რუს ოფიცრებს 25 წლის შემდეგ მოსთხოვეს დააბრუნონ ფული, რომელიც აფხაზეთში ბრძოლისთვის მიიღეს

0
419
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის  ოფიცრებს 25 წლის შემდეგ მოსთხოვა დააბრუნონ ფული, კერძოდ ე.წ. სამივლინებო თანხები, რომელიც აფხაზეთში სამსახურისთვის მიიღეს.  ქართულ – აფხაზური კონფლიქტის მონაწილე იმ  რუს ოფიცერთა საქმეს, რომელნის უარს ამბობენ თანხის დაბრუნებაზე,  ამ დღეებში განიხილავს რუსეთის ფედერაციის სასამართლო. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს საქმე უნიკალურია.- ინფორმაციას ამის შესახებ წერს სააგენტო sukhum.moscow ru.
 
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 345-ე საპარაშუტო – სადესანტო პოლკის ყოფილი მოსამსახურეები შოკში არიან : ,,ჩვენ ეს ფული დიდი ხანია დავხარჯეთ, ამასთან პრინციპულად არ ვეთანხმებით  ფორმულირებას, რომ  აფხაზეთში მივლინებით ვიმყოფებოდით’’ – აცხადებენ ისინი. – მთელი ეს ისტორია დაიწყო 1993 წელს, როცა 345 – ე პოლკი ნოვოროსიისკიდან გუდაუთაში  აფხაზი მოსახლეობისა და მოლაშქრეების დასაცავად გადაისროლეს.  
,,ჩვენ, სამი ათას კაცს,  მოგვეცა დავალება დაგვეცვა იქ არსებული რუსეთის ობიექტები, კერძოდ ეშერის 24 – ე სეისმური ლაბორატორია, სამხედრო სანატორიუმები სოხუმში, გუდაუთაში,  ბიჭვინთასა და  გაგრაში. ამას დამატებული, ვახორციელებდით გასვლებს ქართულ- აფხაზურ საზღვარზე, ჩვენს ამოცანებში შედიოდა  ლტოლვილების ევაკუაცია და ჰუმანიტარული ტვირთების  დაცვა – გაცილება.  – ყვება ახლა უკვე  თადარიგში გასული ოფიცერი ანდრეი იაშინი  – საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ კი  დაგვეკისრა სამშვიდობო მისია კონფლიქტის მხარეთა დაშორიშორებისათვის. 
 
აფხაზეთში  ნაომარი ოფიცრები აცხადებენ, რომ მათ პერიოდულად და უწყვეტად  ხან ნახევარი, ხან ერთი წლით უგრძელებდნენ მივლინებას, ,,მთელი ამ ხნის მანძილზე დაბანაკებული ვიყავით ყოფილი საბჭოთა სამხედრო აეროდრომის  ტერიტორიაზე, სადაც გვაკითხავდნენ და ზოგჯერ დიდი ხნით რჩებოდნენ  კიდეც ჩვენი ოჯახის წევრები – ცოლები და შვილები. ასე გრძელდებოდა ხუთი წელი, 1998 წლამდე, როცა ჩვენი პოლკი დაშალეს. 
 
სრულიად შემთხვევით, მხოლოდ აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ, მოსკოვში გავიგე, რომ ოფიცერთა ნაწილს გარდა ხელფასისა და ,,საველე’’ დანამატისა უცხო ტერიტორიაზე ყოფნისთვის განკუთვნილ სამივლინებო თანხებსაც უხდიდნენ. მაგრამ საქმე ისაა, რომ სამივლინებო თანხები დოლარებში გაიცემოდა და ამის აფიშირებას გაურბოდნენ –   სამივლინებოს ინდივიდუალური წესით უხდიდნენ  მხოლოდ მას, ვინც  ამას მოკრავდა ყურს და დაწერდა განცხადებას ამ თანხის მოთხოვნით.   ეს ლოგიკურია, სხვაგვარად  ,,სამივლინებოს’’ ყველა მოითხოვდა და ამდენ ფულს ხელმძღვანელობა ვერ აუვიდოდა.
 
 მაშინვე შევიტანე განცხადება თავდაცვის სამინისტროში და ჩემი კუთვნილი ფული მოვითხოვე, მაგრამ იქ კატეგორიული და ყოვლად დაუსაბუთებელი  უარი მითხრეს, იძულებული გავხდი სასამართლოსთვის მიმემართა, სადაც ხანგრძლივი დაკითხვა – გამოკითხვების შემდეგ, გამოიტანეს დადგენილება, რომ სამივლინებო თანხა კანონით მეკუთვნოდა.  
ასე მივიღე 2 მილიონი მანეთის ოდენობის სამივლინებო თანხა. ამ ფულით ვიყიდე ბინა, რომელიც, წესით, უფასოდ უნდა მოეცა ხელისუფლებას როგორც უცხო ტერიტორიაზე ომის მონაწილე ოფიცრისთვის, მაგრამ ამისთვის ბრძოლა ვერ შევძელი.
 
და აი, ამდენი წლის შემდეგ, ამ ორი მილიონის დაბრუნება მომთხოვეს – მე და ჩემს მეგობრებს არც გაგვიგია, რომ 14 წლის წინათ სამივლინებო თანხების გაცემის წესი გაუუქმებიათ და დიდი ხანია დაეძებდნენ მათ, ვინც ეს თანხები მიიღო. რაკი ბინა ძერჟინსკში ვიყიდე და მოსკოვიდან წავედი, მე მხოლოდ ახლა მომაგნეს. საიდან მოვუტან ახლა მე ამ ფულს? ან რატომ უნდა მომთხოვონ ის, რასაც ითვალისწინებს კანონი, რომელიც წლების სემდეგ იქნა  მიღებული?  ჩვენ ევროპულ სასამართლომდე მივალთ – აცხადებენ  იაშინი და მისი თანამოაზრეები. 
 
წინა სტატიასალხინოს დედათა მონასტრის დიაკვანი მისი სახლიდან კანაფისა და იარაღის ამოღების ფაქტს ადასტურებს
შემდეგი სტატიახვალ ,,ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაა. მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილი მიმართავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური