის მამაკაცის“ სინდრომითაა დაავადებული
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური