„ენმ“-ს გრ. ქობალიას ქუჩისთვის სახელის გადარქმევა პოლიტიკურ ქმედებად მიაჩნია

0
462
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის პირველ სხდომაზე გატანილ საკითხთა შორის რამდენიმემ ხმაური გამოიწვია. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშუტებზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასების დამტკიცების საკითხს არ დაეთანხმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“. ფრაქციის წევრების თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს- არ არის გათვალისწინებული მძღოლების ინტერესები და ასევე პრობლემას ქმნის ის, რომ საკითხზე მომუშავე კომისიას ქალაქის ვიცე-მერი გია გულორდავა უხელმძღვანელებს- განაცხადეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა დეპუტატებმა.საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა არ ეთანხმება ოპოზიციური პარტიის წევრების მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებს, თუმცა მძღოლებთან კომუნიკაციის მომხრეა.ასევე  ხმაური მოჰყვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების საკითხის განხილვას. ცნობილი გახდა, რომ თაბუკაშვილის, კიკალიშვილისა და ლაღიძის ქუჩებს საერთო სახელი დაუბრუნდება და კვლავ რევაზ (რეზო) თაბუკაშვილის სახელობის იქნება. რაც შეეხება ამჟამინდელ  გრიგოლ ქობალიას ქუჩას, მას ისევ რევაზ ლაღიძის სახელი დაერქმევა.ფრაქციის წევრების თქმით, ეს საკითხი  სხდომაზე პროცედურული დარღვევით გაიტანეს,ამის შესახებ ინფორმაცია არ ქონდა ქობალიას ოჯახს, „ერთ-ერთი ხელმომწერი, რომელსაც მე ვესაუბრე, ამბობდა რომ ხელმოწერა განცხადებაზე მისი არ იყო, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელმოწერები გაყალბებულია,  აქ ჩვენ პირდაპირ ვხედავთ პოლიტიკურ მოტივს და ამაში პირდაპირ იყო გარეული ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია, რომელიც თვითონ დადიოდა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან მამუკა ციმინტიასთან ერთად და კატეგორიულად ითხოვდა საკრებულოსგან, რომ შეცვლილიყო ქუჩის სახელწოდება. ეს არის პოლიტიკური შურისძიება ალიკა ქობალიას მიმართ, რადგან ის „ენმ“-ის აქტიური მხარდამჭერია“, – განაცხადა ანა  წითლიძემ. “გრიგოლ ქობალიას ქალაქის წინაშე ბევრი დამსახურება აქვს, ამიტომ მორალური თვალსაზრისით მისი სახელი უნდა დარჩეს ამ ქუჩას. გასაგებია, რომ ამ ქუჩას ართმევთ ქობალიას სახელს, მაგრამ რატომ არ შეიძლება ალტერნატივის პოვნა, რომ გამოინახოს სხვა ქუჩა, რომელსაც გრიგოლ ქობალიას სახელი მიენიჭება“- განაცხადა ბათლომე შელიამ.  „ეს არის მხოლოდდამხოლოდ პოლიტიკური მოტივი.ჩვენ ყველას გვახსოვს და ვიცით ამ ადამიანის (ყოფილი პარლამენტარის, აწ. გარდაცვლილი გრიგოლ ქობალიას) მიერ გაკეთებული უამრავი სასიკეთო საქმე მისი ქალაქისთვის და უბრალოდ სირცხვილია ახლა ამის გაკეთება, ყველამ ვიცით ძალიან კარგად ეს რატომ ხდება“- განაცხადა ენმ-ის წევრმა ლევან კონჯარიამ.საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუა  ნაციონალური მოძრაობის წევრთა კრიტიკას არ იზიარებს და ამბობს, რომ  ამ საკითხზე მუშაობა მოსახლეთა წერილების საფუძველზე დაიწყო და ეჭვი არც ხელმოწერების ნამდვილობაში ეპარება.საკითხი კენჭისყრაზე ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გაიტანეს და მათი მხარდაჭერის გარეშე დაამტკიცეს. ქალაქის მერიაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა. გრიგოლ ქობალია იყო 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, მას უფლებამოსილება გარდაცვალების გამო შეუწყდა. ლაღიძის ქუჩას გრიგოლ ქობალიას სახელი ქუჩის მცხოვრებთა განცხადების საფუძველზე 2010 წელს ეწოდა.
წინა სტატიაფერადი ამბები გადაცემა 1
შემდეგი სტატიამართლმადიდებელი სამყარო დღეს შობას აღნიშნავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური