მთავარისიახლეებიკონფლიქტებისაქართველოს ხელისუფლება მუშტებს უკვე მომხდარის შემდეგ, ჰაერში იქნევს. რა ხდება წებელდაში?

საქართველოს ხელისუფლება მუშტებს უკვე მომხდარის შემდეგ, ჰაერში იქნევს. რა ხდება წებელდაში?

Published on

 ,,რუსეთის  სასაზღვრო სამმართველოს აფხაზეთში,  წებელდის ტერიტორიაზე არანაირი სარემონტო სამუშაოები არ ჩაუტარებია და  არც ატარებს  –  ეს ტერიტორია არ არის მის სარგებლობაში'' – ნათქვამია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური საბჭოს სასაზღვრო სამმართველოს  განცხადებაში, რომელიც 13 იანვარს გაავრცელა უწყების პრესსამსახურმა.   –  ქართულ და უცხოეთის მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია  არის წინასწარგანზრახული ცრუინფორმაცია, რომლის თანახმად სასაზღვრო სამმართველოს უშუალო კავშირი აქვს ამ ტერიტორიაზე  მიმდინარე საინჟინრო -სამშენებლო სამუშაოებთან, რასაც არქიტექტურული ძეგლის დაზიანება მოყვა''.
 
რუს სამხედროებს ფრთა გადააფარა აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამაც და თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა წებელდაში მომხდარისათვის, რასაც ემსხვერპლა მეცხრამეტე საუკუნით დათარიღებული სამლოცველო და  მის შემოგარენში არსებული საფლავ – სამარხები, რასაც აფხაზი მოსახლეობის პროტესტი  მოყვა.
 
 ,,რუს სამხედროებს არ შეიძლება სცოდნოდათ, რომ წებელდის სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე უძველეს ნაგებობათა ნაშთები არსებობს,  სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე მათ გააკეთეს პანორამული ფიტოგადაღებები, მაგრამ მათზე არ ჩანს არანაირი არქიტექტურული ობიექტი ან მისი ნაშთები.  – განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის კულტურის მინისტრის მოადგილემ ბათალ კობახიამ სამინისტროში 13 იანვარს გამართულ კონფერენციაზე. – ეს სამხედრო პოლიგონი  აფხაზეთის რესპუბლიკის თავადაცვის სამინისტროს განკარგულებაშია და მას სასწავლო სასროლეთად იყენებენ აფხაზეთში დისლოცირებული მეშვიდე რუსეთის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები''. 
 
მისი თქმით, ფაქტია, რომ დეკემბრის ბოლოს რუსი სამხედროები პოლიგონის ტერიტორიაზე გარკვეულ საინჟინრო და მიწის სამუშაოებს ასრულებდნენ, მაგრამ, მათ არაფერი დაუზიანებიათ, პირიქით,  როგორც კი დიდი ზომის კირქვის ფილებს გადააწყდნენ, სპეცტექნიკა გააჩერეს , სარემონტო სამუშაოები შეწყვიტეს და ამ ნანგრევების შესახებ ინფორმაციისათვის ადგილობრივ მცხოვრებლებს მიმართეს, მათ თავის მხრივ 4 იანვარს კუტურის სამინისტროს მიმართეს სიტუაციის გარკვევის თხოვნით,  სამინისტროს წარმომადგენლები 12 იანვარს შევიდნენ პოლიგონის ტერიტორიაზე, შეადგინეს აქტი აქ აღმოჩენილი ნაშთებისა და მათი წარმომავლობის შესახებ.
 
როგორც ბათალ კობახია აცხადებს, რუსი სამხედროები შეწუხებულნი არიან ადგილობრივი მცხოვრებლების რეაქციით, რომელიც მომდარში მათ ცალსახა დადანაშაულებაში გამოიხატა. ამ სიტუაციის განსამუხტავად  რუს ოფიცერს, რომელიც პასუხისმგებელი იყო სარემონტო სამუშაოებისთვის, დისციპლინარული სასჯელი დაედო, ხოლო  სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობამ გამოხატა სრული მზაობა ითანამშრომლოს  აფხაზეთის კულტურის სამინისტროსთან და  ჩაერთოს ერთობლივ ექსპედიციაში, რომელიც მაისში იგეგმება პოლიგონისა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
 
,,იმისათვის, რომ სიტუაციას მეტი ნათელი მოეფინოს, აუცილებელია გრუნტისა და ზედაპირზე ამოსული ნაშთების შესწავლა. პირადად მე ჩემი თვალით ვნახე 15 ფრაგმენტი კირქვოვანი ფილებისა, რომელიც წარსულში მშენებლობისათვის გამოიყენებოდა, მაგრამ ამ ფრაგმენტების მიხედვით ძნელია იმსჯელო თუ რა სახის ნაგებობასთან გვაქვს საქმე. '' – ამბობს ბათალ კობახია. 
 
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების ,,შეშფოთებას''  წებელდაში მომხდარ ვანდალურ აქტთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქავათ, დაგვიანებულია – მან  თავის დროზე  წაუყრუა იმ ფაქტს,რომ  რუსეთსა და აფხაზეთს შორის თავდაცვის ერთიანი ხაზის შექმნის შესახებ  ხელშეკრულების პროექტში, რომელიც  2013 წელს გასაჯაროვდა და წებელდის ინცინდენტამდე მთელი ორი თვით ადრე, 2016 წლის ოქტომბერში მოეწერა ხელი,  წებელდა მოხსენიებული იყო როგორც ტერიტორია, რომელიც სამხედრო პოლიგონის მოსაწყობად უნდა გამოყოფოდა რუსეთის უსაფროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს, რაც მცირე ხნის შემდეგ განხორციელდა კიდეც. 
 
სანამ რუსები წებელდას არ გადათხრიდნენ , საქართველოს კულტურის სამინისტროს, ძეგლთა დაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს სიტყვაც არ დაუძრავთ იმაზე, რომ აქ ,  როგორც  უშუალოდ პოლიგონითვის გამოყოფილ, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე,  ოფიციალურად არის აღნუსხული  22 ობიექტი, რომელიც ისტორიულ – კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს ან იმსახურებს ( ამას აღიარებდა თვით ქართველთმოძულე მეცნიერი, აწ გარდაცვლილი იური ვორონოვიც კი, რომელიც 1994 წელს ხელმძღვანელობდა წებელდის ნაკრძალს და რომლის ინიციატივით შეიქმნა დოკუმენტი, რომელშიც ეს ობიექტებია დაფიქსირებული).
 
 რომ არა ქართული მედიის მიერ ატეხილი განგაში, ხელისუფლებას შესაძლოა  არც ახლა ამოეღო ხმა ( ან კიდევ უარესი, საერთოდ არ გაეგო ამის შესახებ), თუმცა სხვას რას უნდა ელოდო ხელისუფლებისგან, რომელმაც აქვე, თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ თუ არ აღკვეთა საყდრისის აფეთქება .
 
 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...